ბრძანება N 21291

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2023
№ დოკუმენტი 21291
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21291

30 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 3, 11 და 21 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------) №82052/1/2023, №82226/1/2023 და №82508/1/2023 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-280 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი. განმარტავს, რომ კომპანიას თამბაქოს პროდუქტები შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე და მისი ფასნამატი 0.12%-ია. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, კომპანიას კონკურენციის გაწევა ისეთ კომპანიებთან ვინც კონსიგნაციით მუშაობს, ასევე ქსელურ საბითუმოებთან და აღნიშნულის გამო საქონლის ფასნამატი ყოველთვის დაბალია. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, რომელშიც დაფიქსირებულია ყოველდღიური პროდუქციის მიღება, ასევე საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი, როგორც რაოდენობრივი, ისე თანხობრივი კუთხით. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №9168 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 28 მაისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 12 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 22 ივნისის №14408 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 259 632 ლარი, მათ შორის გადასახადი 148 425 ლარი, ჯარიმა 73 570 ლარი და საურავი 37 637 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სიგარეტით ვაჭრობა ------ში, ბაზრის ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და შპს „-------“-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ ასლის და სხვა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერები თითოეული ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული პროგრამა ვერ ასახავდა რეალიზებული საქონლის მოძრაობას. შესაბამისად, არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. შემოწმებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (0.12%) და შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატებს (1.5%) შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის (სიგარეტის) თვითღირებულებაზე 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების მიერ იდენტიფიცირებული, იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 1.5%. სხვა საქონელზე, რომელიც მთლიანი შეძენის 0.7%-ია (ჩიფსი, სუხარი, თუთუნის გილზა, შესახვევი ქაღალდი და ა.შ.) გავრცელდა 12%, 10%, 67% აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც კომპანიის სალაროში უნდა ყოფილიყო. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა გაცემული დივიდენდები და მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებისთვის აფიქსირებდა დამფუძნებლის შენატანებს, რაც ფიქსირდებოდა დავალიანებად. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ახდენდა საქონლის ჩამოწერას თითოეული ოპერაციის მიხედვით, ბუღალტრული პროგრამა ვერ ასახავდა რეალიზებული საქონლის მოძრაობას, შესაბამისად, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებასა და დასრულებაზე. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატებს შორის. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. ამდენად, შემოწმების მიერ, სიგარეტის თვითღირებულებაზე შესაბამისი წლების მიხედვით გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 1.5%-ის ოდენობით, ხოლო, სხვა საქონელზე, რომელიც მთლიანი შეძენების 0.7% -ია გავრცელდა 12%,10%, 67% აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე, შესაბამისი წლების მიხედვით, იმავე ტერიტორიაზე იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სიგარეტით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ ასლის და სხვა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოწმებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (0.12%) და შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატებს (1.5%) შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის (სიგარეტის) თვითღირებულებაზე 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების მიერ იდენტიფიცირებული, იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 1.5%. სხვა საქონელზე, რომელიც მთლიანი შეძენის 0.7%-ია (ჩიფსი, სუხარი, თუთუნის გილზა, შესახვევი ქაღალდი და ა.შ.) გავრცელდა 12%, 10%, 67% აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც კომპანიის სალაროში უნდა ყოფილიყო. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა გაცემული დივიდენდები და მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებისთვის აფიქსირებდა დამფუძნებლის შენატანებს, რაც ფიქსირდებოდა დავალიანებად. შემოწმების მიერ შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(9"ბ")(5"ა"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 43(4).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").