გადაწყვეტილება №18874/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18874/2/2023
23.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 14.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18874/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2022 წლის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28687 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 281 481 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 156 482
დღგ - 51 305
საშემოსავლო გადასახადი - 105 177
ჯარიმა - 75 845
საურავი - 49 154
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 22 მარტიდან 2021 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტერია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაანგარიშების ცხრილები, ახსნა-განმარტებები და ხელშეკრულებები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად. კერძოდ, ბუღალტრულ აღრიცხვაში შეძენილი და წარმოებული პოლიეთილენის პარკები აქვს მხოლოდ აღრიცხული/ჩამოწერილი ინდივიდუალურად, ხოლო დანარჩენი შეძენილი საქონელი კი - ჯამურად. 2019 წლის ივლისში გადამხდელზე გამოწერილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასაქონლო ზედნადების გამოწერის გარეშე ტრანსპორტირებაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, რეალიზაციისა და შეძენის დოკუმენტების დაკავშირების შედეგად, შედგენილი იქნა საქონლის მოძრაობის ცხრილი. იდენტიფიცირებულ საქონელზე გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით წარმოადგენს 2019 წელს 34%-ს, ხოლო 2020-2021 წლებში - 33%-ს. წლების მიხედვით დოკუმენტური რეალიზაციის წილი მცირდება. გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ფასნამატს ანალოგიურ საქონელზე წარმოადგენს 15%.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ შეძენილი სმფ-ები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებული იქნა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა თვეების შესაბამისად, ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, თვეების მიხედვით, გაზრდილი რეალიზაციის თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით გაცემულად შესაბამის პერიოდში მყოფ საწარმოს დირექტორებზე. შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.03.2022 წლის №7364 ბრძანება და 24.03.2022 წლის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28687 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან კომპანია აღრიცხვაში საბუღალტრო პროგრამა გამოყენებული აქვს, ხოლო აღრიცხვის მეთოდების შერჩევას კანონმდებლობა არ ზღუდავს. საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით და წესით. სააღრიცხვო ჩანაწერები/რეგისტრები ცხრილები ნაწარმოებია ბუღალტრულ პროგრამაში. საქონელი შეძენილია მხოლოდ ადგილობრივი მომწოდებლებისაგან, რომელზეც არსებობს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. შეძენილ და რეალიზებულ საქონელზე ყოველთვიურად ნაწარმოებია გაანგარიშებები, დაფიქსირებულია საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები, რომელთა საფუძველზეც შედგენილია ყოველწლიური ბალანსი. შესაბამისად, თვლის, რომ გააჩნია ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გადაეცა შემოწმებლებს. არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულად განსაზღვრა და დადგენა.
სამწუხაროდ არ მომხდარა ამ დოკუმენტების სრულყოფილი შესწავლა, რაც გახდა მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებში ცალკეული ოპერაციების გამოტოვება, რომელიც გამოწვეულია გადამხდელის ტექნიკური შეცდომით არ შეიძლება გამხდარიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. საკონტროლო-სალარო აპარატიდან ქვითრის გაცემასთან დაკავშირებით კომპანია არ დაჯარიმებულა.
არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულიად საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საქმიანობაზე სათანადო კონტროლის განხორციელება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემმოწმებლების მიერ გამოყენებული იქნებოდა არაპირდაპირი მეთოდი, დაფიქსირებული ფასნამატი არარეალურია, ვინაიდან რიგ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასებს და შესაბამისად, ფასნამატს განსაზღვრავდა თავად საქონლის მომწოდებელი, რაც ყველა შემთხვევაში დაბალია შემმოწმებლების მიერ დაფიქსირებულ ფასნამატთან შედარებით. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოწმების აქტში (დასკვნითი დებულებების და რეკომენდაციების გრაფაში) მითითებულია, რომ გადამხდელმა წარადგინა ორის ბუღალტერია და გაანგარიშების ცხრილები.
სადავოა ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა თუ არა. ერთის მხრივ საგადასახადო ორგანო მიუთითებს, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ წარადგინა ორის ბუღალტერია და გაანგარიშების ცხრილები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის გამოყენებით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 80%-ს შეადგენდა საქონლის (პოლიეთილენის პარკები) წარმოებას, რაზეც აღრიცხვა ნაწარმოები ჰქონდა სრულყოფილად, შესაბამისად ამ ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ მომხდარა, ხოლო 20%-ს წარმოადგენდა პოლიეთილენის შეძენა-რეალიზაცია, რომელზეც აღრიცხვა არ წარმოებდა სრულყოფილად, კერძოდ, საქონლის ჩამოწერას ახდენდა ყოველი თვის ბოლოს ჯამურად, რის გამოც შეუძლებელი იყო ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სრულად განსაზღვრა. გამომდინარე აქედან, დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.