გადაწყვეტილება №20794/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20794/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20794/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №084-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20738 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 32 279 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 20 374
დღგ - 18 398
მოგების გადასახადი - 1 976
ჯარიმა - 9 340 საურავი - 2 565
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად სხვადასხვა სახეობის ფქვილითა და შაქრით, ქ. ---ში ბაზრის ტერიტორიაზე (---ს ქუჩა). აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.06.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (სასაქონლო ზედნადებებით, საკონტროლო შესყიდვით) დადგენილ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი პერიოდების და სახეობების მიხედვით, ხოლო რეალიზებული პროდუქციის იმ კატეგორიაზე, რომელზეც ვერ მოხერხდა საშუალო შეწონილი ფასნამატის დადგენა, გავრცელებულ იქნა წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №084-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 მუხლებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი პერიოდების და სახეობების მიხედვით, ხოლო რეალიზებული პროდუქციის იმ კატეგორიაზე რომელზეც ვერ მოხერხდა საშუალო შეწონილი ფასნამატის დადგენა, გავრცელდა წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატი. შედეგად, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დასაბეგრი ბრუნვა და მიღებული ფულადი სახსრები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სარეალიზაციო დოკუმენტებისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატის მიხედვით. შემოწმების შედეგებს არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, წარდგენილ საჩივარში მიუთითა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მიუხედავად, საწარმო არც ერთ შემთხვევაში არ დაჯარიმებულა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად, არ გამოვლენილა არსებითი სხვაობა დეკლარირებულ შემოსავალთან. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
საჩივარი შემოსავლების სამსახურში მომჩივნის დაუსწრებლად იქნა განხილული. გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები მის მიერ წარდგენილი არგუმენტი და არ ჩანს მასზე შესაბამისი მსჯელობა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მომჩივნის საქმიანობის სფეროა საკვები პროდუქტების, ძირითადად ფქვილისა და შაქრის, შესყიდვა და საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო შემოსავალს აღრიცხავს საბანკო ამონაწერისა და სალარო აპარატის ყოველდღიური Z მონაცემის მიხედვით, ხოლო მარაგების ჩამოწერას ახდენს პერიოდული აღრიცხვის მეთოდით. ვინაიდან, საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შედეგად, არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევა, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ კომპანიას შემოსავლების დამალვა დაბრალდეს. გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს მიაწოდა ნაშთების, შემოსავლების და ხარჯების მონაცემები. საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ინვენტარიზაცია, გამოვლინდა სულ 13 218 ლარის (საბაზრო ფასით) დანაკლისი. ამასთან, შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავალი არსებითად არ განსხვავდება დეკლარირებული მონაცემისგან, სხვაობა მხოლოდ 3,1%-ია.
დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა მთელს შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენდა 2 866 471 ლარს. შემოწმების შედეგად დღგ-ის ბრუნვა განისაზღვრა 2 968 767 ლარით. მათ შორის, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი შეადგენს 13 218 ლარს. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 89 078 ლარით, რაც დეკლარირებული შემოსავლის 3,1%-ს შეადგენს. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დეკლარირებული მონაცემების კორექტირება არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პრინციპებს. მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ შაქრისა და ფქვილის ფასი მუდმივად იცვლება და ეს რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებზე ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს. აქედან გამომდინარე, მტკიცება იმისა რომ საშუალო შეწონილი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის ჩამოწერილ საქონელზე გავრცელებით მიღებული შედეგი აბსოლუტურად ზუსტია, არ არის მართებული.
ამასთან, როცა ყოველდღიურად იცვლება, როგორც შესყიდვის, ასევე რეალიზაციის ფასი, ძალიან რთულია გასაყიდი ფასის შესყიდვის ფასთან შეპირისპირება, ისე, რომ მიღებულ იქნას ფასნამატის ზუსტი მაჩვენებელი, რაზეც ნებისმიერი აუდიტორი დაეთანხმება. შემოსავლების სამსახური, ამ პირობებში გაანგარიშებული ფასნამატით არაარსებითად კორექტირებულ შემოსავალზე, ამბობს, რომ ეს არის რეალური დაბეგვრის ობიექტი და კომპანიის მიერ აღრიცხული შემოსავალი, მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი მუდმივად კეთილსინდისიერად იყენებდა საკონტროლო სალარო აპარატს. მისი სურვილიცაა, რომ მარაგები აღრიცხოს უწყვეტი მეთოდით, მაგრამ მსგავსი მეთოდის დანერგვა მოითხოვს დროს და ხარჯს, ხოლო კომპანიას არ აქვს ამდენად დიდი რესურსი, რაც შემოწმების შედეგებითაც დასტურდება.
ყველა პარამეტრით დასტურდება, რომ კეთილსინდისიერად აღრიცხავს შემოსავლებსა და ხარჯებს. ამაზე მიუთითებს სამი მნიშვნელოვანი გარემოება: არ დაჯარიმებულა 3 საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მიუხედავად, არ დაჯარიმებულა უსაბუთოდ საქონლის გადაზიდვისა თუ შესყიდვისათვის, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა არაარსებითი სხვაობა. ამას ემატება ისიც, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არსებული აუცილებელი ცდომილებების მიუხედავად, საგადასახადო ორგანოს არ მიუღია მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგი.
27.10.2023 წელს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებით „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც შემოწმების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დოკუმენტურ ფასნამატს. მოცემულ შემთხვევაში ფასნამატი განსაზღვრულია სასაქონლო ზედნადებებში და საკონტროლო შესყიდვის აქტებში მითითებული ფასების მიხედვით, რაც მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტშიც. თუკი ამჟამად სადავოდ განსაზღვრული ფასნამატით მხოლოდ 3%-ით გაიზარდა დეკლარირებული ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების შემთხვევაში, შეუძლებელია გაანგარიშებული შემოსავალი 2%-ზე მეტად აღემატებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს. ითხოვს, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული გარემოება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით, პერიოდების და სახეობების მიხედვით, დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან ბუღალტრული აღრიცხვის არარსებობის გამო შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, შემოწმების შედეგად ფასნამატის განსაზღვრა სასაქონლო ზედნადებების, საკონტროლო შესყიდვის მონაცემების და წლიური საშუალო შეწონილი მონაცემების საფუძველზე მართლზომიერია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დავის საგანი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №084-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (5); 159.