გადაწყვეტილება №23236/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23236/2/2024
02 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23236/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №086-11 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11625 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 604,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 832
მოგების გადასახადი - 18 571
საშემოსავლო გადასახადი - 5 261
ჯარიმა - 11 916
საურავი - 856,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება. ძირითად შემსყიდველს წარმოადგენს ქ. ---ის სააგენტო. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 24.06.2015 წელს. დღგ-ის გადამხდელად 20.05.2016 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ხელფასის/დივიდენდის დეკლარირება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა პირველად/სააღრიცხვო/საბანკო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 99 977 ლარი ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე დივიდენდის სახით გაცემულად და საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 და 22-ე ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა პირველად/სააღრიცხვო/საბანკო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე დივიდენდის სახით გაცემულად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შემოწმების მიერ დაუდასტურებლად მიჩნევასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არც შემოწმების ეტაპზე და არც დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში ახორციელებდა ---ის სააგენტოს სოციალური დაწესებულებებისთვის (უფასო სასადილო) კვების პროდუქტების მიწოდებას. ტენდერის ობიექტები განთავსებული იყო ---ის სხვადასხვა რეგიონებში, რის გამოც პროდუქციის შესაბამის ვადებში მისაწოდებლად ყოველთვიურად საჭირო ხდებოდა ავტომობილებით ასეულობით კილომეტრის დაფარვა. სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეძენა ხშირად ხდებოდა მომწოდებელების ტერიტორიაზე მისვლით, შესაბამისად მომჩივნის მხრიდან პროდუქტის შეძენის არეალიც სცდებოდა ---ის ტერიტორიას. ტრანსპორტირება (როგორც პროდუქციის შეძენა ასევე მიწოდება) მთელ შესამოწმებელ პერიოდში ხორციელდებოდა დამფუძნებლის სარგებლობაში არსებული ავტომობილებით. მომარაგება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, უმეტეს შემთხვევაში ხორციელდებოდა ყოველ ობიექტზე კვირაში სულ მცირე 4-ჯერ მისვლით. გადამზიდავ მანქანებზე გახარჯული საწვავის შეძენის დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოახერხა, რადგან არ აქვს შეძენის დამადასტურებელი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები. ტენდერით განსაზღვრული ობიექტების მდებარეობის გათვალისწინებით თვეში საშუალოდ 2 500 კილომეტრის გავლა იყო აუცილებელი, გამომდინარე აქედან გახარჯული საწვავის ღირებულება საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ტენდერის ყველა პირობა შესრულებულია, ყველა გადაზიდვა განხორციელებულია საწარმოს ხარჯით, ყველა რეალიზაციაზე გაწერილია სასაქონლო ზედნადები ავტომობილის სახელმწიფო ნომრის და საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითებით, რეალურია გახარჯული საწვავის ოდენობის და ღირებულების გამოთვლა, ამიტომ მიზანშეწონილია, მითითებული ხარჯით შემცირდეს შემოწმებით გამოანგარიშებული მოგების თანხა, რომელიც სრულად ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად. გახარჯული საწვავის ღირებულებით უნდა შემცირდეს დივიდენდად დაკვალიფიცირებული თანხა, აღნიშნული ხარჯის გაწევა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით აუცილებელია და ტრანსპორტირება მნიშვნელოვანი პირობაა ყველა სატენდერო წინადადებაში. მიუხედავად იმისა, რომ შეძენის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება რეალური ქმედებების საფუძველზე შესაძლებელია გახარჯვის დადასტურება, ამიტომ ითხოვს ხარჯი მიჩნეულ იქნას დოკუმენტურად დადასტურებულად და მიეცეს საშუალება წარმოადგინოს ინფორმაცია რეალური ხარჯვის შესახებ, რაც გამოიწვევს საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული ძირითადი თანხის ნაწილობრივ გაუქმებას, რაც თავის მხრივ სანქციასაც შეამცირებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე დივიდენდის სახით გაცემულად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ---ს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი, არც იჯარით ჰქონდა აღებული. აღნიშნული საკითხი მომჩივანმა ასევე დააყენა შემოწმების პროცესში და მოთხოვნილი იქნა შესაბამისი ხელშეკრულების წარდგენა. მომჩივანმა ხელშეკრულება ვერ წარუდგინა. ამასთან არ ფიქსირდებოდა საწვავის შეძენაც, სასაქონლო ზედნადებები გაწერილი იყო სხვდასხვა ავტომობილებზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ ვისაც პროდუქციას უკვეთავდა მათვე მიჰქონდათ საქონელი დანიშნულების ადგილზე და საწვავის ხარჯს კომპანია არ ეწეოდა.
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მათ შორის საწვავის ხარჯის დადასტურების/რეალობის შესახებ, საჩივარი დაუსაბუთებელია და შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 99 977 ლარი ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე დივიდენდის სახით გაცემულად და საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საჩივარი დაუსაბუთებელია და შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 981; 130.