ბრძანება N 18008

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 18008
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18008

11 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.:„-------“)

2025 წლის 11 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 11 ივლისის №96767/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №001-94 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. ფასნამატთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ რეალური ფასნამატი ბევრად ნაკლებია შემოწმების მიერ გაანგარიშებულთან შედარებით, თუმცა მის მიერ წარდგენილი ცხრილი შემოწმებამ არ გაითვალისწინა. მიუთითებს, რომ დამატებით შეუძლია წარმოადგინოს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც სრულად იქნება შეყვანილი ყველა დოკუმენტური რეალიზაცია შეპირისპირებული თვითღირებულებასთან.

2. ფულის ნაშთთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ დასაბეგრი თანხა გაზრდილია 100 000 ლარით, რომელიც შემოწმების თქმით არის კრედიტორული დავალიანება, თუმცა ამ მომწოდებლებთან გაფორმდა შედარების აქტები და აღმოჩნდა, რომ ეს დავალიანება დაფარულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ რამდენიმე დღეში, შესაბამისად, ამ თანხის სესხად განხილვა უფრო მართლზომიერია. მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებას არ გამოუთვლია სალაროს გონივრული ნაშთი. ასევე, დამფუძნებლის უპროცენტო შენატანი იყო 490 000 ლარი, საიდანაც დაბრუნებული იყო 100 000 და აღნიშნული სესხი დეკლარირებული იყო მოგების გადასახადის დეკლარაციაში და ასახული იყო ბუღალტერიაშიც. მომჩივანი აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11512 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №001-196 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 28 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11512 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 6 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 ივნისის №001-94 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. კერძოდ, დაკავშირებული ჰქონდა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, სადაც რეალიზაციის დოკუმენტებში შესწორებული იყო საქონლის რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული ჰქონდა შეძენის ის დოკუმენტი, რომელშიც საქონლის თვითღირებულება ყველაზე მაღალი იყო. ასევე, ფიქსირდებოდა ისეთი დაკავშირებაც, როცა რეალიზაციის თარიღი უსწრებდა შეძენის თარიღს ან არ ედრებოდა საქონლის დასახელებას. რაც შეეხება დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრას, შემოწმებით დადგინდა რომ სასაქონლო ზედნადებებზე ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონელი. შესაბამისად, საქონელი გაიმიჯნა სახეობების დეტალური გავლის შედეგად და შემოწმება არ დაყრდნობია სასაქონლო ზედნადებებზე დატანილ კომენტარებს. ასევე, შემოწმების პროცესში ფასნამატის გამოთვლა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა რპთ-ის საკითხის გავლა, რაზეც გადამხდელმა არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი, სადაც ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ შემოწმების მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს მიკუთვნებულია ლატექსის ხელთათმანი, რომელიც დასაბეგრი საქონელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ სადავო საკითხში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა ზემოაღნიშნული საკითხების გავლა, რაზეც ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები. გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ შემოწმებით არ მომხდარა დამფუძნებლის მიერ საწარმოში თანხის შეტანის გათვალისწინება, შესაბამისად სესხის თანხის ჩართვა არ მომხდარა შემოსავალში განკარგვადი თანხის დათვლის დროს და შესაბამისად, არც სალაროდან გასავლის ნაწილში მომხდარა აღნიშნული თანხის გათვალისწინება. შემოწმებამ სალაროდან გასავლის ნაწილში გაითვალისწინა მხოლოდ 150 000 ლარი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდამდე (2019 წელს) საქმიანობის დასაწყისისთვის ჩათვალა საჭიროდ. რაც შეეხება დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯის გათვალისწინებას, აღნიშნული საკითხის გავლა მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად აუდიტის დეპარტამენტში და გადამხდელს არგუმენტი არ წარმოუდგენია. კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში სრულყოფილად არ მომხდარა დოკუმენტების წარმოდგენა, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა მესამე პირებისგან ურთიერთშედარების აქტების გამოთხოვა, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრა კრედიტორული დავალიანების ოდენობა. გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების პროცესში ვერ წარმოადგინა რაიმე სახის არგუმენტი, რაც გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. კერძოდ, დაკავშირებული იყო შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, სადაც რეალიზაციის დოკუმენტებში შესწორებული იყო საქონლის რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული იყო შეძენის დოკუმენტი საქონლის ყველაზე მაღალი თვითღირებულებით, ასევე, ფიქსირდებოდა ისეთი დაკავშირებაც, როდესაც რეალიზაციის თარიღი უსწრებდა შეძენის თარიღს ან არ ედრებოდა საქონლის დასახელებები. დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრასთან მიმართებით, შემოწმებით დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებებზე ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონელი. შესაბამისად, საქონელი გაიმიჯნა სახეობების დეტალური გავლის შედეგად და შემოწმება არ დაყრდნობია სასაქონლო ზედნადებებზე დატანილ კომენტარებს. ასევე, შემოწმების პროცესში ფასნამატის გამოთვლა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა რპთ-ის გავლა, რაზეც გადამხდელმა არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფგორმაციის დამუშავების შესაბამისად განისაზღვრა სალაროში ნაშთად არსებული თანხა, რაც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილ ფულის ნაშთში გონივრული ნაშთი გათვალისწინებული არ არის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით, დადგენილია გონივრული ნაშთის გაანგარიშების და გათვალისწინების პირობები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

2.მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებას არ გამოუთვლია სალაროს გონივრული ნაშთი. ასევე, დამფუძნებლის უპროცენტო შენატანი იყო 490 000 ლარი, საიდანაც დაბრუნებული იყო 100 000 და აღნიშნული სესხი დეკლარირებული იყო მოგების გადასახადის დეკლარაციაში და ასახული იყო ბუღალტერიაშიც. მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგინდა რომ სასაქონლო ზედნადებებზე ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონელი. შესაბამისად, საქონელი გაიმიჯნა სახეობების დეტალური გავლის შედეგად და შემოწმება არ დაყრდნობია სასაქონლო ზედნადებებზე დატანილ კომენტარებს. ასევე, შემოწმების პროცესში ფასნამატის გამოთვლა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა რპთ-ის საკითხის გავლა, რაზეც გადამხდელმა არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი, სადაც ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ შემოწმების მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს მიკუთვნებულია ლატექსის ხელთათმანი, რომელიც დასაბეგრი საქონელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ სადავო საკითხში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

2.შემოწმებამ სალაროდან გასავლის ნაწილში გაითვალისწინა მხოლოდ 150 000 ლარი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდამდე (2019 წელს) საქმიანობის დასაწყისისთვის ჩათვალა საჭიროდ. რაც შეეხება დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯის გათვალისწინებას, აღნიშნული საკითხის გავლა მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად აუდიტის დეპარტამენტში და გადამხდელს არგუმენტი არ წარმოუდგენია. კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში სრულყოფილად არ მომხდარა დოკუმენტების წარმოდგენა, შემოწმების მიერ,სსკ-ის 70-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა მესამე პირებისგან ურთიერთშედარების აქტების გამოთხოვა, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრა კრედიტორული დავალიანების ოდენობა. გადამხდელმა გადაანგარიშების პროცესში ვერ წარმოადგინა რაიმე სახის არგუმენტი, რაც გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

75(5,9),101,154,304(21).

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება.