გადაწყვეტილება №24417/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 24417/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24417/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --------ძე -------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ძე -------- ის 9.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24417/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №001-117 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24909 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 025,8 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 9 324

ჯარიმა - 4 662

საურავი - 2 039,8

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10884 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №14072 ბრძანება და 18.06.2024 წლის №001-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.10.2024 წლის №23841/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2024 წლის №24909 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 2023 წლის იანვარი, მაისი და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამდენად, დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლის პირველი ნაწილზე არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად შესწავლილი. მეწარმე შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებდა არასწორად (საკასო მეთოდით) და შესაბამისად დღგ-ის ბრუნვებში შემოსავლის დეკლარირებაც ხდებოდა საკასო მეთოდით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული და არ შეამცირეს არასწორ საანგარიშო პერიოდებში ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია გადასახადის არასწორად განსაზღვრა, ხოლო სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, პერიოდის ცვლილების გამო.

ამასთან, საბჭოს მიმდინარეობისას საჩივრის განხილვისას თავად აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომდევნო საანგარიშო თვეებში იყო დაბეგრილი ზუსტად ის თანხები, რაზეც გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვრის, მაისის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული. აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს, არ აქვს დღგ-ის დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მეწარმე შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებდა არასწორად (საკასო მეთოდით) და შესაბამისად დღგ-ის ბრუნვებში შემოსავლის დეკლარირებაც ხდებოდა საკასო მეთოდით. განხორციელებული შემოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული აღნიშნული საკითხი და არ შემცირდა არასწორ საანგარიშო პერიოდებში ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია გადასახადის არასწორად განსაზღვრა, ხოლო სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა პერიოდის ცვლილების გამო.

მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10884 ბრძანების გამოცემამდე, იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის №001-117 საგადასახადო მოთხოვნით, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა დამატებით დაეკისრა, ჯარიმა - 4 662 ლარი და საურავი - 2 039,8 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24909 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დადასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10884 ბრძანების გამოცემამდე, იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამის კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №10884 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14072 ბრძანება და №001-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №23841/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №24909 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10884 ბრძანების გამოცემამდე, იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7) ; 275(2);