ბრძანება N 2058

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2026
№ დოკუმენტი 2058
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2058

03 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 16 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 16 დეკემბრის №99411/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ნოემბრის №007-299 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2025 წლის 10 აპრილის საკონტროლო შესყიდვით შეძენილი ,,მამაკაცის მაისური ralph lauren 6719”-ის შესყიდვა ბუღალტრულად არ ფიქსირდება და მისთვის გაურკვეველია როგორ მოხდა ამ საკონტროლო შესყიდვიდან ფასნამატის გაანგარიშება. აცხადებს, რომ 2025 წლის 24 ივლისს განმეორებით იქნა ჩატარებული საკონტროლო შესყიდვა, რომელიც არ იქნა გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ საკონტროლო შესყიდვაზე მაისურზე დაფიქსირდა სარეალიზაციო ფასი 49 ლარი, ხოლო მეორე საკონტროლო შესყიდვით ასევე შეძენილ იქნა Levis-ის და Emporia armani-ს მაისურები 19-19 ლარად. მეორე საკონტროლო შესყიდვის მონაცემები ფასნამატის გაანგარიშებაში არ მოხვდა იმ მოტივით, რომ შესამოწმებელი პერიოდიდან თითქმის 2 თვე იყო გასული და საბაზრო ფასებზე ვერ გავრცელდებოდა, მაშინ როდესაც 2025 წლის 10 აპრილის საკონტროლო შესყიდვის ფასები გავრცელებული იქნა 2022, 2023 და 2024 წლებზე. ითხოვს ფასნამატის თავიდან გადაანგარიშებას და 2025 წლის 10 აპრილის საკონტროლო შესყიდვაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასესხო მოთხოვნის ნაშთის, 241 000 ლარის, ანაზღაურებულად ჩათვლას და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გაცემულ იქნა სესხად ფიზიკურ პირზე, რაზეც წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულება. ითხოვს აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილებას, სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივნისის №13324 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 11 მარტიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 12 ნოემბერის №24915 ბრძანება და ამავე თარიღის №007-299 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 528 218 ლარი, მათ შორის, გადასახადი 313 707 ლარი, ჯარიმა 157 810 ლარი, საურავი 56 701 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს ,---ის" (ს/ნ ---) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტანსაცმლით და სხვადასხვა აქსესუარებით საცალო ვაჭრობა. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, საწარმო არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, მე-8 და 73-ე მუხლებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 აპრილს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასისა და თავად გადასახადის გადამხდელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქონლის სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული იქნა ფასნამატი, რაც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული სასაქონლო ჯგუფების რპთ-ზე. დამატებით დადგენილი შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას. ასევე, დამატებით დადგენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ამავე კოდქსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შპს ,,---ის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწარმო აფიქსირებს მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სესხის გაცემას სალაროდან - 401 000 ლარის ოდენობით, ამავე პერიოდში დაბრუნებულია სალაროში 160 000 ლარი და საბოლოოდ სასესხო მოთხოვნის ნაშთი პერიოდის ბოლოს შეადგენს 241 000 ლარს. საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სესხის ხელშეკრულება, არ იდენტიფიცირდება ვისზე და რა პირობებით არის სესხის თანხა გაცემული. შემოწმების მიერ, სასესხო მოთხოვნის ნაშთი, 241 000 ლარის ოდენობით, ჩაითვალა ანაზღაურებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საწარმო არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 აპრილს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასისა და გადამხდელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქონლის სარეალიზაციო ფასების საფუძველზე განსაზღვრული იქნა ფასნამატი, რამელიც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განსაზღვრულ სასაქონლო ჯგუფების რპთ-ზე.

დამატებით დადგენილი შემოსავლით განისაზღვრა დღგით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმოს მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ინფორმაცია არ იძლევა ცალკეული სახის საქონლის ჭრილში შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირების საშუალებას. ამასთან, სმფ-ების ჩამოწერები აღრიცხული აქვს ჯამურად - ძირითადად, წლის ბოლო თვეების ბოლო რიცხვებში.

საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 1%-ს შეადგენს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 აპრილს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასისა და თავად გადასახადის გადამხდელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქონლის სარეალიზაციო ფასების საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული იქნა ფასნამატი (საშუალოდ 183%).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი, რაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.

შემოწმების მიერ დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 183%- ს, გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი -133%-ია. 10.04.2025 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით, შეძენილია მამაკაცის მაისური 49 ლარად, რაც შესაბამისობაში მოვიდა ამავე პერიოდში გადამხდელის ოფიციალურ (ფეისბუქ) ვებგვერდზე ატვირთული ,,მამაკაცის მაისურის“ ფასთან. აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გაანგარიშებული ფასნამატი (513%) გავრცელებულ იქნა მხოლოდ 677,97 ლარის ღირებულების საქონლის რპთ-ზე, რასაც საერთო სურათზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა სავაჭრო პროგრამიდან რეპორტი შეძენილი/რეალიზებული საქონლის შესახებ, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მინიჭებული შტრიხკოდების მიხედვით დაიდენტიფიცირება და შესაბამისად, მათი დაკავშირება შესაბამისი ფასნამატის დასადგენად. თუმცა, აღნიშნული და სხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში, მათ შორის საქმის ზეპირი განხილვისას, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმო აფიქსირებს მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სესხის გაცემას სალაროდან, 401 000 ლარის ოდენობით, ამავე პერიოდში დაბრუნებულია სალაროში 160 000 ლარი და საბოლოოდ, სასესხო მოთხოვნის ნაშთი პერიოდის ბოლოს შეადგენს 241 000 ლარს. ვინაიდან საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იყო წარდგენილი შესაბამისი სესხის ხელშეკრულება, არ იდენტიფიცირდებოდა ვისზე და რა პირობებით იყო სესხის თანხა გაცემული, შემოწმებით სასესხო მოთხოვნის ნაშთი, 241 000 ლარის ოდენობით, ჩაითვალა ანაზღაურებულად და დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. საჩივრის დანართად წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი სესხის ხელშეკრულება. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის დანართად წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული/ნოტარიულად დადასტურებული და ამასთან, უფლებამოსილ ხელმომწერ პირს წარმოადგენს ერთი და იგივე პირი, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონლად არ მიაჩნია მისი გათვალისწინება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში, მათ შორის საქმის ზეპირი განხილვისას, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასესხო მოთხოვნის ნაშთის, 241 000 ლარის, ანაზღაურებულად ჩათვლას და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 აპრილს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასისა და თავად გადასახადის გადამხდელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქონლის სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული იქნა ფასნამატი, რაც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული სასაქონლო ჯგუფების რპთ-ზე. დამატებით დადგენილი შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას. ასევე, დამატებით დადგენილი შემოსავალი, დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სესხის ხელშეკრულება, არ იდენტიფიცირდება ვისზე და რა პირობებით არის სესხის თანხა გაცემული. შემოწმების მიერ, სასესხო მოთხოვნის ნაშთი, 241 000 ლარის ოდენობით, ჩაითვალა ანაზღაურებულად და დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).