გადაწყვეტილება №20772/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.01.2024
№ დოკუმენტი 20772/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20772/2/2023

25 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20772/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20371 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 7 585.08 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

30.06.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ გავლით საქართველოში შემოვიდა №"------" სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა შპს „------ -ის “ კუთვნილი, საქონლის შემოტანამდე №"------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული 42 139.35 ლარის საბაჟო ღირებულების სარეცხი საშუალებები.

სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №"------" აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ის დანიშნულებით.

4.07.2023 წელს შპს „------ -ის“ წარმომადგენლის №"------" განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ისა გამოცხადდა ქ. "------" , ----- ქ. №14-ში მდებარე შპს „----- ის “ საწყობში.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა შპს „------ -ის “ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც №"------" საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 4.07.2023 წელს მომჩივნის მიმართ შედგენილია №EL215375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 585.08 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა 4.07.2023 წლის №EL69400/206 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა დღგ 7 585.08 ლარის ოდენობით, ხოლო №"------" საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნა ცნობილი.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 20.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2023 წლის №20371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

27.06.2023 წელს კომპანიის მიერ დადეკლარირდა №C54508 წინასწარი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის ქვეშ მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 30.06.2023 წელს. სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ქართული ენის არ მცოდნე მძღოლი. გამოიწერა აღრიცხვის მოწმობდა №"------" და მოხდა მასზე ლუქის დადება.

ქართული ენის არცოდნის და დისპეჩერთან შექმნილი კომუნიკაციის პრობლემის გამო, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება არ წარადგინა კონტროლის ზონაში და დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით წავიდა ქ. "------" მდებარე კომპანიის საწყობში. აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში, ყოველთვის როდესაც კომპანიის საწყობში მიდიოდა დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, იგი იყო სათანადოდ მიღებული/გაფორმებული და გავლილი ჰქონდა ყველა საჭირო პროცედურა. საწყობის თანამშრომლის მიერ, ჩვეულ რეჟიმში ხდებოდა სატრანსპორტო საშუალების გახსნა და ტვირთის გადმოტვირთვა.

განსახილველ შემთხვევაში, სხვა წინა შემთხვევების მსგავსად, საწყობის თანამშრომელმა გახსნა სატრანსპორტო საშუალება და გადმოტვირთა ტვირთი, ისე რომ ვერ შენიშნა ლუქის აღმნიშვნელი ნიშანი.

უნდა აღინიშნოს რომ შემთხვევა მოხდა არასამუშაო დღეს, საწყობში არ იმყოფებოდნენ ის გამოცდილი თანამშრომლები, რომელებსაც აქვთ სათანადო ცოდნა, რათა შეემჩნიათ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ლუქის აღმნიშვნელი ნიშანი, რის შედეგადაც, შეცდომით კომპანიის საწყობში არსებული პირების გამოუცდელობით მოხდა პროცედურის არასათანადო წარმართვა, რაც გამოიხატა ნებართვის გარეშე ტვირთზე საბაჟო ლუქის მოხსნისა და ავტომობილიდან ტვირთის გადმოტვირთვაში.

აღნიშნული ფაქტიდან 24 საათში საბაჟო სამსახურის მხრიდან კომპანიის საკონტაქტო პირთან შედგა კომუნიკაცია და გაირკვა, რომ ტვირთზე იყო ლუქი და მოქმედებდა მისი გახსნის/განკარგვის აკრძალვა. ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყონებლივ შეწყდა ტვირთთან მიმართებით დაგეგმილი ყველა პროცედურა და დაელოდნენ საბაჟო სამსახურის უფლებამოსილ პირს, შესაბამის პროცედურის განსახორციელებლად.

კომპანიის მხრიდან არ მომხდარა საქონლის განკარგვა, უფრო მეტიც, სადავო პარტიაში შემავალი საქონლის თითოეული ერთეული დასაწყობებული იყო საწყობის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენადაც, სატრანსპორტო საშუალება იყო გახსნილი და საქონელი გადმოტვირთული, ამასთანა ვინაიდან საქონლის თითოეულ ერთეულს არ აქვს რაიმე უნიკალური მაიდენტიფიცირებელი, რომელიც მას მიაკუთვნებს კონკრეტულ პარტიას, მიჩნეულ იქნა, რომ გადმოტვირთული ტვირთი იყო განკარგული.

კომპანიას მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკის, მოქმედი კანონმდებლობის და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, არსებობს კომპანიის მიმართ შედგენილი ოქმის გაუქმების საფუძველი, კომპანიის მიერ წლების მანძილზე კეთილსინდისიერად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ხდებოდა და ხდება საქონლის საქართველოს საზღვარზე შემოტანა და მასთან დაკავშირებული პროცედურის წარმართვა.

აღწერილი ქმედებები ცხადყოფს რომ კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა ან/და არ შეესრულებინა მისთვის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიცემული მითითებებით, არამედ გაუგებრობა და სადავო ქმედების ჩადენა გამოიწვია, ერთი მხრივ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კომუნიკაციის პრობლემამ და ქართული ენის არცოდნამ და მეორე მხრივ კომპანიის საწყობის თანამშრომლების გამოუცდელობამ, რის გამოც საბოლოო ჯამში მოხდა პროცედურის შეცდომით წარმოება.

აღნიშნული გათვალისწინებით ვინაიდან საბაჟო პროცედურების არასათანადოდ წარმართვა განპირობებულია გამოუცდელობით/შეცდომით, ამასთან კომპანიის მიერ პროცედურის არასათანადო წარმართვა მოხდა პირველად, ჩადენილი ქმედების სამართლიანი შეფასების პირობებში, მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს საპატიებელი შეცდომის ჭრილში და მოხდეს სადავო ოქმის გაუქმება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

დამატებით შუამდგომლობს რომ ფაქტთან დაკავშირებით დავის განხილვის დასრულებამდე, უნდა შეჩერდეს ოქმის მოქმედება და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით კომპანიის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

2.საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ისა გამოცხადდა ქ. "------" , ------ქ. №14-ში მდებარე შპს „------ -ის “ საწყობში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა შპს „------ -ის “ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც №"------" საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა საქონლის განკარგვა, უფრო მეტიც, სადავო პარტიაში შემავალი საქონლის თითოეული ერთეული დასაწყობებული იყო საწყობის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენადაც, სატრანსპორტო საშუალება იყო გახსნილი და საქონელი გადმოტვირთული, ამასთან ვინაიდან საქონლის თითოეულ ერთეულს არ აქვს რაიმე უნიკალური მაიდენტიფიცირებელი, რომელიც მას მიაკუთვნებს კონკრეტულ პარტიას, მიჩნეულ იქნა, რომ გადმოტვირთული ტვირთი იყო განკარგული. კომპანიის მიერ წლების მანძილზე კეთილსინდისიერად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ხდებოდა და ხდება საქონლის საქართველოს საზღვარზე შემოტანა და მასთან დაკავშირებული პროცედურის წარმართვა. აღწერილი ქმედებები ცხადყოფს, რომ კომპანიას არ ჰქონდა რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა ან/და არ შეესრულებინა მისთვის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიცემული მითითებები. გაუგებრობა და სადავო ქმედების ჩადენა გამოიწვია, ერთი მხრივ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კომუნიკაციის პრობლემამ და ქართული ენის არცოდნამ და მეორე მხრივ, კომპანიის საწყობის თანამშრომლების გამოუცდელობამ, რის გამოც, საბოლოო ჯამში მოხდა პროცედურის შეცდომით წარმოება. მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს საპატიებელი შეცდომის ჭრილში და კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, შესაბამისად საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით ჯარიმის დაკისრება მართებულია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა მოხდეს სადავო ოქმის გაუქმება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა მომჩივანის კუთვნილი, საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების სარეცხი საშუალებები.მომჩივანის წარმომადგენლის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა გამოცხადდა მომჩივანის საწყობში.

ვინაიდან, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია ოქმი, რომლითაც კომპანიას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.ამასთან, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა დღგ,ხოლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნა ცნობილი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

70,163(11),172.