გადაწყვეტილება №19397/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19397/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19397/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 12.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19397/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. გავრცელებული ფასნამატის ოდენობა;

3. გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №035-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7048 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 152 116 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 308

დღგ - 48 568

საშემოსავლო გადასახადი - 37 740

ჯარიმა - 41 315

საურავი - 24 493

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქ. ----------ში, ე.წ. „-------- ბაზრობის“ ტერიტორიაზე, იჯარით აღებულ ფართში, ქალისა და ბავშვის ტანსაცმლით, სპორტული ფეხსაცმლითა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3228 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26393 ბრძანება და №035-12 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 152 116 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7048 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მეწარმე პროგრამულად ახორციელებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას ინდივიდუალურად შესაბამის პერიოდში თვითღირებულებით, თუმცა ვერ ხდება აღნიშნული ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან.

საქონლის მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს მეწარმე პროგრამაში აღრიცხავს ჯამურად ყოველი თვის ბოლოს. ამდენად, ვერ ხერხდება რეალიზაციის გაშიფვრა საქონლის ჭრილში, ასევე, ფასნამატის და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგინდა სხვაობა სმფ-ების ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 131 507 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, მე100, 102-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 171-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე და 43-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში „-------“. წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან მეწარმე პროგრამულად ახორციელებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას ინდივიდუალურად შესაბამის პერიოდში, შესაბამისი თვითღირებულებით, თუმცა არ ხდება აღნიშნული ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან. ამასთან, საქონლის მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს გადამხდელი პროგრამაში აღრიცხავს ჯამურად, ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისად, რეალიზაციის გაშიფვრა საქონლის ჭრილში და ფასნამატის დადგენა ვერ ხერხდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობის მიწოდებად განხილვას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით 28 ჯგუფად, რომლებზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი, მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის 101 785 ლარის თვითღირებულებით. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი პროპორციების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით. მოცემულ საკითხში დაუსაბუთებელია (მათ შორის, სამართლებრივად) როგორც აუდიტის დეპარტამენტის, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები.

შემოწმების მიერ დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამულად, საქონლის სახეობების მიხედვით, ინდივიდუალურად ხორციელდებოდა და მიმდინარე კონტროლის პროცედურებით საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. შემოწმებას საქონლის თვითღირებულების, გამოსაქვითი ხარჯებისა და ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებებში ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან სხვაობები არ გამოუვლენია. შემოწმებას შემოსავლების ფისკალურ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობები ასევე არ გამოუვლენია. ამის გარდა, შემოწმების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა, რომლის დროსაც შემოსავლები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატში. ამ პირობებში შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ ხდება საქონლის „ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან“. შესაბამისად, შემოწმების მტკიცებით, საცალო ვაჭრობის ობიექტში თითოეული საქონლის გაყიდვისას შემოსავალი უნდა აღირიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატშიც და მოცემული კონკრეტული საქონლის რეალიზაცია ინდივიდუალურადაც (საქონლის დასახელების, რაოდენობისა და ფასის მითითებით) აღირიცხოს ბუღალტრულ რეგისტრებში. თუმცა, ამგვარ მოთხოვნას არ შეიცავს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობა. პირიქით, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლომატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

ა) ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი;

ბ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი;

გ) მეთოდი FIFO, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის მიეკუთვნება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად - ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის წინაპირობა („პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა“), რასთან დაკავშირებითაც უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში „----------“, თუმცა შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გავრცელებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (28 ჯგუფი), რომელზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში უნდა განსაზღვრულიყო არა ფასნამატების გავრცელებით, არამედ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გადამოწმებით შესაბამისი სახეობის საქონლის მიხედვით ყოველთვიური სარეალიზაციო ფასის გამოყენებით. ალტერნატივის სახით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, მთელ პერიოდზე უნდა გამოყენებულ იქნეს ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო ფასნამატი.

შემოწმების აქტის თანახმად, 2019-2020 წლებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2021 წელზე - ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

შემოწმების აქტში და ცხრილებში დაშვებულია არსებითი შეუსაბამობები (მაგალითად, 2019 წელს საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გაანგარიშებულია 24%, ხოლო გავრცელების შედეგად მიღებულია 51%; 2020 წელს საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გაანგარიშებულია მინუს 9%, გავრცელებულია 24%, ხოლო გავრცელების შედეგად მიღებულია 27%), რაც ძირითადად განპირობებულია მოცემული შემთხვევისთვის გაანგარიშებების არასწორი პრინციპის შერჩევით.

გადასახადის გადამხდელს გააჩნდა საქონლის სახეობების მიხედვით საქონლის ნაშთის, რაოდენობის, თვითღირებულების და რეალიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, შემოწმებას სახეობების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატების განსაზღვრისა და გავრცელების „გართულებული“, აუდიტორის სუბიექტურ დაშვებებზე დამყარებული (განსაკუთრებით ფასნამატების გაანგარიშების, „შერჩევისა“ და გავრცელების თვალსაზრისით) გაანგარიშებების ნაცვლად მარტივად უნდა გადაემოწმებინა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სარეალიზაციო ფასების გამოყენებით) და მათში გამოევლინა შეცდომები (მათი არსებობის შემთხვევაში).

შემოსავლების სამსახურის საბჭოს სხდომაზე ალტერნატივის სახით გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინაიდან გადამხდელის საქმიანობის სახე ძირითადად არის საცალო ვაჭრობა, ხოლო საცალო ფასები და საქონლის დასახელებები სანდოდ დაფიქსირებულია ინვენტარიზაციის მასალებში, შეთავაზებულ იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო ფასნამატის მთელ შემოწმებულ პერიოდზე გავრცელება, რითაც აცილებული იქნებოდა როგორც სუბიექტური მიდგომა, ისე დანაკლისის დამოუკიდებლად გამოანგარიშების საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებას უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გადამოწმების მეშვეობით - შესაბამისი სახეობის საქონლის მიხედვით სარეალიზაციო ფასების გამოყენებით ან ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო ფასნამატის მთელ შემოწმებულ პერიოდზე გავრცელება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით 28 ჯგუფად, რომლებზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

მომჩივანი არ ეთანხმება გავრცელებული ფასნამატის გაანგარიშებას, თუმცა ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის 101 785 ლარის თვითღირებულებით. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი პროპორციების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებაში არასწორად განხორციელდა სმფ-ების დანაკლისის გამოვლენა (პროცედურისა და მოცულობის თვალსაზრისით), ასევე არასწორად მოხდა დანაკლისის დაბეგვრა (გადასახადის გადამხდელს არ მიეცა რეალურად არსებული დანაკლისის დეკლარირების შესაძლებლობა).

ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის, ინვენტარიზაციის პერიოდი მოექცა შესამოწმებელ პერიოდში, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ შემოწმება იყო უფლებამოსილი არაპირდაპირი მეთოდით გამოეყვანა ინვენტარიზაციის შედეგები და 01.01.2022 წ.- 27.04.2022 წ. პერიოდის მიხედვით ამ მეთოდით ჩაეტარებინა გაანგარიშებები. ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან ფიქსირდებოდა ბუღალტრული ნაშთი, შემოწმება არ იყო უფლებამოსილი არაპირდაპირი მეთოდით გამოეანგარიშებინა ე.წ. პერიოდული დანაკლისი. ამის გარდა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დანაკლისი მიწოდებად განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში, დანაკლისის დაბეგვრა მომჩივანს უნდა მოეხდინა დეკლარაციით. ამასთან დაკავშირებით, შემოწმების მიდგომა როგორც საგადასახადო კანონმდებლობას, ისე აუდიტის დეპარტამენტში არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დანაკლისი გამოიანგარიშოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების საფუძველზე, ხოლო გადასახადის გადამხდელს მიეცეს ამგვარად გამოანგარიშებული დანაკლისის დეკლარირების შესაძლებლობა. ალტერნატივის სახით, თუ აუდიტის დეპარტამენტს დაევალება ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო ფასნამატის მთელ შემოწმებულ პერიოდზე გავრცელება, საერთოდ საჭირო არ იქნება დანაკლისის გამოანგარიშება, ვინაიდან დანაკლისი მოექცევა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვებში/რეალიზაციებში.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებისა და საგადასახადო სანქციების გაუქმება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი სხვაობა მართლზომიერად იქნა განხილული მიწოდებად და მართებულად დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი პროპორციების მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“

 

ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. გავრცელებული ფასნამატის ოდენობა;

3. გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის შესწავლისას დგინდება, რომ მეწარმე პროგრამულად ახორციელებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას ინდივიდუალურად შესაბამის პერიოდში თვითღირებულებით, თუმცა ვერ ხდება აღნიშნული ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას დადგინდა სხვაობა სმფ-ების.შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

2.მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (28 ჯგუფი), რომელზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე).

3.გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი პროპორციების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(3);75(5);100(3);102(1ა);161(1ა);159(1ა,ბ);163(1);168(1);286(9);