ბრძანება N 25909
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25909
10 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის:„--------“)
2024 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ „--------“) №92816/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 ოქტომბრის №EL266120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, 24 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურს განცხადებით აცნობა, კომპანიის საწყობში საბაჟო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე საქონლის უკანონო გადმოტვირთვაგანკარგვის შესახებ. ქმედება მიზნად არ ისახავდა გადასახადისგან თავის არიდებას და ის გამოწვეული იყო შეცდომით, რომლის აღმოჩენისთანავე აცნობა საბაჟო ორგანოს. ტვირთი ხელუხლებლად განთავსებულია კომპანიის საწყობში, თუმცა საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა მისი იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ შპს „-------“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და აღნიშნულის გამო უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ------- -ის “ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №„--------“ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი საქონელი (საკონდიტრო ნაწარმი – 19 277კგ). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დარეგისტრირდა №„--------“ (19/10/2024) აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“.
შპს „-------- -ის “ 2024 წლის 24 ოქტომბრის №"------" განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“-ის ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
2024 წლის 29 ოქტომბერს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-------- -ს “ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რაზეც შედგა დათვალიერების აქტი №29/10/2024.
ვინაიდან შპს „------- -ს “ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 29 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL266120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------- ს “ (ს/ნ"------" ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 25 779.18 ლარის (იდენტურ მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან ერთად, 2024 წლის 29 ოქტომბერს გამოიცა №EL11116/27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „--------- ს “ (ს/ნ "------") იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 25779.18 ლარი (იმპორტის გადასახადი – 6 845 ლარი; დღგ – 18934.18 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ №"------" (19/10/2024) აღრიცხვის მოწმობას დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“, თუმცა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-------- -ს “ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განგარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მომჩივანს საქონლის საბაჟო პროცედურაში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი საბაჟო კონტროლის განხორციელებისა და საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვალდებულების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მისი მხრიდან მაინც განხორციელდა ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე,მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა (იდენტურ მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) .
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
172.