ბრძანება N 20389

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2024
№ დოკუმენტი 20389
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20389

17 სექტემბერი 2024

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) №91272/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №085-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებების განულებას, კომპანიის მიერ ვალდებულებების გასასტუმრებლად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ გააჩნია 2020 წლის დამუშავებული ფინანსური მონაცემები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2984 და 28 მარტის №6780 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის - 2024 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16182 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 9 ივლისის №085-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 217 267 ლარი, მათ შორის გადასახადი 137 580 ლარი, ჯარიმა 69 932 ლარი და საურავი 9 755 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 6 მარტს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2020 წლის 13 ივლისს. პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა ფინაში. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (2021 წლის პირველი იანვრისთვის) ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილ იქნა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (2021 წლის პირველი იანვრისთვის) ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილ იქნა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებების განულებას, კომპანიის მიერ ვალდებულებების გასასტუმრებლად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 6 მარტს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2020 წლის 13 ივლისს. პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა ფინაში. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილ იქნა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად.საწარმოს დაუკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.