ბრძანება N 3324

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2024
№ დოკუმენტი 3324
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3324

16 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: ქ. თბილისი, ---------------)

2024 წლის 12 და 24 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის (ოქმი №7) და პირველი თებერვლის (ოქმი №9) სხდომებზე განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) №86724/1/2024 და №87115/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №002-273 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვას და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. ითხოვს დარიცხული თანხის კორექტირებას საჩივრის დანართად წარმოდგენილი შედარების აქტის გათვალისწინებით.

2.მომჩივანი არ ეთანხმება სალაროდან კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გაცემული ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

3.გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, კომპანიის კუთვნილი თვითმცლელების ყოველდღიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით გაანგარიშებულ შემოსავლებს და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს.

4.მომჩივანი, ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16011 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 1 დეკემბრის №30121 ბრძანება და 4 დეკემბრის №002-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 214 975 ლარი, მათ შორის, გადასახადი 136 175 ლარი, ჯარიმა 66 300 ლარი და საურავი 12 500 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბუღალტრო პროგრამის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა დებიტორული დავალიანება. დავალიანებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოწმებისგან დაევალა წარმოედგინა ურთიერთშედარების აქტები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-----ის“ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით. გამოთხოვილი პირებიდან მხოლოდ სამმა წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტები - ერთ შემთხვევაში შპს „---------ი“ (ს/ნ --------------) არ ადასტურებს „------ის“ მიმართ (311 000 ლარი) რაიმე სახის დავალიანების არსებობას, ხოლო შპს „---------ი“ (ს/ნ --------------) ადასტურებს, რომ გააჩნია (21 500 ლარი) დავალიანება და შპს „---------ი“ (ს/ნ --------------) ადასტურებს 22 000 ლარის დავალიანებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომლის არსებობაც არ დასტურდება (412 361 ლარი), განხილულ იქნა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის ჩანაწერები და დადგინდა შემდეგი: 2023 წლის მაისის თვეში პროგრამის მიხედვით, გადამხდელის მიერ სალაროდან დაფარულია კრედიტორული დავალიანება - 92 337 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოპერაცია გადამოწმდა მესამე პირებთან (შპს „------ი“, შპს „-----ო“) და არ ადასტურებენ შპს „-----ის“ მიერ აღნიშნული თანხების გადახდას. გამომდინარე აქედან, სალაროდან გაცემული ფულადი სახსრები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები. სასაქონლო ზედნადებებით დგინდება, რომ შპს „-------ის“ კუთვნილი თვითმცლელებით 2018-2021 წლების საანგარიშო პერიოდში სხვა კომპანიების მიერ ხორციელდებოდა სატრანსპორტო გადაზიდვები, ხოლო სატრანსპორტო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლები საწარმოს მიერ აღრიცხული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და თვითმცლელების ყოველდღიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახდი. მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო-საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადამხდელის მიერ არასწორადაა გაანგარიშებული 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობაზე პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა დებიტორული დავალიანება, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ურთიერთშედარების აქტები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანებები, რომლის არსებობაც არ დადასტურდა განხილულ იქნა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. შედეგად დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახდის გადამხდელის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (შედარების აქტი) და მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ სალაროდან დაფარულია კრედიტორული დავალიანება - 92 337 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოპერაცია გადამოწმდა მესამე პირებთან, რომლებიც არ ადასტურებენ შპს „-----ის“ მიერ აღნიშნული თანხების გადახდას. გამომდინარე აქედან, შემოწმებით სალაროდან გაცემული ფულადი სახსრები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ შპს „-------ის“ კუთვნილი თვითმცლელებით 2018-2021 წლების საანგარიშო პერიოდში სხვა კომპანიების მიერ ხორციელდებოდა სატრანსპორტო გადაზიდვები, ხოლო სატრანსპორტო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლები კომპანიის მიერ აღრიცხული არ არის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და თვითმცლელების ყოველდღიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის შემოსავლები, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ არასწორადაა გაანგარიშებული 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დარიცხული იქნა ქონების გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვას და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

2. სალაროდან კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გაცემული ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

3. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, კომპანიის კუთვნილი თვითმცლელების ყოველდღიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით გაანგარიშებულ შემოსავლებს და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს.

4. შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16011 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №30121 ბრძანება და №002-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 214 975 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სალაროდან გაცემული ფულადი სახსრები და დებიტორული დავალიანებები, რომლის არსებობაც არ დასტურდება, განხილულ იქნა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,სატრანსპორტო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლები საწარმოს მიერ აღრიცხული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და თვითმცლელების ყოველდღიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახდი. მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,გადამხდელის მიერ არასწორადაა გაანგარიშებული 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობაზე პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ,პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მე-4 სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,5„ა“,9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“ 2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1,2); 164(1); 201(1); 202(1); 205(2); 275;