გადაწყვეტილება №20991/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20991/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20991/2/2023).
დავის საგანი:
1. მიწოდების ოპერაციაზე გამოწერილი დოკუმენტების სიყალბის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ჯარიმის დაკისრება;
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22802 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 761 123 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 130 232
დღგ - (-8 292)
საშემოსავლო გადასახადი - 138 444
ქონების გადასახადი - 80
ჯარიმა - 602 827
საურავი - 28 064
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მინერალური სასუქებითა და აგროქიმიური პროდუქტებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 15.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22802 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მიწოდების ოპერაციაზე გამოწერილი დოკუმენტების სიყალბის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ჯარიმის დაკისრება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ კომპანიას კოოპერატივი „-----თვის“ (ს/ნ ----) ღვინის საწარმოებლად უნდა მიეწოდებინა 9 ცალი ცისტერნა 8.04.2020 წელს ა(ა)იპ ------ს და კოოპერატივი „------ს“ შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც კოოპერატივი „-----მა“ მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარი, რაც ჩარიცხულია მომჩივნისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ კოოპერატივი „------თვის“ გამოწერილია 21.06.2021 წლით დათარიღებული ეა---- №----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 560 000 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ასევე, გამოწერილია 23.06.2021 წლით დათარიღებული ეა--- №----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 565 000 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ასევე არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. აღნიშნული ყალბი ანგარიშ-ფაქტურები არის წაშლილი/გაუქმებული, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიმღებმა - კოოპერატივი „------მა“, გაუქმებამდე გამოიყენა ა(ა)იპ -----თვის წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. ამასთან, 15.04.2022 წელს მომჩივნის მიერ ისევ გამოწერილია ამავე შინაარსის 30.03.2022 წლით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა--- №----- (ღირებულებით 560 000 ლარი, დღგ-ის თანხა 85 423 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. მომჩივნის მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლა და რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. მომჩივანს კოოპერატივი „-----გან“ მიღებული აქვს 2021 წლის მარტში 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში - 250 000 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შესაბამისად, შემოწმების მიერ შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა, კერძოდ შემცირდა ბრუნვა, რომელზეც საკომპენსაციო თანხის გადახდა განხორციელდა საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, ასევე შემცირდა ყალბ ანგარიშ-ფაქტურებზე დარიცხული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. ამავდროულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოიწვია იმპორტირებული 6 ცისტერნის მიწოდებამ, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატის 19%-ის გავრცელებით თვითღირებულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა ყალბ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით (მათ შორის გაუქმებულ ანგარიშფაქტურებზე), ასევე დაკორექტიდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით შპს „------ს“ მიერ კოოპერატივ „-----თვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ზემოაღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის წაშლილი/გაუქმებული, თუმცა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, კოოპერატივმა „-----მა“ გაუქმებამდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიყენა ა(ა)იპ „------თვის“ წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. აგრეთვე, 2021 წლის მარტში შპს „-------ს“ კოოპერატივ „------გან“ მიღებული აქვს 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში - 250 000 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან, აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, შემოწმებით ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე შემცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შპს „-----ს“ მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ცისტერნები გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა გადასახადი.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში დამატებითი ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის ივნისში გამოიწერა 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა---- №----- (21.06.2021 წელი – 560 000 ლარი) და ეა---- №----- (23.06.2021 წელი – 565 000 ლარი), რომლებიც გაუქმებულია: პირველი ანგარიშ-ფაქტურა გაუქმდა 22.06.2021 წელს, ხოლო მეორე ანგარიშ-ფაქტურა 14.07.2021 წელს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ეა---- №---- გამოყენებული იყო ფიქტიურ ოპერაციაში დასკვნის მისაღებად, ხოლო პირველი ანგარიშ-ფაქტურა რეალურად გამოიწერა და გაუქმდა მალევე ისე, რომ მისი ასახვა არსად არ მომხდარა. შესაბამისად, ორივე ანგარიშ-ფაქტურის განხილვა ფიქტიურ ოპერაციაში არასწორია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცისტერნების და მასთან დაკავშირებულ მასალების კოოპერატივი „-------თვის“ მიწოდებაზე კომპანიის მიერ გამოწერილია მესამე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც - ეა--- №---- (560 000 ლარზე) 2022 წლის მარტის საოპერაციო პერიოდით, რომელიც ასევე განხილული იქნა შემოწმების დროს ფიქტიურ ოპერაციად, რაც არასწორია, რადგან ამ პერიოდში იმპორტის რეჟიმით რეალურად შემოტანილია საქონელი, რომელიც მიყიდა სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე კოოპერატივ „-----ს“.
საჩივარში აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, უნდა შემცირდეს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხებზე დარიცხული გადასახადები და სანქციები. დარიცხული ჯარიმების ნაწილში საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული რეგულაციებით, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და კომპანიას მოუხსნას ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ კოოპერატივი „-----თვის“ გამოწერილი 21.06.2021 წლით დათარიღებული ეა--- №----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 560 000 ლარი), 23.06.2021 წლით დათარიღებული ეა--- №----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 565 000 ლარი) და 23.06.2021 წლით დათარიღებული ეა--- №----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 565 000 ლარი) არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველია 15.04.2022 წელს მომჩივნის მიერ გამოწერილი 30.03.2022 წლით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა--- №----- (ღირებულებით 560 000 ლარი, დღგ-ის თანხა 85 423 ლარი).
მომჩივნის მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლა და რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. მომჩივანს კოოპერატივი „------გან“ მიღებული აქვს 2021 წლის მარტში 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში - 250 000 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან მომჩივნის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი, ხოლო მომჩივნის მიერ იმპორტირებული ცისტერნები გადაცემულია სხვა პირებისთვის, საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელებულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება, როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული, ასევე 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაყოფა კატეგორიების მიხედვით, მათი დაკავშირება და ფასნამატის დადგენა თითოეული ჯგუფის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2020 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 105 834 ლარის ღირებულების ნაშთი, რომლის გაშიფვრა კომპანიის მიერ არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, ხსენებული ნაშთი გადანაწილდა კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე 2020 წელს განხორციელებული შეძენების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით სმფ-ის საბოლოო ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საქონლის მოძრაობის გაანგარიშება და შესაბამის კატეგორიაზე გავრცელდა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი. ისეთ საქონელზე, რომელიც არ იყო რეალიზებული ან/და დაკავშირება ვერ მოხდა გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 18%-ის ოდენობით. აღნიშნულმა გავლენა იქონია, როგორც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე - გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები, ასევე საშემოსავლო გადასახადზე, ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში არ განხორციელდა დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის 18%-ით დამატებით დასაბეგრი ბრუნვა მცირედით აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ განხორციელდა. ამასთან, ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმპორტით შემოტანილი ცისტერნების მიწოდება შემოწმების დროს განხილულია, როგორც სხვა პირზე მიწოდება და არა კოოპერატივ „-----ზე“ მიწოდება (რაც რეალურად დასტურდება როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტით, ისე ფაქტობრივად). ხოლო სხვა პირზე მიწოდების შედეგად მისაღები თანხები ჩათვლილია ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებულ ფულად სახსრებში და მასზე დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი, როგორც ხელფასად განაცემი. შემოწმებით გამოვიდა, რომ აღნიშნული ცისტერნების მიწოდებაზე გადამხდელმა 2-ჯერ მიიღო ფული სხვადასხვა პირებისგან, რაც არასწორია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2020 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 105 834 ლარის ღირებულების ნაშთი, რომლის გაშიფვრა კომპანიის მიერ არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, ნაშთი გადანაწილდა კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე 2020 წელს განხორციელებული შეძენების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით სმფ-ის საბოლოო ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საქონლის მოძრაობის გაანგარიშება და შესაბამის კატეგორიაზე გავრცელდა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი. ისეთ საქონელზე, რომელიც არ იყო რეალიზებული ან/და დაკავშირება ვერ მოხდა გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 18%-ის ოდენობით. აღნიშნულმა გავლენა იქონია, როგორც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე - გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები, ასევე საშემოსავლო გადასახადზე, ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ცისტერნების მიწოდება განხილულია, როგორც სხვა პირზე მიწოდება, ხოლო მიწოდების შედეგად მისაღები თანხები ჩათვლილია ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებულ ფულად სახსრებში. შემოწმებით გამოვიდა, რომ აღნიშნული ცისტერნების მიწოდებაზე გადამხდელმა 2-ჯერ მიიღო ფული სხვადასხვა პირებისგან, რაც არასწორია.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის და საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებების საფუძველზე, ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მიწოდების ოპერაციაზე გამოწერილი დოკუმენტების სიყალბის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ჯარიმის დაკისრება;
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების აქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ კომპანიას კოოპერატივისთვის ღვინის საწარმოებლად უნდა მიეწოდებინა 9 ცალი ცისტერნა სააგენტოს და კოოპერატივს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც კოოპერატივმა მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარი, რაც ჩარიცხულია მომჩივნისთვის. ვინაიდან აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შესაბამისად, შემოწმების მიერ შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა, კერძოდ შემცირდა ბრუნვა, რომელზეც საკომპენსაციო თანხის გადახდა განხორციელდა საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, ასევე შემცირდა ყალბ ანგარიშ-ფაქტურებზე დარიცხული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. ამავდროულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოიწვია იმპორტირებული 6 ცისტერნის მიწოდებამ, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატის 19%-ის გავრცელებით თვითღირებულებაზე. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა ყალბ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით (მათ შორის გაუქმებულ ანგარიშფაქტურებზე), ასევე დაკორექტიდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა დღგ.
2. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება, როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული, ასევე 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა"), 160(1), 269(7), 73(5"ა")(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა").