გადაწყვეტილება №21965/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21965/2/2024
04 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 13.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21965/2/2024).
დავის საგანი:
1. დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე შეძენის ღირებულების სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაანგარიშების მართლზომიერება;
2. სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №006-647 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №278 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 729 115 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 129 983
ჯარიმა - 565 092
საურავი - 34 040
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28717 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №31754 ბრძანება და №006-647 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №278 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე შეძენის ღირებულების სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაანგარიშების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 13 148 828 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტური შეძენა უფიქსირდება 97 205 ლარის ოდენობით. დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე შეძენის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტის გარეშე შეძენილი საქონლის ღირებულება 10 044 241 ლარი („გროს თანხა“) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მითითებული პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს საშემოსავლო გადასახადის ე.წ. „აგროსილი“ თანხიდან გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის გამოყენებაში. კომპანიას შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითაც და აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული ჯართის შეძენის ფასები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა აეღო როგორც ჯართის შეძენის ფასები იმ საქონელზე, რომელზეც საწარმომ ვერ წარადგინა ჯართის შეძენის დოკუმენტები. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 არასწორად გამოიყენა და ჯართის შეძენის ფასი, რომელზეც კომპანიას არ ჰქონდა დოკუმენტი, განსაზღვრა 25%-იანი რენტაბელობით. ამავე სიტუაციურ სახელმძღვანელოში დაფიქსირებულია ის გარემოება, რომ 25%-იანი რენტაბელობა გამოყენებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება ვერანაირი დოკუმენტით შეძენის ფასები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითაც აქვს შეძენილი საქონელი და აქედან გამომდინარე მომჩივნის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის ელექტრონული ზედნადებებით შეძენილი საქონლის ფასებით მოხდეს იმ საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრა, რომელზეც საწარმომ ვერ წარადგინა საქონლის შეძენის დოკუმენტები. ასევე, არ ეთანხმება „- უდოკუმენტოდ შეძენილი საქონლის ღირებულება 10 044 241 ლარი (გროს თანხა) დაიბეგრა 3%-იანი განკვეთით -“. აღნიშნული ე.წ „გროს" თანხის გამოყვანა საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლის გამოყენებით ხდება აქტში არ არის დაფიქსირებული. ე.წ. „გროს" ტერმინი და გაანგარიშება დამკვიდრებულია შემოსავლების სამსახურის მიერ და საფუძვლად კანონმდებლობა არ აქვს, 3%-იანი გადასახადი კომპანიას უნდა გაუანგარიშდეს ისე, როგორც ეს მოხდებოდა დეკლარაციის შევსებისას და არანაირ სხვა გაანგარიშებას საგადასახდო კოდექსი არ ცნობს. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადაანგარიშდეს 3%-იანი საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 13 148 828 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტური შეძენა უფიქსირდება 97 205 ლარის ოდენობით. დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე შეძენის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტის გარეშე შეძენილი საქონლის ღირებულება 10 044 241 ლარი („გროს თანხა“) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 არასწორად გამოიყენა და ჯართის შეძენის ფასი, რომელზეც კომპანიას არ ჰქონდა დოკუმენტი, განსაზღვრა 25%-იანი რენტაბელობით. ამავე სიტუაციურ სახელმძღვანელოში დაფიქსირებულია ის გარემოება, რომ 25%-იანი რენტაბელობა გამოყენებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება ვერანაირი დოკუმენტით შეძენის ფასები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითაც აქვს შეძენილი საქონელი და აქედან გამომდინარე მომჩივნის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის ელექტრონული ზედნადებებით შეძენილი საქონლის ფასებით მოხდეს იმ საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრა, რომელზეც საწარმომ ვერ წარადგინა საქონლის შეძენის დოკუმენტები.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ დოკუმენტური შეძენა არის ძალიან მცირე, დაახლოებით 5-7%. ამასთან, შეძენილია არაერთგვაროვანი საქონელი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების/აღწერა
გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა საბანკო ამონაწერები. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები და ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯები.
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 4 143 293 ლარი („გროს თანხა“), რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება თანხის გაანგარიშებას, ვინაიდან წინა შემოწმების აქტით დაფიქსირდა სალაროს ნაშთი 4 560 651 ლარის (გროს თანხა - 5 700 814) ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასე რომ, წინა შემოწმების აქტით დაბეგრილი თანხა ხელმეორედ არის დაბეგრილი, რაც მომჩივნის პოზიციით არ არის კანონით გათვალისწინებული. ასევე, არ ეთანხმება იმავე ე.წ. „გროს" მეთოდით დასაბეგრი შემოსავლების განსაზღვრას და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელოვნურად გაზრდას იმის გამო, რომ წინა საკითხში დაფიქსირებული 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ხელოვნურად აქვს გაზრდილი სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, ამის შემდგომ ხელფასად განხილული თანხა არ შეესაბამება რეალობას და 20%-იანი განაკვეთით იბეგრება სწორედ ეს ხელოვნურად გამოყვანილი თანხები. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის ის, რომ გადასახადები გადაანგარიშდეს იმ მეთოდით, როგორც ეს არის შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციის შევსების მიხედვით გაანგარიშებული გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა საბანკო ამონაწერები. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები და ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯები.
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 4 143 293 ლარი („გროს თანხა“), რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება თანხების აგროსვის საკითხს, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას მათი აგროსვა განხორციელდა საგადასახადო ორგანოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე შეძენის ღირებულების სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაანგარიშების მართლზომიერება;
2. სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28717 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №31754 ბრძანება და №006-647 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №278 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 5 ); 101; 154; 1333.