ბრძანება N 18792

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.08.2026
№ დოკუმენტი 18792
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18792

19 აგვისტო 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 23 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №103621/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №002-107 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ მან შემოწმების დროსაც წარადგინა ახსნაგანმარტება, სადაც მიუთითა თანხის ადგილსამყოფელი. ამასთან, ახსნა-განმარტებიდან 24-48 საათში გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული თანხა 350 000 ლარი შეიტანა კომპანიის სს „------“ ბანკის ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ სალაროდან გასული თანხა დროებით სარგებლობაში გადაეცა დირექტორს, მაშინ აღნიშნული უნდა დაკვალიფიცრდეს ფიზიკურ პრიზე გაცემულ სესხად და სესხის პროცენტი უნდა ჩაითვალოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეიზდენტი პირების დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ მას წარდგენილი აქვს შედარების აქტი, სადაც არარეზიდენტი ოფიციალურად ცნობს, რომ აქვს დავალიანება 300 976 ლარი ოდენობით. შესაბამისად, ეს თანხა არ შიეძლება იქნა განხილული, როგორც ხანდაზმული და უიმედო ვალი. განმარტავს, რომ კომპანიას აღნიშნული თანხის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ მას სომხეთის რესპუბლიკის რეზიდენტ საწარმოებთან აქვს კომერციული ბიზნეს ურთიერთობა და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული პერიოდულობით ხდება აღნიშნულ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის გაზრდა/შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №9029 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვირდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 2 ივლისის №14924 ბრძანება და ამავე თარიღის №002-107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 493 259 ლარი, მათ შორის გადასახადი 317 099 ლარი, ჯარიმა 158 549 ლარი და საურავი 17 611 ლარი

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ასახავდა ბუღალტრული პროგრამა „ორისში“, ხოლო 2025 წლის აპრილიდან „FINA“-ში. წარმოდგენილი ინფორმაციით კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 778 166 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის №8339 ბრძანების მიხედვით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 706.8 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% -ს გათვალისწინებით განისაზღვრა გონივრული ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 87 903 ლარი, ხოლო არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 690 263 ლარი. ამავე მეთოდური მითითების მიხედვით არაგონივრული ნაშთი დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე„--------“-ზე (პ/ნ„--------“) გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი მისი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს ექსპორტს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 9 031 412 ლარი. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება არარეზიდენტი პირების მიმართ 943 225 ლარის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები, ხოლო ისეთი მოთხოვნები რომელის წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა შეადგენს 445 967 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა, როგორც ანაზღაურებული მოთხოვნა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორზე „--------“-ზე (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე და ზეპირ განხილვაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სალაროდან გამოაქვს თანხები უცხოური ვალუტის შესაძენად, შეძენილი უცხოური ვალუტა შეაქვს ბანკში და საქონლის შეძენის მიზნით თანხას ურიცხავს არარეზიდენტ პირებს. განსახილველ შემთხვევაში, სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების დროს გარკვეული ოდენობის თანხა იყო ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, რომლითაც შეიძინა უცხოური ვალუტა და სალაროს ინვენტარიზაციიდან 24-48 საათში ფულად სახსრები შეტანილ იქნა კომპანიის სახელზე სს „-------“ ბანკში გახსნილ ანგარიშზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს ფულად სახსრების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს საბანკო ანგარიშის (მ.შ. უცხოურ ვალუტაში) დეტალური ამონაწერი. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ ფულადი სახსრები (უცხოურ ვალუტაში) შეტანილია საწარმოს საბანკო ანგარიშზე და იგი განთავსებულია ამავე ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგელბში, აღნიშნული თანხის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს სომხეთის რესპუბლიკის რეზიდენტ საწარმოებთან აქვს კომერციული ბიზნეს ურთიერთობა და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული პერიოდულობით ხდება აღნიშნულ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის გაზრდა/შემცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ოდენობის შესახებ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი მოძრავია (დროის გარკვეულ მონაკვეთში იზრდება/მცირდება და არარეზიდენტ პირებთან დღემდე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას), მაშინ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები განხილულ იქნას არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) საწარმოს ფულადი სახსრების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს საბანკო ანგარიშის (მ.შ. უცხოურ ვალუტაში) დეტალური ამონაწერი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ ფულადი სახსრები (უცხოურ ვალუტაში) შეტანილია საწარმოს საბანკო ანგარიშზე და იგი განთავსებულია ამავე ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგელბში, აღნიშნული თანხის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ოდენობის შესახებ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი მოძრავია (დროის გარკვეულ მონაკვეთში იზრდება/მცირდება და არარეზიდენტ პირებთან დღემდე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას), მაშინ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები განხილულ იქნას არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება არარეიზდენტი პირების დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 778 166 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის №8339 ბრძანების მიხედვით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 706.8 ლარი.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% -ს გათვალისწინებით განისაზღვრა გონივრული ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 87 903 ლარი, ხოლო არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 690 263 ლარი. ამავე მეთოდური მითითების მიხედვით არაგონივრული ნაშთი დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელი მისი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს ექსპორტს.შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 9 031 412 ლარი. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება არარეზიდენტი პირების მიმართ 943 225 ლარის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები, ხოლო ისეთი მოთხოვნები რომელის წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა შეადგენს 445 967 ლარს.სსკ-ის 73-ე მუხლის გათვალისწინებით საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა, როგორც ანაზღაურებული მოთხოვნა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს ფულად სახსრების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს საბანკო ანგარიშის დეტალური ამონაწერი. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ ფულადი სახსრები შეტანილია საწარმოს საბანკო ანგარიშზე და იგი განთავსებულია ამავე ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგელბში, აღნიშნული თანხის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ოდენობის შესახებ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი მოძრავია მაშინ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები განხილულ იქნას არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,101,154.