ბრძანება N 26776
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26776
20 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 5 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 5 დეკემბრის №93188/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №043-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15660 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 5 ნოემბრის №23620 ბრძანება და ამავე თარიღის №043-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 359 981 ლარი, მათ შორის, გადასახადი 228 547 ლარი, ჯარიმა 114 274 ლარი და საურავი 17 160 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით ---------- ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში პირის საქმიანობას წარმოადგენს მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმლით, ფეხსამცლით და ჩანთებით ვაჭრობა. გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ძირითადად იმპორტის გზით ----------, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 808 978 ლარი. მომწოდებლის ვალდებულება დაფარულია საბანკო გადარიცხვის გზით - 1 309 143 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა მოწოდებულია, თუმცა არასრულყოფილი და არასაიმედოა. პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სმფ-ების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. დებიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 714 000 ლარს, რომელზეც გადამხდელი განმარტავს, რომ მიწოდებაზე ამორტყმულია ჩეკი, მაგრამ თანხა არ აქვთ მიღებული. საბუღალტრო პროგრამაში არ ფიქსირდება პირები, რომელთა მიმართაც საწარმოს მოთხოვნა აქვს დაფიქსირებული. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაყოფილ იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად. შედგა სულ ერთგვაროვანი სმფ-ების 5 ჯგუფი. ვინაიდან, დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა ვერ მოხერხდა, გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები. ფასნამატის კოეფიციენტმა საშუალოდ შეადგინა 60 %. თითოეული სმფ-ის ჯგუფის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილმა შემოსავალმა შეადგინა 1 304 321 ლარი, რაც 661 604 ლარით აღემატება დეკლარირებულს. გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის პროგრამის გამოყენებით, შესწავლილ იქნა კომპანიის ფულის ნაშთი, კერძოდ, შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდაც, რის შედეგადაც დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი. ამასთან, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად, ვინაიდან, ფიზიკურ პირებზე საცალოდ გაყიდულ საქონელზე, რაზეც ჩეკი იყო ამობეჭდილი, პროგრამაში ფიქსირდებოდა მოთხოვნა, რომლის იდენტიფიცირებაც მოთხოვნილ იქნა შემოწმების მიერ და რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ გაშიფრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაშთი, ჯამში 105 587 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებაა, რომ გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ძირითადად იმპორტის გზით ----------, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 808 978 ლარი. შემოწმებისთვის საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა მიწოდებულია, თუმცა არასრულყოფილი და არასაიმედოა, პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სმფ-ების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. შესაბამისად, ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაყოფილ იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად, რომელზეც გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები (საშუალოდ 60 %), ხოლო თითოეული სმფ-ის ჯგუფის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების პროცესში ასევე შესწავლილ იქნა კომპანიის ფულის ნაშთი, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდა, ამასთან, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი ნაშთი, ჯამში 105 587 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოტანილი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება ფაქტობრივად 15-18%-იანი ფასნამატით, აღნიშნული კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს არ აქვს ფართი ნაქირავები, რეალიზაცია ხდება საბითუმოდ, შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც არის დაბალი ხარისხის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის, შემოწმებით მიყენებული ფასნამატი კი არარეალურია. ასევე მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ჰქონდა გამოცდილება უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, რაშიც ხელს უშლიდა საველე პირობებში საქმიანობა, ასევე არ ჰქონდა შესაძლებლობა რეალიზაცია მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახორციელებდა გადახდის ქვითრებით. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის პოზიცია: 1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ძირითადად იმპორტის გზით, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 808 978 ლარი. შემოწმებისთვის საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა მიწოდებულია, თუმცა არასრულყოფილი და არასაიმედოა, პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სმფ-ების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. შესაბამისად, ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაყოფილ იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად, რომელზეც გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები (საშუალოდ 60 %), ხოლო თითოეული სმფ-ის ჯგუფის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების პროცესში ასევე შესწავლილ იქნა კომპანიის ფულის ნაშთი, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდა, ამასთან, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი ნაშთი, ჯამში 105 587 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოტანილი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება ფაქტობრივად 15-18%-იანი ფასნამატით, აღნიშნული კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს არ აქვს ფართი ნაქირავები, რეალიზაცია ხდება საბითუმოდ, შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც არის დაბალი ხარისხის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის, შემოწმებით მიყენებული ფასნამატი კი არარეალურია. ასევე მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ჰქონდა გამოცდილება უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, რაშიც ხელს უშლიდა საველე პირობებში საქმიანობა, ასევე არ ჰქონდა შესაძლებლობა რეალიზაცია მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახორციელებდა გადახდის ქვითრებით. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159'(1„ა,ბ“); 275.