გადაწყვეტილება №25342/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2025
№ დოკუმენტი 25342/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25342/2/2025

18 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 20.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25342/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №077-12 საგადსახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12193 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 149 936,84 ლარი.

მათ შორის: დღგ - 727 200,21

ჯარიმა - 202 000,11

საურავი - 220 736,52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 11.04.2025 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა (ოქმი №934790) გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ „---“ ბანკის (PT000057) პოს-ტერმინალზე.

შემოწმების პროცესში, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ტერმინალისა და ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 4 867 202 ლარი. შემოწმებით დადგინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, 1.03.2022 წელი, რა დროსაც მისმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 92-ე, 165-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, რეგისტრაციის თარიღის შემდგომ განხორციელებული რეალიზაცია, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №077-12 საგადსახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12193 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ,მომჩივნის არგუმენტაცია

დაფუძნებული აქვს შპს ,,---“ (ს/ნ ---), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორიც თვითონ არის. შპს ,,---ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის საფუძველზეც მის მიმართ ხორციელდება გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, როგორიცაა საინკასო დავალებით საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრა, ბალანსზე რიცხული უძრავ/მოძრავი ქონების დაყადაღება. ამასთან, შპს ,,---ს“ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამდენად, კომპანიის საქმიანობა პრაქტიკულად პარალიზებულია, მაშინ როდესაც კომპანიას ნაკისრი აქვს გარკვეული ვალდებულებები მესამე პირების მიმართ. ფიზიკური პირი ---ს სახელზე, 2021 წელს, დარეგისტრირდა სს ,,----ის“ პოს ტერმინალი, რომელიც განთავსებული იქნა შპს ,,---ის“ ავტოგასამართ სადგურზე. იმისათვის, რომ კომპანიას გაეგრძელებინა ფუნქციონირება, შეძლებოდა მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება და თანხა შესულიყო შპს ,,---ის“ სალაროში, ფიზიკური პირი ---ის პირადი ანგარიში გამოყენებულ იქნა სატრანზიტო საბანკო ანგარიშად. კერძოდ, ---ის სახელზე რეგისტრირებული პოს ტერმინალის თანხები, რომელიც ეკუთვნოდა შპს ,,---“, მიღებული იყო შპს ,,----ს“ კუთვნილი საწვავის რეალიზაციის შედეგად, რეალურად ეკუთვნოდა შპს ,,----“. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ირიცხებოდა შპს ,,---ის“ მომწოდებლებთან, კრედიტორული დავალიანების დასაფარად.

ამდენად, ფიზიკური პირი ----ს შემოსავლების ან/და ბრუნვების გაანგარიშებისას, შპს ,,---ს“ მისამართზე განთავსებული პოს ტერმინალით მიღებული თანხების გათვალისწინება, სრულიად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მათი გათვალისწინება დღგ-ის გადამხდელად ----ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის დადგენის მიზნით სრულიად გაუმართლებელია და მათი----ის პირად შემოსავლად მიჩნევა დაუშვებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 4 867 202 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 1.03.2022 წელს, რის შემდეგაც განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

მომჩივანი დავის წარმოების ეტაპზე არგუმენტად უთითებს მის მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს ,,----ის“ მძიმე საგადასახადო ვალდებულებებს, რის გამოც საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი იყო და დირექტორმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, ----მ დაირეგისტრირა სს ,,--- ბანკის“ პოს ტერმინალი, სადაც შემოსავალს იღებდა შპს ,----“. საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემული არგუმენტი არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებათა თანახმად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ტერმინალის მონაცემებისა და ამონაწერების, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 4 867 202 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის პირველ მარტს, რის შემდეგაც განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165 (1,2)5 163 (1,2); 164 (1).