ბრძანება N 16302

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2025
№ დოკუმენტი 16302
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16302

21 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 4 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 55) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 105105/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N EL288842 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 25 იანვარს ----- პორტიდან გამოიყვანა სატრანსპორტო საშუალება. განბაჟების ბოლო ვადა ჰქონდა 26.03.2025 წ. ისარგებლა საფასურის გადახდით გადავადებითაც 30 დღით და საბოლოო ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 აპრილს. 26, 27 აპრილი უქმე დღეებია და სატრანსპორტო საშუალების დასაწყობება ვერ განხორციელდებოდა. 2025 წლის 28 აპრილს სატრანსპორტო საშუალება მოათავსა დროებითი შენახვის ტერიტორიაზე ----- ტერმინალში. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას ან მის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციიის მიხედვით, ირკვევა, რომ 2025 წლის 27 ივნისს ----- მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: -----) საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმების მიზნით, რის შემდეგაც, სააგენტოს სპეციალისტის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი N -----.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2025 წლის 25 იანვარს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2025 წლის 26 მარტი, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით, 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდით.

გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური პირი ----- მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, 2025 წლის 27 ივნისს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N EL288842 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალება (VIN: -----) 2025 წლის 27 ივნისს მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში N -----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით. იმავე დღეს N -----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოქცეულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტი მიუთითებს, რომ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი მიუთითებს, რომ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული საქონლის დროებით შენახვის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 6) პირველი მუხლის პირველი პრიმა პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განსაზღვრამდე საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დღისათვის ამ საქონელზე არ არის ამოწურული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღშნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დღისთვის ამ საქონელზე არ იქნებოდა ამოწურული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადა.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას ან მის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადები. სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165;.