ბრძანება N 8039

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 8039
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8039

10 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ს“ (ს/ნ -------------)

(მის.: -----------------------------)

2024 წლის 13 და 25 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) №88448/1/2024 და №50193/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-434 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შპს „-------დან“ მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. აცხადებს, რომ შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მხოლოდ შპს „-------დან“ დებიტორული დავალიანების დაფარვის შედეგად მიღებული თანხის შემდგომ გამოყენების საკითხს. აცხადებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს კაპიტალის ფორმირებისა და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, საწარმოს აქვს კრედიტორული დავალიანება, რომლის დიდი ნაწილი წარმოადგენს დამფუძნებლის მიმართ დავალიანებას. დამფუძნებლებმა 2020 წელს მიიღეს გადაწყვეტილება წარმოშობილი მოთხოვნიდან 700 514 ლარი გადაეტანათ საწესდებო კაპიტალში, ხოლო 2020 წლის 1 და 23 ივლისს შეემცირებინა აღნიშნული კაპიტალი. მიუთითებს, რომ საწარმო პირდაპირ დამფუძნებლის წინაშე წარმოშობილ კრედიტორულ დავალიანებას დაფარავდა თუ საწესდებო კაპიტალს გაზრდიდა აღნიშნული კრედიტორული დავალიანების ხარჯზე, არ ცვლის ოპერაციის შინაარს. პირი ითხოვს მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33427 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „----------სგან“ (ს/ნ ------------) მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33673 ბრძანება და ამავე თარიღის №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 259 872 ლარი, მათ შორის გადასახადი 126 949 ლარი, ჯარიმა 63 475 ლარი და საურავი 69 448 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) მიერ 2020 წლის ივლისის თვეში სალაროდან გაცემულია 507 797 ლარი შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) დავალიანების დასაფარად. შპს ,,-------ი“ და შპს ,,------ო“ ურთიერთდამოკიდებული კომპანიებია. 2020 წლის მეორე კვარტლიდან შპს ,,-----ის“, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება. შპს ,,-----ოს“ შემოწმების მიმდინარეობისას 2023 წლის აგვისტოში გამოთხოვილია ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელს დაფარული აქვს შპს ,,-----ის“ დავალიანება. 2023 წლის დეკემბრის თვეში შპს „-----საგან“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------დან“ მიღებული თანხის შემდგომი გამოყენების შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებებით. საწარმომ წარმოადგინა 2023 წლის 23 ივლისით დათარიღებული სალაროს ორდერები და პარტნიორთა კრების ოქმი 507 797 ლარით კაპიტალის შემცირების შესახებ. შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც პირს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება, მათ შორის არც წინა პერიოდებზეც. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ანალიზი, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლა, რითიც დადგინდა, რომ საწარმოს მიმდინარე ხარჯების დასაფარად არ იკვეთებოდა კაპიტალის გაზრდის საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შპს ,,-------სგან“ მიღებული თანხით არ მომხდარა კაპიტალის შემცირება. მიღებული თანხა 507 797 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირისაგან ანაზღაურებული აქვს დებიტორული დავალიანება. პირს 2020 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება, ხოლო მიღებული თანხის შემდგომი გამოყენების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, საწარმომ შემოწმებას წარუდგინა პარტნიორთა კრების ოქმი, კაპიტალის 507 797 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით. შემოწმებამ გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების, საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების, მათ შორის დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლით დაადგინა, რომ პირს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება (მათ შორის არც წინა პერიოდებზე), ხოლო მიმდინარე ხარჯების დასაფარად კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, შპს ,,-----დან“ მიღებული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც საწარმოს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდებოდა. ასევე,შპს ,,-----“-ს (ს/ნ -------) დაფუძნების დღიდან, არაპირდაპირი მეთოდით, გაანალიზდა ფულის ნაშთი, რის საფუძველზეც განისაზღვრა ფულის დადებითი ნაშთი (დაახლ 500 000 ლარი), შესაბამისად, კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება არ დგინდება. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ მსჯელობას, რომ საწარმოს ჰქონდა დამფუძნებლის ვალი 1 553 757 ლარი და ეს ვალი შემცირდა, თანხა შევიდა სალაროში, გაიზარდა საწესდებო კაპიტალი და შემდეგ კაპიტალიდან გავიდა მისი შემცირების გზით, არასრული ინფორმაციაა მსჯელობისთვის, ვინაიდან სრულ ჭრილში არ ჩანს სხვა სამეურნეო ოპერაციები. ასევე, კაპიტალის შემოსავლად გათვალისწინების შემთხვევაში აღნიშნული თანხა შემოსავალსაც დაემატებოდა, რაც გაზრდიდა საბოლოოდ სალაროს ნაშთს.

აგრეთვე, საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილია 3160 ანგარიშის ბარათი, სადაც ჩანს, რომ 3160-ის კრედიტის მხარის ჩანაწერები, რომელიც გაზრდილია უარყოფითი საკურსო სხვაობებით და ბანკში შეტანილი თანხით. მხოლოდ ამ ანგარიშის ბარათის მეშვეობით საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასება, სრული სურათის დანახვის გარეშე შეუძლებელია. საკურსო სხვაობით 3160 ანგარიშის კრედიტის ზრდა ბუნდოვანია, ამავე დროს, ანგარიშის ნაშთი სულ იზრდება ბანკში ჩარიცხვებით და მხოლოდ შემცირების დროს არის გამოყენებული სალაროს ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლისთვის ვალი დაიფარა მას შემდეგ, რაც შპს ,,------ომ“ დაფარა ვალდებულება და გატანილია სალაროდან ზუსტად ეს თანხა, მაშინ როცა გადამხდელის ინფორმაციით გაცილებით დიდია დამფუძნებლის დავალიანების თანხა და ასევე, სალაროს ნაშთის თანხაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შპს ,,-----დან“ მიღებული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პირი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №33427 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ურთიერთდამოკიდებული პირისაგან მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33673 ბრძანება და №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 259 872 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ 2020 წლის ივლისის თვეში სალაროდან გაცემულია 507 797 ლარი მომჩივანის დავალიანების დასაფარად. . 2020 წლის მეორე კვარტლიდან მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება.

2023 წლის დეკემბრის თვეში მომჩივანისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მიღებული თანხის შემდგომი გამოყენების შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებებით. საწარმომ წარმოადგინა 2023 წლის 23 ივლისით დათარიღებული სალაროს ორდერები და პარტნიორთა კრების ოქმი 507 797 ლარით კაპიტალის შემცირების შესახებ. შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც პირს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება, მათ შორის არც წინა პერიოდებზეც. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ანალიზი, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლა, რითიც დადგინდა, რომ საწარმოს მიმდინარე ხარჯების დასაფარად არ იკვეთებოდა კაპიტალის გაზრდის საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისაგან მიღებული თანხით არ მომხდარა კაპიტალის შემცირება. მიღებული თანხა 507 797 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);