ბრძანება N 23880
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23880
21 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 2 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 სექტემბრის №27861/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №103213/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №002-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
დღგ-ის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №9034 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 19 ივნისის №13522 ბრძანება და ამავე თარიღის №002-85 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 15 ივლისის №16203 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 8 სექტემბრის №27861/2/2026 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16203 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 სექტემბრის №27861/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მათი ერთ დასაბეგრ პირად განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის აუცილებელი პირობა, კერძოდ, ერთ დასაბეგრ პირად განხილვა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად.მომჩივანმა და შპს „N1“-მა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტენდერებში, რომელთა საქმიანობის ადგილსაც წარმოადგენდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (მომჩივანი - „-------“-ის მუნიციპალიტეტი, შპს „N1“ - „-------“ - ის მუნიციპალიტეტი). ამდენად,მომჩივანი და „-------“-ის მიერ დაფუძნებული შპს „N1“ არ უნდა იქნას განხილული ერთ დასაბეგრ პირად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
დარიცხული თანხა: 24 873 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 16 732
ჯარიმა - 4 647
საურავი - 3 494
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება.
სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე (ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები) გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე (მომჩივანი, შპს „N1“ და შპს „N2“). პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 461 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი. ანალიზის შედეგად მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2023 წლის 14 დეკემბრის თარიღით. მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიების საქმიანობები არ არის ერთმანეთის შემადგენელი, სახელმწიფო შესყიდვები გამოცხადებულია სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა ტერიტორიებზე და სხვადასხვა ღირებულებით, შესაბამისად, ითხოვს ბრუნვების გამიჯვნას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის თანახმად:
1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
2. ამ მუხლის მიზნისთვის:
ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით:
ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება;
ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა;
ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ა.ე) დივიდენდის განაწილება;
ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია;
ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება;
ა.თ) ვალდებულებათა აღება;
ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა;
ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან;
ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას;
ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე;
ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს;
ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.
4. ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.
5. პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირების ერთ დასაბეგრ პირად განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის აუცილებელი პირობა, კერძოდ, ერთ დასაბეგრ პირად განხილვა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად. მომჩივანმა და შპს „N1“-მა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტენდერებში, რომელთა საქმიანობის ადგილსაც წარმოადგენდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტზე, რომ კომპანიების საქმიანობები არ არის ერთმანეთის შემადგენელი, სახელმწიფო შესყიდვები გამოცხადებულია სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა ტერიტორიებზე და სხვადასხვა ღირებულებით,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის მიხედვით, პირების ერთ დასაბეგრ პირად განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანის საქმიანობის ადგილი განსხვავდება, შპს „N1“ და შპს „N2“-ის საქმიანობის ადგილისგან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს შპს „N1“ და შპს „N2“-ის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს,მომჩივანის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს შპს „N1“ და შპს „N2“-ის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიების საქმიანობები არ არის ერთმანეთის შემადგენელი.შესაბამისად, ითხოვს ბრუნვების გამიჯვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე.აღნიშნულ პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას. შესაბამისად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი. ანალიზის შედეგად მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2023 წლის 14 დეკემბრის თარიღით. მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა,გადამხდელს სსკ-ის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის მიხედვით, პირების ერთ დასაბეგრ პირად განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს 2 საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია მუხლი : 461