ბრძანება N 30350
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30350
05 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------")
2023 წლის 4 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") 2023 წლის 4 ნოემბრის №84656/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №070-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მისი საქმიანობა არის საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით, ტანსაცმლით და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე, გამოყენებული იქნა ბაზრობის ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობის აუდირებული ფასნამატი (40%-დან 54%-მდე). გადამხდელის განცხადებით საქონელს ყიდდა ძირითადად ბითუმად ბაზრობისა და "-----"-ის რაიონის ტერიტორიაზე, 3%-დან 5%-მდე ფასნამატით. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის შემცირებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №19261 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბრის №24453 ბრძანება და ამავე თარიღის №070-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 197 649 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 774 ლარი, ჯარიმა 63 608 ლარი და საურავი 5 267 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: მომჩივანი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 15 აპრილიდან, ხოლო 2023 წლის 3 ივლისიდან მინიჭებული აქვს არაკვალიფიცირებული დღგ-ს გადამხდელის სტატუსი. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში "-----"-ში , "-------"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს N1-სგან (ს/ნ "-------") იჯარით აღებულ ფართში ახორციელებს ტანსაცმლით, ტექსტილითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობას. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დადგინდა, რომ საწარმოს სმფ-ს ნაშთი ნულის ტოლია. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ს ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ ფლობს ძირითად საშუალებებს, გარდა საკონტროლო-სალარო აპარატისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 18%-ია), შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფიდან ერთ ჯგუფზე (საყოფაცხოვრებო ნივთები) დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 3%, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი ორი ჯგუფის (ტანსაცმელი და ტექსტილი) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა მომჩივანის ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. ფულის გასვლად ჩაითვალა შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო მიღებულად ჩაითვალა მისაღები შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ამავე მუხლის საფუძველზე, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგდასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმო შესამოწმებელ პერიოდში "----" -ში "------"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს N1-სგან იჯარით აღებულ ფართში ახორციელებს ტანსაცმლით, ტექსტილითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობას. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ საწარმოს სმფ-ების ნაშთი ნულის ტოლია. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტულ-კრედიტორული დავალიანებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 3 ჯგუფად, 3 ჯგუფიდან საყოფაცხოვრებო ნივთების ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 3%, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. ხოლო, ტანსაცმლისა და ტექსტილის ჯგუფებზე დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით, რისი გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რაც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო ვალდებულებები. აგრეთვე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ანაზრაურებულად, ხოლო მისაღები შემოსავლები მიღებულად, რის საფუძველზეც დადგენილი ფულის ნაშთი, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის შემცირებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა მომჩივანის ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. ფულის გასვლად ჩაითვალა შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო მიღებულად ჩაითვალა მისაღები შემოსავლები.
ასევე,დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.აღნიშნული დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154,159,163,164.