გადაწყვეტილება №19509/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19509/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19509/2/2023

11 მაისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19509/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №EL203939 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8400 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 289.45 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2023 წლის 3 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს ----------“ მიერ (ს/ნ ----------) №---------- ინვოისის საფუძველზე, №20010/1454119 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი №---------- საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი.

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 15 მარტის №002383/2023 საექსპერტო დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3 029.82 აშშ დოლარი.

მომჩივანს, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების გამო, 2023 წლის 24 მარტის №EL203939 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 289.45 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8400 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქონლის საბაჟო ღირებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის მარტის თვეში საბაჟოზე შემოვიდა ნოუთბუქი, რომელიც რეალურად შეძენილი აქვს 250 დოლარად. ნივთი შეძენილი აქვს ebey.com-ზე. ნოუთბუქის აღწერაში მითითებული იყო, რომ არის დაზიანებული (აქვს ქარხნული წუნი). გამყიდველთან შეთანხმდა 250 აშშ დოლარით შეძენაზე და ნამდვილად 250 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

საჩივარზე დართულია გადახდის ქვითარი საქართველოს ბანკის და ფეიფალის, ასევე გააჩნია ინვოისი, რომელიც მის არგუმენტებს ამყარებს. მებაჟეს გაუხსნა მისი ექაუნთები (საჭიროების შემთხვევაში თანახმაა, წვდომა გადმოგვცეს მის იბეის მომხმარებლის ანგარიშზე, რომ გადამოწმდეს შესყიდვა). აღნიშნულის მიუხედავად, მებაჟემ მიიჩნია, რომ მას ეკუთვნოდა ჯარიმა 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

თუ გამოგზავნის დროს გამყიდველს რაიმე შეეშალა, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამაზე, ასევე ფიქრობს რომ გადასახედია ნოუთბუქის საბაზრო ფასი, რომელიც მებაჟემ მისი აზრით შეაფასა არასათანადოდ და ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე არის მითითებული ამ ნოუთბუქის ფასი ვებ გვერდზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ ინვოისის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი, რომლის საბაჟო ღირებულებამ, 15.03.2023 წლის №---------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 3 029.82 აშშ დოლარი.

მომჩივანი არ უარყოფს, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი. მისი განმარტებით, თუ გამოგზავნის დროს გამყიდველს რაიმე შეეშალა, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამაზე, ასევე ფიქრობს რომ გადასახედია ნოუთბუქის საბაზრო ფასი, რომელიც მებაჟემ შეაფასა არასათანადოდ და ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე არის მითითებული ამ ნოუთბუქის ფასი ვებ გვერდზე. თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

ამგვარად, ვინაიდან მომჩივანმა დეკლარაციაში არასწორად მიუთითა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულება, რამაც გამოიწვია საბაჟო დეკლარაციაში იმპორტის გადასახდელის შემცირება, მის მიმართ საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორ მონაცემებს და ითხოვს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის მარტის თვეში საბაჟოზე შემოვიდა ნოუთბუქი (აქვს ქარხნული წუნი), რომელიც რეალურად შეძენილი აქვს 250 დოლარად. საფოსტო გადამზიდავის მიერ ინვოისის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი, რომლის საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 3 029.82 აშშ დოლარი.

 

გადაწყვეტილება

ამგვარად, ვინაიდან მომჩივანმა დეკლარაციაში არასწორად მიუთითა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულება, რამაც გამოიწვია საბაჟო დეკლარაციაში იმპორტის გადასახდელის შემცირება, მის მიმართ საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 70(1); 37(2); 13(2)