გადაწყვეტილება №26093/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26093/2/2025
09 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 28.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26093/2/2025).
დავის საგანი:
1.შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს (საწვავი) შორის გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად ჩათვლა და დღგ-ის დარიცხვა;
2.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №007-156 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.10.2025 წლის №21632 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 207 216.48 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 287.53
დღგ - 50 969.53
საშემოსავლო გადასახადი - 84 318
ჯარიმა - 67 643.8
საურავი - 4 285.15
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.07.2025 წლის №15402 ბრძანება და №007-156 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.10.2025 წლის №21632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. შესამოწმებელ პერიოდში (საწყისი ნაშთის გათვალისწინებით) შეძენილ და რეალიზებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს (საწვავი) შორის გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად ჩათვლა და დღგ-ის დარიცხვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შეძენა-რეალიზაციას ახდენს სრულად დოკუმენტურად, გაწერილი/მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კომპანია აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა INFO-ს საშუალებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად უფიქსირდება 133 930 ლიტრი (287 709.2 ლარის) საწვავი, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 3 772 630 ლიტრი (8 101 068 ლარის), რეალიზებული აქვს 3 780 730 ლიტრი (საბაზრო ფასით 9 694 523), დარჩენილი ნაშთი პროგრამულად და შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით უფიქსირდება 125 830 ლიტრი (279 495.11 ლარის თვითღირებულებით).
გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 1%-ს, საწარმოს ბოლო სტაციონალური ობიექტი გაუქმებული აქვს 2025 წლის 13 აპრილს, 2025 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდება სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არც მიღებული და არც გაწერილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 279 495.11 ლარის თვითღირებულების სმფ-ები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, 18%-ანი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო უდოკუმენტოდ რეალიზებული სმფ-ები გაყიდულად ჩაითვალა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:
● დანაკარგის ნორმები გათვალისწინებულია და ჯამში დანაკარგი შეადგენს 8 218 კგ.-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულად დანაკარგი მცირედი სხვაობით მეტია ნაჩვენები დასაშვებ ნორმაზე, შემოწმება არაარსებითი სხვაობის გამო დაეყრდნო ბუღალტრულ მონაცემებს.
● დამფუძნებლის 130 583.99 ლარიან შენატანთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორი განმარტავს, რომ დამფუძნებელს შესამოწმებელ პერიოდში, აგრეთვე საწყის ნაშთად არ უფიქსირდება, არასოდეს არ ჰქონია დამფუძნებლის მიერ შეტანილი საკუთარი კაპიტალი. კაპიტალის შეტანა არც პროგრამულად არ ფიქსირდება. პროგრამულად გატარებულია მხოლოდ მოკლევადიანი სესხი (მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი ხელშეკრულება არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის). ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწყისი ნაშთი არის 132 084 ლარი, შესამოწმებელ პერიოდში დამატებით აღებული სესხია 2 855 019 ლარი, გადახდილია 2 856 519 ლარი, დარჩენილი სესხის თანხა პერიოდის ბოლოს არის 130 584 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა შემოწმებისთვის შესაბამისი სესხის ხელშეკრულება წარდგენილი, განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში შეტანილია, როგორც საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე, პერიოდის განმავლობაში აღებული და გადახდილი თანხა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს არსებული 130 584 ლარი გამოკლებულია განკარგვად თანხას.
● პერიოდის ბოლოს არსებულ კრედიტორულ დავალიანება საწარმოს უფიქსირდება ორ მომწოდებელთან, კერძოდ, შპს „------ -თან“ 4 168 ლარი და შპს „----- - თან“ 65 737 ლარი, რაზედაც ორივე მიმწოდებლისგან წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც ადასტურებენ აღნიშნული დავალიანების არსებობას.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში სრულად შესყიდულ და რეალიზებულ სმფ-ების შორის სხვაობის გაყიდულად ჩათვლა არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების შესაბამისად, ბენზინზე ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმა საავტომობილო გადაზიდვისას შეადგენს 0,12%-ს, ხოლო მიწისზედა რეზერვუარში შენახვის ნორმა 0,35%-ს. შემმოწმებლის ზემოაღნიშნული მიდგომით ხდება სამეურნეო პროცესში ბუნებრივი დანაკარგის არსებობის სრული უგულებელყოფა, რადგან გამოთვლილი 8 218 კგ. დანაკარგის მიუხედავად, არ ხდება დანაკარგის ასახვა ნავთობპროდუქტის მოცულობაზე (ლიტრებზე), კერძოდ: ბენზინის საწყის ნაშთს ლიტრებში, დამატებული შეძენები ლიტრებში და გამოკლებული რეალიზაცია ლიტრებში (ბუნებრივი დანაკარგის გათვალისწინების გარეშე) არის 125 830 ლიტრი, რომლის სრულად რეალიზაციაში ასახვასაც ახდენს შემმოწმებელი. ასეთი მიდგომით გამოდის, რომ წონაში კლების მიუხედავად, კიდევ უფრო მეტად ხდება ნავთობპროდუქტების მოცულობის ზრდა, რაც არასწორია, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებითაც.
2. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სტაციონარულ ობიექტზე გაცემულ შვიდნიშნა კოდს, იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გაუვიდა ვადა, კომპანია კვლავ გეგმავდა ახალი კოდის აღებას და ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას (აღნიშნული პროცესის შეფერხება განაპირობა ფართის მესაკუთრესთან გართულებულმა კომუნიკაციამ, ასევე, მესაკუთრის მხრიდან საიჯარო თანხის მომატების სურვილმა). შესაბამისად, კომპანიას 13 აპრილის მდგომარეობით ნაშთად დატოვებული ჰქონდა სმფ-ების ის ოდენობა, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელს აუდიტის პროცესში არ შეუმოწმებია კომპანიის სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობა, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა ვარაუდს, რომ საწვავის ნაშთი არ იქნებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სტაციონარულ ობიექტზე გაცემულ შვიდნიშნა კოდს გაუვიდა მოქმედების ვადა. ამასთან, ცნობილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ 13 აპრილის შემდგომ, ნაშთად არსებული საწვავის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა (იხ. დანართი, შემოსავლის ორდერი).
3. კომპანიამ თავად გამოავლინა დანაკლისი და დაბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №------ წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული აქვს სამი სახის საწვავი - დიზელი, ბენზინი რეგულარი და ბენზინი პრემიუმი. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა INFO-ს საშუალებით, რომლის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საწყის და საბოლოო ნაშთად უფიქსირდება მხოლოდ ბენზინი რეგულარი. ხოლო დიზელი და ბენზინი პრემიუმის შეძენილი რაოდენობა სრულად აქვს რეალიზებული (გაწერილია სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები).
ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, ბენზინი რეგულარის საწყისი ნაშთია - 133 930 ლიტრი (წონა 98 863 კგ), შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს 2 234 860 ლიტრი (წონა 1 649 708 კგ), სპეც. ფაქტურებით რეალიზებული აქვს 2 242 960 (წონა 1 647 035 კგ), ხოლო პროგრამულად საბოლოო ნაშთი აქვს 125 830 ლიტრი (92 884კგ).
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეწარმეს ბოლო სტაციონალური ობიექტი გაუქმებული აქვს 2025 წლის 13 აპრილს, აგრეთვე 2025 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდება სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არც მიღებული და არც გაწერილი. ბოლოს დარჩენილი საცალო აგს ("-------") გაუქმებული აქვს 2025 წლის 10 აპრილს, აღნიშნულ აგს-ს ("-------") 2025 წლის 16 აპრილიდან ყავს ახალი მოსარგებლე შპს „-------“. გადამხდელს წარდგენილი აქვს 2025 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაცია, სადაც 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 146 722.8 ლარს, საიდანაც 133 729 ლარი წარმოადგენს 2025 წლის მაისის თვის საქონლის მიწოდებას, ხოლო 12 994 ლარი არის დეკლარირებული სმფ-ს დანაკლისის თანხა (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული დანაკლისი გადამხდელს დაბეგრილი აქვს 2025 წლის 5 მაისის საანგარიშო პერიოდის მოგების დეკლარაციითაც.
ვინაიდან 2025 წლის 13 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდებოდა სმფ-ს არც შეძენა და არც რეალიზაცია, 2025 წლის მაისში წარდგენილი დღგ-ს და მოგების დეკლარაციები არ წარმოადგენს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის მიწოდების ან/და დანაკლისის დაბეგვრას. შესაბამისად შემოწმების მიერ 125 830 ლიტრი სმფ (საბაზრო ფასით 334 132,1 ლარი), 2025 წლის 13 აპრილს ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. რაზედაც გადამხდელს დაერიცხა დღგ-ს გადასახადი, 50 969 ლარი.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმებისას არ მოხდა დანაკარგის ნორმების გათვალისწინება, რაც არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს, ვინაიდან საბოლოო ბუღალტრული ნაშთი 125 830 ლიტრი (წონით 92 884 კგ), სწორედ დანაკარგის ზღვრული ნორმების გათვალისწინებით არის მიღებული. კერძოდ საწყისი ნაშთი წონით შეადგენს 98 863 კგ-ს, შეძენა 1 649 708 კგ, რეალიზებული 1 647 035 კგ, საბოლოო ნაშთი 92 884 კგ. (98 863 + 1 649 708 - 1 647 035 - 92 884 = 8 652 კგ.); დანაკარგის ზღვრული ნორმა მიწისზედა რეზერვუარში შენახვის ნორმა - 0,35 %-ს ((98 863+1 649 708)*0,35%=6120); დანაკარგის ზღვრული ნორმა საავტომობილო გადაზიდვისას შეადგენს 0,12 %-ს ((98 863+1 649 708)*0,12%=2098,29). ჯამში დანაკარგი შეადგენს 8218 კგ-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულად დანაკარგი მცირედი სხვაობით მეტია ნაჩვენები დასაშვებ ნორმაზე, შემოწმება არაარსებითი სხვაობის გამო დაეყრდნო ბუღალტრულ მონაცემებს.
კომპანია ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმებისას საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე გადასახადის გადამხდელის საკონტაქტო ელ. ფოსტაზე გაგზავნილ იქნა გაანგარიშების მასალები. საწარმოს დირექტორთან ვერ მოხდა საკითხების გავლა, ვინაიდან ტელეფონს აღარ პასუხობდა, ხოლო ბუღალტერთან შედგა სატელეფონო საუბარი, მას განემარტა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ოდენობა და მიეცა წინადადება განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში შემოწმებისთვის წარედგინა თავისი პოზიცია და დოკუმენტური მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგრამ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია, გაანგარიშება ან/და დოკუმენტური მტკიცებულებები შემოწმების დასრულებამდე არ წარუდგენია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა სადავო საკითხის ზეპირი განხილვის სხდომაზე დასწრების და პოზიციის დაცვის შესაძლებლობა, მან ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/არგუმენტაციის სათანადო, გამაბათილებელი არგუმენტების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებისას რეალიზებულად ჩათვლილი საწვავის ნაშთის არსებობის, მისი მხრიდან შემდგომ პერიოდში რეალიზაციის და დეკლარირების ფაქტს დაადასტურებდა, რაც შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, შეძენილ და რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს (საწვავი) შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის მიწოდებად ჩათვლა და დღგის დარიცხვა, შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის (დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების პროცესში გაანგარიშებული საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ) მიხედვით, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა (პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი ნულის ტოლია) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებული გაანგარიშებები, არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
1.პირველ საკითხში აღნიშნული გარემოება, რაც შემმოწმებლის ლოგიკით, გამორიცხავს ბუნებრივი დანაკარგის არსებობას, გავლენას ახდენს რეალიზაციის და შესაბამისად, კომპანიაში შემოსული თანხის (საკასო შემოსავლის) ოდენობაზე;
2. ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას არ ხდება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების შემადგენელი კომპონენტების სრულად გათვალისწინება (მაგ: წინასწარ გაწეული დანახარჯების ასანაზღაურებლად გადახდილი თანხები - ანგ. 1739).
3. მართალია 1 მაისის მდგომარებით კომპანიას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 69 904.10 ლარის ოდენობით (რასაც ადასტურებენ კრედიტორები), თუმცა აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვა კომპანიამ უზრუნველყო ივნისის თვეშივე, სწორედ ნაშთად რიცხული საწვავის რეალიზაციიდან მიღებული თანხით (იხ. დანართი, შემოსავლის ორდერი). შესაბამისად, კრედიტორული დავალიანების ნაშთით უნდა შემცირდეს შემმოწმებლის მიერ გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა (რაც შემმოწმებლის მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას). ისევე, როგორც გასათვალისწინებელია შესამოწმებლი პერიოდის შემდგომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების/გადასახადების დასაფარად გამოყენებული ფულადი სახსრები. ითხოვს, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელთან აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების პროცესში, უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების/არგუმენტების წარმოდგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად. ავანსად გადარიცხული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა (პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი ნულის ტოლია) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №------ წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული თანხის (განკარგვადი თანხა) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და აღნიშნავს, რომ პერიოდის ბოლოს არსებული კრედიტორული დავალიანება 69 904,10 ლარი ჩაითვალოს გადახდილად და შესაბამისად მოხდეს განკარგვადი თანხის გაანგარიშება რაც არასწორია, ვინაიდან პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება უფიქსირდება ორ მომწოდებელთან, კერძოდ, შპს „------“-სთან (ს/ნ "-------") 4 168 ლარი და შპს „-------“-სთან (ს/ნ "-------") 65 737 ლარი, რაზედაც ორივე მომწოდებლისგან წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც ადასტურებენ 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით აღნიშნული დავალიანების არსებობას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შპს „-------“-ს და შპს „--------“-ს შემოსავლის ორდერები, რომელთა მიხედვითაც მომჩივანის (ს/ნ "-------") მიერ მოხდა აღნიშნული კრედიტორული დავალიანებების დაფარვა არაშესამოწმებელ პერიოდში (2025 წლის 17 ივნისი და 2025 წლის 27 ივნისი), შესაბამისად აღნიშნული კრედიტორული დავალიანებების 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით გადახდილად ჩათვლას არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტი. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ გადამხდელს 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით აგრეთვე უფიქსირდება მისაღები დებიტორული დავალიანება შპს „-------“-სგან 70 000 ლარის ოდენობით, რაზედაც შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილია შპს „--------“-სგან ახსნა-განმარტება. აღნიშნული დებიტორული დავალიანება სრულად ფარავს არსებულ კრედიტორულ დავალიანებას.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე, როგორც პირველი დავის საგანზე, ისე ამ სადავო საკითხის ნაწილშიც ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის/არგუმენტების სათანადო, გამაბათილებელი არგუმენტების ან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის (დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით) თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შესამოწმებელ პერიოდში სრულად შესყიდულ და რეალიზებულ სმფ-ების შორის სხვაობის გაყიდულად ჩათვლა არასწორია.
2.საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებული გაანგარიშებები, არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელი შეძენა-რეალიზაციას ახდენს სრულად დოკუმენტურად, გაწერილი/მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 1%-ს,სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, 18%-ანი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო უდოკუმენტოდ რეალიზებული სმფ-ები გაყიდულად ჩაითვალა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების პროცესში გაანგარიშებული საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის მიხედვით, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, შეძენილ და რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის მიწოდებად ჩათვლა და დღგის დარიცხვა, შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,163,164.