გადაწყვეტილება №24274/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24274/2/2024
20 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 11.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24274/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27750 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №002-155 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 281 020 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 176 119
დღგ - 5 388
საშემოსავლო გადასახადი - 170 731
ჯარიმა - 80 632
საურავი - 24 269
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №29993 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---სა“ და ---ს (პ/ნ ---) შორის გაფორმებულია სესხის ხელშეკრულებები. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 20%-ს. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, კერძოდ, გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ --- შპს „---ის“ დაფუძნების დღიდან წარმოადგენდა მის ბენეფიციარ მესაკუთრეს. შესამოწმებელ პერიოდში ---ზე აღნიშნულ სესხებზე გადახდილია პროცენტის თანხა და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმებამ შეისწავლა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, საბანკო ანგარიშები და ვინაიდან ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებას, შემოწმებამ გამოიყენა სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. შედეგად, სხვაობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის დაიბეგრა ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე.
მომჩივანს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №12689 ბრძანება და №002-103 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 261 652 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ----თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს --- ზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, 27.11.2023 წელს, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.12.2023 წლის №21425/2/2023 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საჩივარი.
მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27750 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის დასკვნა, 24.07.2024 წლის №17361 ბრძანება და №002-155 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-18, მე-19, 101-ე, მე-8, 97-ე, 982 , 131-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. გადასახადის გადამხდელი წარდგენილი საჩივრით არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით, სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობის ხელფასად დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა 2023 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ და ---თან 2023 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტები, ასევე ---თან გაფორმებული თითოეული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გადაანგარიშებული დარიცხული პროცენტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაანგარიშება, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისაგან მიღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად კორექტირება, საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტორებს თავადვე უნდა გაეკეთებინათ, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ აჭარბებდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ პროცენტად კვალიფიცირებული თანხები, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, შემმოწმებლებს უნდა ემსჯელათ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბეგვრის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელისთვის დავალებულ იქნა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ---თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შემოწმებისთვის წარდგენა, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებების ცვლილების თაობაზე, ასევე კორექტირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ---თან 2023 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტები, რომლის ანალიზით დადგინდა, რომ პირველად ხელშეკრულებებთან შედარებით აღნიშნული კორექტირებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაზრდილია --- ს მოთხოვნა შპს „-- ის“ წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა შეემცირებინა დარიცხული თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2024 წლის 3 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც საჭიროებს შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბერის №27750 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს 2023 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ (საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლების გათვალისწინებით შეიცვალა სესხების საპროცენტო განაკვეთები) და ---თან 2023 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტები. ასევე, ---თან გაფორმებული თითოეული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გადაანგარიშებული დარიცხული პროცენტების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული გადაანგარიშება (ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად კორექტირება) საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტორებს თვითონვე უნდა გაეკეთებინათ, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ აჭარბებდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ პროცენტად კვალიფიცირებული თანხები, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, შემმოწმებლებს უნდა ემსჯელათ ზედმეტად გადახდილი (გადასახადის გადამხდელის მიერ პროცენტად კვალიფიცირებული) თანხების დაბეგვრის თაობაზე. მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
1. არც 2023 წლის 5 ივლისის საჩივარში და არც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებაში საუბარი არ ყოფილა დავის განხილვამდე პერიოდში გაფორმებულ შედარების აქტების წარდგენაზე. შემოსავლების სამსახურმა დაავალათ ---თან გაფორმებული შედარების აქტების აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენა იმის დასადგენად (დასადასტურებლად), თუ რომელ სესხებზე დარიცხული პროცენტები იყო გადახდილი სესხის გამცემისათვის, ასევე იმის დასადასტურებლად, რომ ---მ შპს „---გან“ მხოლოდ პროცენტი მიიღო და არა სხვა სახის შემოსავალი. რაც შეეხება წარდგენილ სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს (რომლებითაც საბაზრო განაკვეთებით შეიცვალა სესხების საპროცენტო განაკვეთები), განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, ეს შეთანხმებები წარდგენილი იქნებოდა თუ არა, აღნიშნული გადაანგარიშება (ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად კორექტირება) საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტორებს თვითონვე უნდა გაეკეთებინათ, რათა შეემოწმებინათ ხომ არ აჭარბებდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ პროცენტად კვალიფიცირებული თანხები საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს.
სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, შემმოწმებლებს უნდა ემსჯელათ ზედმეტად გადახდილი (გადასახადის გადამხდელის მიერ პროცენტად კვალიფიცირებული) თანხების დაბეგვრის თაობაზე. მიაჩნიათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი მსჯელობა ზედაპირული და დაუსაბუთებელია.
2. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი პირთა ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებული არგუმენტაცია სრულიად გაუგებარია, რადგან საჩივარში სადავოდ არ გაუხდიათ ---სა და შპს „----ის“ ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. საჩივარში საუბარი იყო 2013 წლის 31 ოქტომბერს შპს „---სა“ და შპს „-----ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ცალსახად ასაბუთებდნენ, რომ ეს ორი კომპანია შპს „---ის“ მიერ შპს „---თვის“ სესხის გაცემის მომენტში არ წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს და „მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პირთა ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით საბაზრო ფასის გამოყენების სამართლებრივი არგუმენტაცია არ არსებობს“.
გარდა ამისა, შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის 2013 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარი ჰქონდათ ასევე შემდეგ საკითხზე:
2020 წლის 31 აგვისტოს, ვალის გადაკისრების ხელშეკრულების მიხედვით, --- გახდა შპს „---ის“ კრედიტორი (შპს „----ს“ ჩაენაცვლა), თუმცა შპს „---თვის“ გადასახდელი პროცენტები, რომელიც --- მ გადმოიბარა, --- თვის არ წარმოადგენს პროცენტს (როგორც შემოსავლის სახეს), ვინაიდან აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ---ს პროცენტის მიღება (გამომუშავება) შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი გახდა შპს „---ის“ კრედიტორი (2020 წლის 31 აგვისტო), ხოლო მანამდე პერიოდებში აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მიხედვით დარიცხული პროცენტები წარმოადგენს შპს „----ის“ შემოსავალს (პროცენტს), რომელიც ამ უკანასკნელს შეტანილი აქვს ერთობლივ შემოსავალსა (2017 წლამდე პერიოდებში) და შემოსავალში (2017 წლიდან დაწყებულ პერიოდებში).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ შპს „---ს“, შპს „----ის“ მიერ გამომუშავებული პროცენტები ---სთვის გადახდილ პროცენტად არასწორად აქვს განხილული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი, ვინაიდან აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს ---ს მიერ გაწეული ფინასური მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს (პროცენტს). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის დასკვნაში, მსჯელობა საერთოდ არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის დასკვნა არის სრულიად დაუსაბუთებელი და დეპარტამენტს არ შეუსრულებია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბერის №27750 ბრძანებით გაცემული დავალება. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
1. ურთიერთდამოკიდებული ---გან მიღებულ სესხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ პროცენტად კვალიფიცირებულ თანხებსა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს შორის სხვაობის დადგენის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაანგარიშებაში გაითვალისწინონ ---გან მიღებული თითოეული სესხის თავდაპირველი სახელშეკრულებო განაკვეთის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად კორექტირების შედეგები და წარდგენილი ---თან გაფორებული შედარების აქტები. რის შემდეგაც მოხდეს გაცემული პროცენტის ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
2. შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის 2013 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პირთა ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით, ხელშეკრულებით დადგენილი განაკვეთით გადახდილ პროცენტსა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის შედეგად დამატებით დარიცხული თანხების შემცირება;
3. ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შპს „----ის“ მიერ გამომუშავებული პროცენტის ---სთვის გადახდილ პროცენტად არასწორად განხილვის შედეგად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ, საჩივარში წამოყენებული სამი მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ პირველი, ხოლო დანარჩენ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანებაში აღნიშულთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22665 ბრძანება დაუსაბუთებელია. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებასთან, რომელშიც შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა: „ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №27750 ბრძანება და საქმე დაუბრუნოთ შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად ან სადავო საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭომ არსებითად იმსჯელოს და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ----თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ---ზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი დოკუმენტები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანების ფარგლებში წარადგინა 2023 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებების ცვლილების თაობაზე, მათ შორის ისეთ ხელშეკრულებებზეც, რომლის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას დარიცხვა საერთოდ არ განხორციელებულა და წარადგინა ასევე კორექტირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ---თან 2023 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტები.
წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გაკეთებული ანალიზის მიხედვით, პირველად ხელშეკრულებებთან შედარებით აღნიშნული კორექტირებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაზრდილია ---ს მოთხოვნა შპს „---ის“ წინაშე. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა შპს „---ის“ საჩივარი და აღნიშნულის ფარგლებში მიღებული ბრძანების აღსრულება დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნულ სხდომაზე კი ვერ იქნებოდა მსჯელობა 2023 წლის 1 ნოემბრით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებების ცვლილებებზე და 2023 წლის 30 ნოემბერს გაფორმებულ შედარების აქტებზე.
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას მისცემდა საშუალებას შეემცირებინა დარიცხული თანხები. რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებულების საკითხს, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, კერძოდ, გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ --- შპს „---ის“ დაფუძნების დღიდან წარმოადგენდა მის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებას, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი.
შედეგად, სხვაობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადაანგარიშების პროცესში შესწავლილია დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები, საიდანაც დგინდება, რომ ბუღალტერიაში ასახული 20% საპროცენტო სარგებელის ნაცვლად, რის საფუძველზეც შემოწმების მსვლელობისას განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, გაცემულია 9% საპროცენტო სარგებელი, რომლის განაკვეთიც შემოწმებისას სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, პროცენტის ნაწილში შემოწმების მიერ დარიცხული თანხები ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27750 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადაანგარიშების პროცესში შესწავლილია დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები, საიდანაც დგინდება, რომ ბუღალტერიაში ასახული 20% საპროცენტო სარგებელის ნაცვლად, რის საფუძველზეც შემოწმების მსვლელობისას განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, გაცემულია 9% საპროცენტო სარგებელი, რომლის განაკვეთიც შემოწმებისას სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, პროცენტის ნაწილში შემოწმების მიერ დარიცხული თანხები ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.