გადაწყვეტილება №26455/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 26455/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26455/2/2026

23 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 12.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26455/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18335 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 662 650.55 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 351 075

ჯარიმა - 175 537

საურავი - 136 038.55

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის იმპორტი და სხვა საქმიანობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6525 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება იმპორტით შემოტანილი 7 023 340 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 404 172 ლარს, უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, თანხები გაიწერება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ, რომელიც ახორციელებს შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 6 622 168 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზისა და მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის - 6 622 168 ლარის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა - 1 655 542 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24914 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 663 237.77 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.12.2023 წლის №30751 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2024 წლის დასკვნა, 6.02.2024 წლის №2170 ბრძანება და №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 29 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 2.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.07.2024 წლის №22757/2/2024 (რეგ. 18.07.2024; №03/55143) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანება 29.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 8.11.2024 წლის №23819/2/2024 (რეგ. 15.11.2024 წელი; №03/84749) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანება და დავების განხილვის საბჭოს 8.11.2024 წლის №23819/2/2024 (რეგ. 15.11.2024 წელი; №03/84749) გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 18.09.2025 წლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის დასკვნა, 12.08.2025 წლის №18213 ბრძანება და №063-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 94 216 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.12.2025 წლის №28115 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა რეალურად შესადარისი კომპანიები, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შპს „-------“ საქონლის შეძენას ახდენდა შემდგომი გადახდის პირობით და ინვოისში ასახული ღირებულება მოიცავდა საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებსაც. ასევე, აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფასები აბსოლუტური სიზუსტით ვერ დაემთხვეოდა და საქართველოს კანონმდებლობით საბაზრო ფასის შედარებისას დასაშვებ სხვაობად მიიჩნევა 10%, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2-3%-ით მეტად დაფიქსირებული შესყიდვები საგადასახადო ორგანოს მიერ ხელფასად არის განხილული.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოწმებით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად.

გადაანგარიშების შედეგად, საქონლის საინვოისო ღირებულება შეუდარდა შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოცემული თანხები ერთმანეთის შესაბამისობაში იყო მხოლოდ 2022 წლის აგვისტოს თვეში. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებულ №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოსაქვითი ხარჯი შესაძლოა განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, მ.შ. იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის გათვალისწინებითაც.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი ეხება ბიტუმის სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხიდან 25%-ის ხელფასად განხილვას, როცა შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები და მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტები თანხის გადახდის თაობაზე.

საკითხი წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონმდებლობასთან. მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებით (რომელიც ძალაში იყო შემოწმებით მოცულ სრულ პერიოდში) თვალსაჩინოდ ახსნილ საკითხთან და ზოგადად მკაფიოა, რომ დარიცხვა განხორციელებულია უსაფუძვლოდ.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დასკვნას არ ახლავს არანაირი გაანგარიშება, მტკიცებულება ან დოკუმენტაცია, რომელიც საშუალებას მისცემდა შეეფასებინა რამდენად მართლზომიერად და ობიექტურად იმოქმედა აუდიტის დეპარტამენტმა მონაცემების შედარებისას. არათუ დასაბუთება, დასაბუთების მცდელობაც კი არ ჩანს წარდგენილ დასკვნაში.

საერთოდ გაუგებარია რა საჭირო იყო დასკვნის გამოცემა, რასაც დასკვნაში ვკითხულობთ ეს ისედაც ჩანს დარიცხვის ბრძანებას თანდართულ ამონაკრებსა და წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში. საგადასახადო შემოწმების აქტის/დასკვნის დანიშნულება ისაა, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს მტკიცებულებებს, გაანგარიშებას და დასაბუთებას, თუ რის საფუძველზეა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლით განსაზღვრული ნორმების თანახმად, დაუშვებელია საგადასახადო ვალდებულება განისაზღვროს ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლის წარდგენაც გადასახადის გადამხდელისთვის შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ავტომატურად ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნები.

ამასთან, მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესრულებული აქვს ამ მუხლის მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ:

- შედარებისთვის გამოყენებული კომპანიები რეალურად შესადარისი იყვნენ შპს „------- - სთან“ (მათ შორის, შესყიდვების მოცულობით);

- გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის შეძენა ხდებოდა შემდგომი გადახდის პირობით;

- გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ინვოისში ასახული ღირებულება მოიცავს საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებს;

- რა გზით ახდენდნენ „შესადარისი“ კომპანიები მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას და როგორი ფორმით იყო დამოწმებული აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აკმაყოფილებდა ეს დოკუმენტები იმ მოთხოვნებს რაც მომჩივნის მიმართ ჰქონდა საგადასახადო ორგანოს?

ამ გარემოებების სათანადო დასაბუთებისა და ასახვის გარეშე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნა ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, საბაზრო ფასების შედარებისას აუცილებელია არსებობდეს ზღვარი, როცა სხვაობას გონივრულობის ფარგლებში ჩათვლის აუდიტორი, რადგან საქონლის შესყიდვის ფასები ცხადია აბსოლუტური სიზუსტით ვერ დაემთხვევა ერთმანეთს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 29-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საბაზრო ფასის შედარებისას დასაშვებ სხვაობად მიიჩნევა 10%. გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არათუ 10%, დარწმუნებულია, რომ მაშინ როცა 2-3%-ით მეტად ფიქსირდება შესყიდვა, გადახდილი თანხის 25% აუდიტორს ხელფასად აქვს მიჩნეული, რაც სრული აბსურდია. ამას ცხადყოფს შემდეგი გარემოება:

- მომწოდებლის მიერ საქონლის ფასის განსაზღვრისას შესყიდვას მომჩივანი ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ ბაზარზე ყავს კლიენტი, რომელიც საწარმოსგან აღნიშნულ საქონელს შეისყიდის ფასნამატით. შეუძლებელია არსებითად მაღალ ფასად იძენდეს საქონელს და შეძლოს მისი ფასნამატით რეალიზაცია ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე.

2025 წლის 1 სექტემბერს წარადგინეს წერილი №573015, რომლითაც მოითხოვეს დეტალური გაანგარიშებები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია არანაირი პასუხი.

საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილი ქონდა მომწოდებლის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდებოდა თანხის გადახდა. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი მეთოდური მითითება არ ითვალისწინებდა დოკუმენტის სხვაგვარად დამოწმებას.

საგადასახადო ორგანომ დავის არცერთ ეტაპზე არ განუმარტა თუ როგორი წესით უნდა დაემოწმებინა თანხის გადახდის დოკუმენტი, რომ ის მისაღები ყოფილიყო აუდიტის დეპარტამენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შპს „-------“ და მომწოდებელ კომპანიას შორის არ არსებობს არანაირი ურთიერთდამოკიდებულება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესყიდვის ღირებულება გადახდილად ჩაეთვალა მხოლოდ აუდირებული საბაზრო ფასების ფარგლებში. ამის შემდგომ იღებს დასკვნას, რომელსაც არ ახლავს არანაირი მტკიცებულება, გაანგარიშება, დასაბუთება, თუ რის საფუძველზეა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია არ ეთანხმება გამოცემულ დასკვნასა და შესაბამის საგადასახადო მოთხოვნას.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას ვერ დაეთანხმება, რადგან პირველ რიგში მკაფიოდ არ არის მითითებული რას გულისხმობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით გამოსაქვითი ხარჯის არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრაში. ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ სიტუაციურ სახელმძღვანელოში განხილულია შემთხვევა, როცა საწარმოს რიგ შემთხვევაში არ გააჩნია შესყიდვის დოკუმენტაცია და საგადასახადო ორგანო საშუალებას აძლევს ხარჯები გამოიქვითოს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. ანუ საწარმოს დარღვეული ჰქონდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმა (105-ე მუხლი) და ამის მიუხედავად მაინც მისცა საგადასახადო ორგანომ ხარჯის გამოქვითვის შესაძლებლობა. შპს „------ -ს“ სრულყოფილად ჰქონდა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და ამის მიუხედავად შემოსავლების სამსახური მიუთითებს (საკმაოდ ბუნდოვნად) რომ ხარჯად, ანუ გადახდილ თანხად შესყიდული საქონლის ყველა ერთეულზე ჩაითვალოს წლის განმავლობაში მინიმალურ ფასად შესყიდული საქონლის ღირებულება. ბიტუმის ფასი ცვალებადია ბაზარზე და შეუძლებელია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, წლის განმავლობაში შესყიდვის მინიმალური ფასის გამოყენება მართალია შეამცირებს აბსურდულ დარიცხვას, მაგრამ ვერანაირად ვერ მიიყვანს სამართლიან შედეგამდე.

გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური არ უთითებს აუდიტის დეპარტამენტს, რომ დასკვნას არ ახლავს მტკიცებულებები, რაც მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა.

წარდგენილი საჩივრით ითხოვდა საგადასახადო ორგანოს გაეცნო მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დასაბუთდებოდა, რომ სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით შეუდარდებოდა მომჩივნის შესყიდვის ფასი შესადარისი კომპანიების შესყიდვის ფასებს.

ამასთან, დაუშვებლად მიიჩნევდა შესადარის კომპანიებთან არაარსებითი სხვაობის არსებობის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი დარჩენილიყო მომწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან 25%, რადგან თუკი შესადარისი კომპანიის შესყიდვის ფასს იმავე პერიოდში მომჩივნის მიერ გადახდილი თანხა მხოლოდ 5-6%-ით აღემატება, რა ლოგიკით უნდა დაიბეგროს გადახდილი თანხის 25% საშემოსავლო გადასახადით? ეს ხომ ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლიანობას არის მოკლებული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანების №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის განხორციელებული გარიგების შემთხვევაშიც კი, საგადასახადო ორგანო დასაშვებ სხვაობად უნდა მიიჩნევდეს შესყიდვის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ აღნიშნული სხვაობა 10 პროცენტს არ აღემატება.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესადარისი კომპანიების აუდირებულ ფასებთან შედარებისას არაარსებითი, ანუ 10%-ის ფარგლებში არსებული სხვაობების შემთხვევაში სრულად ჩაუთვალოს გადახდილად საინვოისო ღირებულება. ამასთან, წარდგენილ დასკვნას დაურთოს მტკიცებულებები, რათა არ იქნას დარღვეული საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. აღნიშნული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მოწოდებული. ვინაიდან მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადო წესით), აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანების აღსრულების მიზნით, კომპანიის საქონლის საინვოისო ღირებულება შეუდარდა შესაბამისი სფეროში, შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებს. კერძოდ, ანალიზისას შესწავლილ იქნა 5 კომპანია. შედეგად გაირკვა, რომ მოცემული თანხებო ერთმანეთის შესაბამისობაში იყო მხოლოდ 2022 წლის აგვისტოს თვეებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 94 216 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 62 810 ლარი და ჯარიმა - 31 406 ლარი.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილ დანართს, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ანალიზისას გამოყენებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის იმპორტი და სხვა საქმიანობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ერაყიდან იმპორტით შემოტანილი 7 023 340 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ.შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზისა და მეთოდური მითითების მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხაანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).