ბრძანება N 17219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2024
№ დოკუმენტი 17219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17219

22 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---”-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის პირველი და 2 ივლისის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „---”-ის (ს/ნ ---) 2024 წლის პირველი ივლისის №90477/1/2024 და 2 ივლისის №109923/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის №081-124 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ შემოწმებას ელექტრონული და მატერიალური სახით მიეწოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა სრულად და კვალიფიციურად შესწავლილი და გადასახადების დაანგარიშება განხორციელდა სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული მსჯელობების საფუძველზე.

გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლის აღიარების ნაწილში არ არის გათვალისწინებული უცხოურ ვალუტაში ჩარიცხული თანხების განაღდების (ნაღდი ფულის სალაროში შემოსვლა) თარიღების კურსი, რომლითაც უგულვებელყოფილია ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი გარემოებებით შეუძლებელია დადგენა რომელ რეალიზებულ საქონელზე არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტი, როდესაც ამავე აქტშია მოცემული ფაქტი, რომ შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ წარმოდგენილია 5 029 ერთეული ფიზიკური პირებისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორის) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გარდა შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხებისა, შეადგენს 2 076 227 ლარს, რაც 1 777 025 ლარით მეტია შემოწმებით დადგენილ ხარჯებზე, მათ შორის: 2020 წელს შეძენილი და 2021 წელს რეალიზებული სმფ-ების დავალიანების და აღებული სესხის ნაწილის დასაფარად გადახდილი თანხა, ბანკის საკომისიოს თანხები, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების თანხები, ასევე დამფუძნებელზე გადახდილი და დეკლარირებული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ხელფასის სახით გაცემული და საპენსიო შენატანის სახით გადახდილი თანხები. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას. ამასთან, გადამხდელს საჩივრებზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27560 და 19 დეკემბრის №32034 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---”-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ივნისის №13057 ბრძანება და ამავე თარიღის №081-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 534 914 ლარი, მათ შორის, გადასახადი 790 164 ლარი, ჯარიმა 395 182 ლარი, საურავი 349 568 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზებული ფილტრის (კატალიზატორის) შეძენა ფიზიკური პირებისგან და ექსპორტი. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია 5 029 ერთეული, ფიზიკური პირისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორი) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი. საწარმოს წარმომადგენილის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით საწარმოს ექსპორტიდან მიღებული აქვს შემოსავალი 13 839 427 ლარი. 2021 წლის შემდეგ საწარმო წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას.

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით (სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის მიხედვით), კერძოდ: გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75% - 10 379 570 ლარი, ასევე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სულ 299 202 ლარის ოდენობით, შესაბამისად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 3 160 655 ლარი.

შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის 3 160 655 ლარის (გადასახადების გარეშე) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია 5 029 ერთეული, ფიზიკური პირისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორი) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი. საწარმოს წარმომადგენილის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით საწარმოს ექსპორტიდან მიღებული აქვს შემოსავალი 13 839 427 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება.

შემოწმების მიერ ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75% - 10 379 570 ლარი, ასევე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სულ 299 202 ლარის ოდენობით.

ამასთან, მიღებული შემოსავლის და დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის ნაშთის განსაზღვრისას, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა უცხოური ვალუტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დღეს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად, ხოლო საქონლის შეძენის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით და ჩათვლილ იქნა მიღებული შემოსავლის 75 %, ასევე გათვალისწინებულ იქნა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული, მათ შორის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ხარჯები, ხოლო შემოწმების დროს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში საწარმოს მიერ როგორც აღებული სესხი, ასევე აღნიშნული სესხის დაფარვისთვის გადახდილი თანხები არ იღებს მონაწილეობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----”-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75%.

შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 105; 72; 73 (4,9); 101; 154.