გადაწყვეტილება №24231/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24231/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24231/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 31.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24231/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა და აუდირებულ/მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გავრცელება;

3. დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი;

4. შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22039 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 350 842,87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 224 787

დღგ - 120 543

საშემოსავლო გადასახადი - 103 993

ქონების გადასახადი - 251

ჯარიმა - 111 922

საურავი - 14 133,8

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 27.05.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. 28.06.2024 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22039 ბრძანებით საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის ნაწილში დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის ადგილი არის ქალაქ ------- და -------. კომპანია ყიდულობს საქონელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 27.05.2024 წელს ჩაატარა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი 60 218 ლარის ოდენობით. საწარმოს 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რომლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე.

ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი (37%) და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი 581 426 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმების პროცესში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა არაპირდაპირ დათვლილი თანხების შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 49-ე, 159-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით და ვინაიდან აღნიშნული შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა, შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ-ზე ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატის გაანგარიშება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების შედეგად მიღებული აღურიცხველი ფულადი შემოსავლები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. თუმცა, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოითხოვა 2024 წლის მაისის თვის კორექტირებული დღგ-ის დეკლარაციის გათვალისწინება და არ მოხდა მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდებში შეძენილი სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები რეალიზებულია არა მხოლოდ საცალოდ არამედ ასევე დოკუმენტურად, რასაც ადასტურებს შპს „-------“-ს მიერ არაერთ კომპანიაზე გაწერილი სასაქონლო ზედნადებები. დოკუმენტურ რეალიზაციაზე მყიდველებისგან თანხის მიღება ხდებოდა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. (იხ. დანართი №4 - ხორც-პროდუქტების დოკუმენტური რეალიზაციები).

რაც შეეხება ხორც-პროდუქტებზე გავრცელებულ ფასნამატს. შპს „-------“ ხორცის დიდ პარტიას ყიდდა უმეტესად დოკუმენტურად, საბითუმოდ. ფასნამატი მერყეობს 6%-დან 10%-მდე და ერთეულ შემთხვევაში იყო 24%. გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა ფასნამატის პროცენტის ასეთი დრამატული ზრდა 37%-მდე და ასეთი რა სახის ანალოგია იქნა გამოყენებული. აღნიშნული ფასნამატის პროცენტი არის ძალიან მაღალი და შეუსაბამო შპს „-------“-ს საქმიანობასთან და კომპანიას აყენებს გაკოტრების რისკის წინაშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს საბუღალტრო პროგრამაში აქვს ჯამური ჩამოწერები, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის გამოც გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, შემოწმების ჯგუფმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით და დაიანგარიშა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე შემოწმებამ გაავრცელა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი (37%) და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და განსაზღვრული ფასნამატი არ არის სამართლიანი, თუმცა ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტების შესაბამის დამატებით დოკუმენტურ მტკიცებულებებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა და აუდირებულ/მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გავრცელება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ არ იყო აღრიცხული. გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი წერილობითი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფის მიერ გამოყენებული იქნა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებები. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი 581 426 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ გაანგარიშდა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებების სრული ღირებულება, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო საწარმოს მიერ მიღებულ ფულზე ჩაითვალა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა შეიმცირა საკუთარი კაპიტალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა და გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც აღებული იქნა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებიდან მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეწევა სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას. შეუძლებელია იმის კონტროლი ვინ რომელ ზედნადებში მიუთითა ჩვენი ავტომობილი. თავისუფლად შესაძლებელია ნებისმიერმა კომპანიამ მიუთითოს თავის ზედნადებში ავტომობილის ნომერი და სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ აღნიშნული გაკონტროლდეს.

უცნობია იმ კომპანიების ვინაობა, თუ ვინ იყენებდა ავტომობილის ნომერს თავის სასაქონლო ზედნადებებში. ერთეულ შემთხვევებში ავტომობილი ათხოვა ნაცნობს მისი პირადი მიზნებისთვის, თუმცა აღსანიშნავია რომ არ მომხდარა ამის სანაცვლოდ მხრიდან რაიმე ოდენობის თანხის მიღება.

სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს ბერკეტი, რომელიც დაიცავს არაკეთილსინდისიერი პირებისგან და ნებისმიერ პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება მიუთითოს მონაცემები იქ, სადაც რეალურად არ ფიგურირებს. აღნიშნული არის უფლებების დარღვევა, იმ ლოგიკით რა ლოგიკითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა შესაძლოა მომავალშიც დაჯარიმდეს ისეთი მომსახურებისთვის, რაც არ გაუწევია, რის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონია და არც ბერკეტი ჰქონია აღნიშნულის გაკონტროლების.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ არ იყო აღრიცხული ბუღალტრულ აღრიცხვაში. გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი წერილობითი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფმა გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრისას გამოიყენა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებები, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი ან რაიმე სახის ბერკეტი იმისათვის, რომ არ მოხდეს სხვა კომპანიების მხრიდან ზედნადებებში ავტომობილის ნომრის მითითება. თუმცა, ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან ზედნადების გამომწერი კომპანიის ახსნა-განმარტებას, რომ მათი ავტომობილის ნომრის მითითება მოხდა შეცდომით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“. აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად, საწარმოს მომწოდებელზე - შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) სალაროდან გადახდილი ჰქონდა საქონლის შეძენის ღირებულება. მეორე მხარისგან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 87 251 ლარის ოდენობით. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება - შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ წარმოუდგენია აღნიშნული დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანებების სხვაობები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს შორის არსებული სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ------- აქვს შპს „-------“-ს მიმართ დავალიანება, რომელიც გახდა პრობლემური, ვინაიდან შპს ------- შპს ------- მოლაპარაკებულ ვადებში არ გადაუხადა თანხა და დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობს სასამართლოს გზით დავის პროცედურები. შესაბამისად მათგან რაიმე სახის დასტურის მიღება დებიტორულ დავალიანებაზე ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან არ გამოდიან კონტაქტზე და თავს არიდებენ პასუხისმგებლობას. არ ვეთანხმებით აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიღებულ თანხად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ გადასახადებს. ვითხოვთ არასწორად დარიცხული გადასახადის სრული მოცულობით მოხსნას.

ითხოვს, მიეცეს საშუალება წარმოადგინოს შპს „-------“ სასამართლო დავის დაწყებასთან დაკავშირებით მტკიცებულება და ითხოვს გადაუხდელი დებიტორული დავალიანება არ ჩაითვალოს მიღებულად, ვინაიდან აღნიშნული თანხა არ აქვს მიღებული და ასეთი ზედაპირული მიდგომა აზარალებს და მიდის გაკოტრებამდე. ჯერ თავად დებიტორული დავალიანების არსებობამ ჩააყენა ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში და შემდგომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ამ მიუღებელ თანხაზე დამატებით კიდევ გადასახადების დარიცხვამ. რომლის მიღებაც არ მომხდარა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშრებით, კომპანიიდან გამოთხოვილია შედარების აქტი და ამის საფუძველზე ჩაითვალა გაცემულ ხელფასად.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18.07.2024 წლის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს. აცხადებს, რომ მან ორივე გაასაჩივრა 30 დღის ვადაში და გაუგებარია, რატომ მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტმა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 11.11.2024 წლის №105547-21-17 წერილიდან დგინდება, რომ 17.09.2024 წლის №011-5416 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმდა ვალის მართვის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №011-2460 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, აღნიშნული ბრძანების შესაბამისად შედგენილი ყადაღის აქტი და შპს „-------“ ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დავის საგანი, შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22039 ბრძანება ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა;

3. დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანია ყიდულობს საქონელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩაატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმების პროცესში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა არაპირდაპირ დათვლილი თანხების შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით და შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. შემოწმების ჯგუფის მიერ გაანგარიშდა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებების სრული ღირებულება, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო საწარმოს მიერ მიღებულ ფულზე ჩაითვალა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა შეიმცირა საკუთარი კაპიტალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

3. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანებების სხვაობები, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს. აცხადებს, რომ მან ორივე გაასაჩივრა 30 დღის ვადაში და გაუგებარია, რატომ მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტმა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;