გადაწყვეტილება №22823/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22823/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22823/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 10.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22823/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №028-30 საგადასახადო მოთხოვა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6306 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 332 148,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 193 471

დღგ - 92 906

საშემოსავლო გადასახადი - 100 565

ჯარიმა - 96 047

საურავი - 42 630,92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადასახადის გადამხდელის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 6.09.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა) საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შეძენილი და დოკუმენტით რეალიზებული საქონელი დაჯგუფდა მსგავსი მახასიათებლების მიხედვით, ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი რეალიზაციის უახლესი შეძენის მონაცემის საფუძველზე, დადგინდა საგადასახადო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჯგუფი და თვითღირებულება. დადგენილი ფასნამატების საფუძველზე განისაზღვრა საგადასახადო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხები, რომელიც გადანაწილდა შესაბამის თვეებზე საერთო ბრუნვის თანხაში შესაბამისი თვის ხვედრითი წილის პროპორციულად. ჯამური რეალიზაციის (დოკუმენტური და არადოკუმენტური) მონაცემების მიხედვით საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 20,92%.

დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების (2021 წლიდან 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლები) საფუძველზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, კრედიტორული დავალიანების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა (361 575 ლარი), რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხის ნაწილი (355 204 ლარი) ჩაითვალა 2023 წლის ივლისის თვეში დირექტორზე - -------ზე (პ/ნ ---------) გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 154-ე საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (2023 წლის ივლისის თვის სალაროს გონივრულ ნაშთად მიჩნეულია 6 371 ლარი). გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №028-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6306 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ცხრილი არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესყიდვის დოკუმენტებში ასახული საქონლის დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან დაკავშირება ძირითადად შეუძლებელია. შესყიდული დაჯგუფებული იმ საქონლის ღირებულება, რომლებისთვისაც დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულების 75,48%-ს შეადგენს. შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულების 36,10%-ს შეადგენს ცემენტის სასაქონლო ჯგუფი, რომლის ფასნამატიც განისაზღვრა 8,57%-ით. არაიდენტიფიცირებად სასაქონლო ჯგუფზე (გაერთიანებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი), რომლის ღირებულება შესყიდული საქონლის ჯამურ ღირებულების 24,52%-ს შეადგენს, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატების საფუძველზე განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი 16,54%-ის ოდენობით. ჯამური რეალიზაციის (დოკუმენტური და არადოკუმენტური) მონაცემების მიხედვით საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 20.92%.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მართლაც არ აქვს ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა სრულყოფილად და მართებულად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, თუმცა იმისათვის, რომ სამართლიანად იქნას გაანგარიშებული ფასნამატი სარეალიზაციო საქონელზე და ამის მიხედვით იქნას გაანგარიშებული მისაღები შემოსავალი, წარმოადგენს გაანგარიშების მეთოდს. კერძოდ, ფასნამატი განისაზღვროს სასაქონლო ზედნადებით დაფიქსირებული ფასიდან გამომდინარე, ხოლო ისეთ სარეალიზაციო საქონელზე, რომელზედაც არ მომხდარა სასაქონლო ზედნადების გამოწერა ფასნამატი განისაზღვროს გაანგარიშების საშუალო ფასნამატის დათვლის მეთოდით. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი შემდეგნაირად იქნება გაანგარიშებული - სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა შედარებული იქნას ზემოთ აღნიშნული შემოსავლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან (რპთ). ამავე დროს ზოგადად ნებისმიერი ფასნამატი გავრცელებული იქნას მხოლოდ სხვაობის ნაშთზე.

ზემოთ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი მოგვცემს უფრო მეტად მიახლოებულ მდგომარეობას რეალურად განხორციელებულ ფაქტებთან დაკავშირებით. მომჩივნის მიერ ფასნამატის გაანგარიშებისათვის აღებული და შედარებული იქნა ბევრად უფრო მეტი სახეობის საქონელი ვიდრე აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა შედარებული, ასეთი დათვლის შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება ინდივიდუალური და საშუალო ფასნამატის ოდენობა, რაც მთლიანად ცვლის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ობიექტის ოდენობას და შესაბამისად კუთვნილ გადასახადებსაც.

ფასნამატის გაანგარიშება საჩივართან ერთად წარმოდგენილია ექსელის ფორმატით. კომპანიის მიერ შედარებულია 480 დასახელების პროდუქცია ინდივიდუალურად, რაც შემოწმების მიერ შედარებულ იდენტიფიცირებულ საქონელთან შედარებით გაცილებით მეტია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6306 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №32714 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 25.12.2023 წლის №028-30 „საგადასახადო მოთხოვნა“ (ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხების ნაწილში) და მოხდეს მათი გადაანგარიშება შესაგებელში განხილული საკითხის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს 20.12.2023 წელს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შემოწმებით გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ მონაცემები, სალაროში თანხის მოძრაობის და არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დაანგარიშების ცხრილები. ასევე აღნიშნულის შესახებ ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. პოზიციის წარმოდგენა არ განხორციელდა. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდთან და დაანგარიშების ცხრილებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული შენიშვნები საჩივარს არ ახლავს. საჩივარზე თანდართული გადასახადის გადამხდელის უფლებადამცველის მიერ მომზადებული ცხრილი არ წარმოადგენს დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველს. აღნიშნულ ცხრილში არ არის ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის რაოდენობრივ-თანხობრივი მონაცემები, შესაბამისად შეუძლებელია კონტროლის განხორციელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესყიდვის დოკუმენტებში ასახული საქონლის დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან დაკავშირება ძირითადად შეუძლებელია. შესყიდული დაჯგუფებული იმ საქონლის ღირებულება, რომლებისთვისაც დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულების 75,48%-ს შეადგენს. შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულების 36,1%-ს შეადგენს ცემენტის სასაქონლო ჯგუფი, რომლის ფასნამატიც განისაზღვრა 8,57%-ით. სასაქონლო ჯგუფებზე დადგენილი მინიმალური ფასნამატი განსაზღვრულია 6,45%-ით (თაბაშირ-მუყაოს ფილა), ხოლო მაქსიმალური ფასნამატი 98,87%-ით (სამუშაო ხელთათმანი). არაიდენტიფიცირებად სასაქონლო ჯგუფზე, რომლის ღირებულება შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულების 24,52%-ს შეადგენს, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატების საფუძველზე განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი 16,54%-ის ოდენობით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადასახადის გადამხდელის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 6.09.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების (2021 წლიდან 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლები) საფუძველზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ასევე,არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, კრედიტორული დავალიანების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა , რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხის ნაწილი ჩაითვალა 2023 წლის ივლისის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.საგადასახადო კოდექსის 154-ე საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი . გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №028-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6306 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ ); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);