გადაწყვეტილება №23841/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.11.2024
№ დოკუმენტი 23841/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23841/2/2024

11 ნოემბერი 202

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------ძე ------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ძის 2.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23841/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის №001-117 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17995 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 025,8 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 9 324

ჯარიმა - 4 662

საურავი - 2 039,8

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10884 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №14072 ბრძანება და 18.06.2024 წლის №001-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 2023 წლის იანვარი, მაისი და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამდენად, დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილზე არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და დამატებით გადასახადის და სანქციის დარიცხვას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხი არ არის სრულყოფილად შესწავლილი. აღნიშნავს, რომ მეწარმე შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებდა არასწორად (საკასო მეთოდით) და შესაბამისად დღგ-ის ბრუნვებში შემოსავლის დეკლარირებაც ხდებოდა საკასო მეთოდით. განხორციელებული შემოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული აღნიშნული საკითხი და არ შეამცირეს არასწორ საანგარიშო პერიოდებში ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია გადასახადის არასწორად განსაზღვრა, ხოლო სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა პერიოდის ცვლილების გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვარი, მაისი და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული. აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს, არ აქვს დღგ-ის დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებდა არასწორად (საკასო მეთოდით) და შესაბამისად დღგ-ს ბრუნვებში შემოსავლის დეკლარირებაც ხდებოდა საკასო მეთოდით. ამდენად, არასწორ საანგარიშო პერიოდებში ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა გამოიწვია გადასახადის არასწორად განსაზღვრა. ამასთან, სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%- იანი ჯარიმა პერიოდის ცვლილების გამო.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ მომჩივნის არგუმენტი 10% ჯარიმასთან დაკავშირებით, კერძოდ მაისის თვის პერიოდზე საფუძვლიანია, ვინაიდან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა ცალსახად ეკუთვნის მაისის თვეს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. დამატებით შესწავლას საჭიროებს არასწორ საანგარიშო პერიოდებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და შესაბამისი სანქციის გავრცელების საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის №001-117 საგადასახადო მოთხოვნით, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა დამატებით დაეკისრა - 33 903,87 ლარი, მათ შორის ჯარიმა - 4 662 ლარი და საურავი - 2 039,8 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17995 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17995 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №10884 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14072 ბრძანება და №001-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №17995 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7) ;