ბრძანება N 7166

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7166
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7166

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2024 წლის 12 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №88411/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 მარტის №EL243922 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ---------- შეძენილ იქნა კონტეინერი, როგორც ძირითადი საშუალება. თანხა გადარიცხული იქნა საბანკო ოპერაციის საშუალებით. მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილ იქნა შესაბამისი ინვოისი. მომწოდებელი კომპანიის მიერ აღნიშნული კონტეინერი გაგზავნილი იქნა გადამზიდავ კომპანიაში. გადამზიდავი კომპანიის მიერ აღნიშნულ კონტეინერში ჩატვირთულ იქნა სხვა კომპანიის კუთვნილი საქონელი. მათ მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და სატრანსპორტო დოკუმენტში კომპანიის მიერ შეძენილი კონტეინერი არ იქნა ასახული როგორც საქონელი (ასახული იქნა მხოლოდ როგორც ტარა). გადამზიდავი კომპანიის მიერ სატრანსპორტო დოკუმენტში დაფიქსირებული იქნა, რომ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა კომპანიის კუთვნილი კონტეინერებით. კონტეინერის ჩამოსვლის შემდგომ, კომპანიის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი იქნა კონტეინერის განბაჟებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი (ინვოისი), სატრანსპორტო დოკუმენტი, თუმცა მაინც დაჯარიმდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით №---------- სარკინიგზო ვაგონით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ---------- შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გამოგზავნილი, №---------- კონტეინერში განთავსებული საქონელი (ლედ განათებები). საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი №---------- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით აღნიშნული საქონელი გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ (----------) დანიშნულებით.

2024 წლის 3 მარტს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“ და განაცხადა, რომ კონტეინერი, რომლებშიც განთავსებული ზემოთ დასახელებული საქონელი, წარმოადგენდა მის საკუთრებას და მოითხოვა აღნიშნული კონტეინერის როგორც საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქონლის სახით შემოტანილ კონტეინერზე დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირების ვალდებულება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL243922 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს...

ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა...

ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი: ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIRწიგნაკი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);

გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;

დ) ATA წიგნაკი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები და მის მიერ საქონლის სახით შემოტანილ კონტეინერზე დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირების ვალდებულება. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილ იქნა კონტეინერი, როგორც ძირითადი საშუალება. თანხა გადარიცხული იქნა საბანკო ოპერაციის საშუალებით. მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილ იქნა შესაბამისი ინვოისი. მომწოდებელი კომპანიის მიერ აღნიშნული კონტეინერი გაგზავნილი იქნა გადამზიდავ კომპანიაში. გადამზიდავი კომპანიის მიერ აღნიშნულ კონტეინერში ჩატვირთულ იქნა სხვა კომპანიის კუთვნილი საქონელი. მათ მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და სატრანსპორტო დოკუმენტში კომპანიის მიერ შეძენილი კონტეინერი არ იქნა ასახული როგორც საქონელი (ასახული იქნა მხოლოდ როგორც ტარა). გადამზიდავი კომპანიის მიერ სატრანსპორტო დოკუმენტში დაფიქსირებული იქნა, რომ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა კომპანიის კუთვნილი კონტეინერებით. კონტეინერის ჩამოსვლის შემდგომ, კომპანიის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი იქნა კონტეინერის განბაჟებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი (ინვოისი), სატრანსპორტო დოკუმენტი, თუმცა მაინც დაჯარიმდა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები და მის მიერ საქონლის სახით შემოტანილ კონტეინერზე დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირების ვალდებულება. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.