ბრძანება N 2408
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2408
06 თებერვალი 2026
ბრძანება
ი/მ "------"-ის (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2026 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") 2026 წლის 16 იანვრის №100047/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №006-534 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ მეწარმის საქმიანობას წარმოადგენდა საშუამავლო მომსახურება, კერძოდ, გამყიდველისგან ნივთის აღება და მყიდველისთვის გადაცემა, რა დროსაც მეწარმის მოგებას წარმოადგენდა რეალიზებული ნივთის 15%. მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ჰქონია არც მაღაზია და არც რაიმე სახის საწყობი, სადაც ნივთებს განათავსებდა, ვინაიდან ის არ ყიდულობდა ნივთებს წინასწარ. მეწარმეს ჰქონდა ვებგვერდი, სადაც ანთავსებდა ნივთებს, რომლებიც უკვე სხვადასხვა საიტებზე იყო დადებული ფიზიკური პირების მიერ და ამ ნივთების გაყიდვის შემთხვევაში თანხა ირიცხებოდა მეწარმის ანგარიშზე, რასაც ის აძლევდა გამყიდველებს. მომჩივანი განმარტავს, რომ საიტზე არსებული პროდუქცია იყო საკმაოდ ძვირადღირებული და ამან გამოიწვია დიდი ოდენობით თანხების ანგარიშზე შემოსვლა, რაც არ ყოფილა მეწარმის სარგებელი. მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებამ დაბეგვრა განახორციელა სრული ჩარიცხული თანხებიდან და ის დაიბეგრა გამყიდველის მაგივრადაც, ვინაიდან გამყიდველებს წარმოადგენდნენ ფიზიკური პირები და შესაბამისად, მეწარმე ვერ ახერხებდა დღგ-ის ჩათვლასაც. ასევე, მიუთითებს, რომ ზოგიერთ ფიზიკურ პირთან მას აქვს გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულებები, თუმცა ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულება იდებოდა ზეპირსიტყვიერად. მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად 06 თებერვალი 2026 N 2408 განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ მეწარმეს არ ჰქონია გადასახადის დამალვის განზრახვა, ვინაიდან მისი საქმიანობა იყო საშუამავლო და მის მოგებას წარმოადგენდა მხოლოდ აღებული თანხის 15%.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22065 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 დეკემბრის №27883 ბრძანება და ამავე თარიღის №006-534 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 245 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 011 ლარი, ჯარიმა 25 836 ლარი, საურავი 12 396 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ "------" (ს/ნ "------") გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 29 ივნისს. ეკონომიკური საქმიანობა დაწყებული აქვს 2024 წლის ივნისის თვიდან. მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კომპიტერული ტექნიკით ვაჭრობა საიტის გამოყენებით. სარეალიზაციო ტექნიკის წინასწარ შესყიდვა არ ხდებოდა, მეწარმე კუთვნილ საიტზე ანთავსებდა "------"-ის სარეალიზაციო კომპიუტერულ ტექნიკას და რეალიზაციის შემთხვევაში ახდენდა შეძენას. რეალიზებული საქონლის თანხის გადახდა ხდებოდა ტერმინალის გამოყენებით, რომელიც მიჰქონდა კურიერს ნივთის გადაცემის დროს. მეწარმე 100 000 ლარიან ზღვარს გადასცდა 2024 წლის 23 სექტემბრის ოპერაციის თანხით - 4 646 ლარი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ, შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. დღგის რეგიტრაციის გარეშე ბრუნვამ შეადგინა 516 732 ლარი. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ი/მ "------"-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კომპიტერული ტექნიკით ვაჭრობა საიტის გამოყენებით. მეწარმე კუთვნილ საიტზე ანთავსებდა "--------"-ის სარეალიზაციო კომპიუტერულ ტექნიკას და რეალიზაციის შემთხვევაში ახდენდა მათ შეძენას. რეალიზებული საქონლის თანხის გადახდა ხდებოდა ტერმინალის გამოყენებით, რომელიც მიჰქონდა კურიერს ნივთის გადაცემის დროს. მეწარმე 100 000 ლარიან ზღვარს გადასცდა 2024 წლის 23 სექტემბერს და პირს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევა, ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა რეალიზებული ნივთების სრულ ღირებულებებს და შემოსავალი მიღებული იყო მეწარმის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ასევე, არ ჩანდა ფულის მოძრაობა სრულად, კერძოდ არ ფიქსირდებოდა ნივთების მესაკუთრეებზე თანხების გადარიცხვები, რასთან დაკავშირებითაც მეწარმემ შემოწმებას განუმარტა, რომ ჩარიცხული თანხებიდან მესაკუთრეებთან ანგარიშსწორებას ახდენდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რასთან დაკავშირებითაც ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ, მეწარმესთან გავლილი და დასაბეგრი თანხიდან გამოკლებულია გადასახადის გადამხდელის პირადი ჩარიცხვები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმებით შეუძლებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირების რეალურ გამყიდველებად იდენტიფიცირება, ვინაიდან არ ფიქსირდება და არ დასტურდება საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მათზე გადახდის ფაქტი. ასევე, აღნიშნულის დამადასტურებლად არც შემოწმების და არც დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.
2.გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 29 ივნისს. ეკონომიკური საქმიანობა დაწყებული აქვს 2024 წლის ივნისის თვიდან. მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კომპიტერული ტექნიკით ვაჭრობა საიტის გამოყენებით.მეწარმე 100 000 ლარიან ზღვარს გადასცდა 2024 წლის 23 სექტემბრერს.ვინაიდან, გადამხდელმა არ შეასრულა სსსკ-ის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ, შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. დღგის რეგიტრაციის გარეშე ბრუნვამ შეადგინა 516 732 ლარი. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
164,165,272,282.