ბრძანება N 28968
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28968
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 5 ოქტომბრის №167891/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №086-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დარიცხულ დღგ-ს. მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატი არის მაღალი და საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპიც არის სადავო, რადგან საქონლის რეალიზაცია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, დოკუმენტური და არაიდენტიფიცირებული რეალიზაცია, რომლის ფასნამატთან დაკავშირებით ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის გადამხდელებისგან უნდა გამოთხოვილიყო. აცხადებს, რომ ფასნამატი უმრავლეს შემთხვევაში არის 20%, ცალკეულ შემთხვევებში 30%. გადამხდელი მიუთითებს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქონლის გაფუჭების და ნაგავსაყრელზე გადაყრის შემთხვევები და არ უნდა მოხდეს შეძენილი საქონლის მთლიანად რეალიზაციაში ასახვა. გადამხდელი მიიჩნევს, რომ დოკუმენტით რეალიზაციის ფასნამატის გათვალისწინება არ არის სწორი, რადგან დოკუმენტით რეალიზაცია ძირითადად ხდებოდა ისეთ კომპანიებზე, რომელთა მიერ ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და რიგ შემთხვევებში მაღალი ფასის გადახდა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული საქონლის ფასნამატის ცვლილება წარმოშობს დამატებით დაბეგვრის ობიექტს და მიიჩნევს, რომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი და აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადიც. გადამხდელი მიუთითებს, რომ ხარჯების საკითხიც მსგავსი სამქიანობის განმახორციელებელი პირების მონაცემების მიხედვით უნდა დაედგინათ. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების (ინვოისების მიხედვით) 75%-ის არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილად მიჩნევას, ვინაიდან შემოწმებით ვერ დგინდებოდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხების გადახდა. გადამხდელი მიუთითებს, რომ გადახდა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე რომ ვერ ხერხდებოდა დოკუმენტის შედგენა. აცხადებს, რომ თანხების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში შედგებოდა შესაბამისი დოკუმენტი და უცხოელი მომწოდებლების მიერ არ მიმდინარეობს რამე დავა საწარმოს მიმართ საქონლის ღირებულების მოთხოვნით. მიიჩნევს, რომ არ უნდა გამოყენებულიყო შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანებით დადგენილი წესი და საინვოისო ღირებულებები უნდა ჩათვლილიყო სრულად გადახდილად.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6621 და 23 მაისის №11415 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 სექტემბრის №21780 ბრძანება და ამავე თარიღის №086-47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 194 705 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 635 637 ლარი, ჯარიმა 1 317 819 ლარი, საურავი 241 249 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა საკვებით. გადამხდელს უფიქსირდება შეძენები ძირითადად იმპორტის პროცედურით, ხოლო ერთეულ შემთხვევებში ადგილობრივ ბაზარზე, რის რეალიზაციასაც ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხება დამატებული ღირებულების გადასახადი და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) საფუძველზე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებიდან და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან.
შემოწმების პროცესში ასევე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან იმპორტირებულ საქონელზე არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან შემოწმებით ვერ დგინდებოდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საქონლის საინვოისო ღირებულების 75%. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს განესაზღვრა გადახდის წყაროსთან დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მისივე დოკუმენტური ფასნამატი, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციის 31%-ს წარმოადგენდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია კაკლის გაფუჭებასთან დაკავშირებით, ასევე, მას არ აქვს მიმართული შემოსავლების სამსახურისთვის განცხადებით აღნიშნულთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) საფუძველზე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებამ ხარჯების ნაწილში გაითვალისწინა მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასები, მომსახურებების ღირებულებები და ბანკით გადახდილი საკომისიოები. ამასთან, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია/ინფორმაცია ხარჯების შესახებ.
ასევე, გადასახადის გადამხდელმა ნაწილ არარეზიდენტ მომწოდებლებთან დაკავშირებით წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც შემოწმების მიერ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა სრულად. ხოლო იმ არარეზიდენტ მომწოდებლებზე, რომლებთანაც ურთიერთშედარების აქტები არ წარდგენილა და არც საბანკო გადარიცხვა იყო განხორციელებული, შემოწმების მიერ ანაზღაურებულად ჩაითვალა ინვოისით გათვალისწინებული ღირებულების 75%.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დარიცხულ დღგ-ს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა საკვებით. გადამხდელს უფიქსირდება შეძენები ძირითადად იმპორტის პროცედურით, ხოლო ერთეულ შემთხვევებში ადგილობრივ ბაზარზე, რის რეალიზაციასაც ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხება დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებიდან და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში ასევე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ საქონელზე არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან შემოწმებით ვერ დგინდებოდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საქონლის საინვოისო ღირებულების 75%. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს განესაზღვრა გადახდის წყაროსთან დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 160(1), 163(1), 164, 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ"), 269(7).