გადაწყვეტილება №22230/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.03.2024
№ დოკუმენტი 22230/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22230/2/2024

29 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22230/2/2024).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24825 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32246 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის მიერ 8.03.2020 წელს განხორციელდა „----------” მარკის ავტომობილის მისაბმელის (დროებითი სატრანზიტო ნომერი ----------, ს/ნ ----------) ზოგადი დეკლარირება.

აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განისაზღვარა 7.05.2020 წელი.

ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №ELC24825 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი 24.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2023 წლის №32246 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს. თვლის, რომ მისი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი და აღნიშნული ოქმი შედგენილია საქმისა გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რის საფუძველზეც არაკომპეტენტური პირის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება.

8.03.2020 წელს განახორციელა ავტომობილის მისაბმელის (დროებითი სატრანზიტო ნომერი ----------, ს/ნ ----------) ზოგადი დეკლარირება. 2020 წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანების საფუძველზე, გადავადდა განბაჟებები, რის გამოც საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა და შესაბამისად, მომჩივანს არანაირი ვადა არ დაურღვევია, თუმცა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა მიზანმიმართულად და არაკომპეტენტურად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ასევე დაუსაბუთებელი ბრძანება და ბრძანებაზე ხელისმომწერი პირი არც კი გასცნობია, ისე მიიღო აღნიშნული არაკომპეტენტური გადაწყვეტილება.

15.02.2021 წელს მისაბმელის განსაბაჟებლად მიმართა ---------- საბაჟო ტერმინალს, მაგრამ ვერ განახორციელა აღნიშნული და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ---------- პოლიციის დეპარტამენტის ---------- საქალაქო სამმართველოს მიერ (საქმე №----------), რომელიც დღემდე მიმდინარეობს, რის გამოც ვერ ახდენს მისაბმელის განბაჟებას.

მომჩივანი ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №245 ბრძანებაზე მითითებით, ითხოვს საქმის სრულყოფილ შესწავლა/გამოკვლევას და ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8 716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივანს, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო, შეეგფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 28.02.2024 წელს №---------- მოწოდებული წერილით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ---------- პოლიციის დეპარტამენტის ---------- საქალაქო სამმართველოს 17.11.2023 წლის №---------- წერილში მითითებული ინფორმაცით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 15.02.2021 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №----------, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. ამავე წერილის შესაბამისად, მომჩივანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა 15.02.2021 წელს, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა (არა უგვიანეს 7.05.2020 წელი) უკვე დარღვეული ჰქონდა.

მომჩივნის განმარტებით, 8.03.2020 წელს განახორციელა ავტომობილის მისაბმელის (დროებითი სატრანზიტო ნომერი ----------, ს/ნ ----------) ზოგადი დეკლარირება და 2020 წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანების საფუძველზე გადავადდა განბაჟებები, რის გამოც საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა.

15.02.2021 წელს მისაბმელის განსაბაჟებლად მიმართა ---------- საბაჟო ტერმინალს, მაგრამ ვერ განახორციელა აღნიშნული და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ---------- პოლიციის დეპარტამენტის ---------- საქალაქო სამმართველოს მიერ (საქმე №----------), რომელიც დღემდე მიმდინარეობს, რის გამოც ვერ ახდენს მისაბმელის განბაჟებას.

საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ---------- პოლიციის დეპარტამენტის ---------- საქალაქო სამმართველოს 17.11.2023 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 15.02.2021 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №----------, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. ამავე წერილიდან დგინდება, რომ მომჩივანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა 15.02.2021 წელს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32246 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32246 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო, შეეგფარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. საბაჟო დეპარტამენტის მიერ 28.02.2024 წელს მოწოდებული წერილით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 17.11.2023 წლის წერილში მითითებული ინფორმაცით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 15.02.2021 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. ამავე წერილის შესაბამისად, მომჩივანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა 15.02.2021 წელს, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა (არა უგვიანეს 7.05.2020 წელი) უკვე დარღვეული ჰქონდა.

მომჩივნის განმარტებით, 8.03.2020 წელს განახორციელა ავტომობილის მისაბმელის ზოგადი დეკლარირება და 2020 წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანების საფუძველზე გადავადდა განბაჟებები, რის გამოც საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა. 15.02.2021 წელს მისაბმელის განსაბაჟებლად მიმართა ტერმინალს, მაგრამ ვერ განახორციელა აღნიშნული და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, რის გამოც ვერ ახდენს მისაბმელის განბაჟებას. საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 17.11.2023 წლის წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე 15.02.2021 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. ამავე წერილიდან დგინდება, რომ მომჩივანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა 15.02.2021 წელს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32246 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 165.