ბრძანება N 4955
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4955
15.03.2023
ფ/პ ---------- (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
(იურიდიული მის: ----------)
2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის (ოქმი №5) და 17 თებერვლის (ოქმი №15) სხდომებზე განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) №235253/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №21-17/117111 გადაწყვეტილებას და ითხოვს მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე (----------) შპს -----------ის (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებების გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მისმა მეუღლემ, რომელიც გარდაიცვალა 2012 წელს შპს ----------გან შეიძინა სატრანსპორტო საშუალება. გარდაცვალების გამო ვერ მოახერხა ავტომობილის საკუთარ სახელზე გადაფორმება და მასზე გავრცელდა ყადაღა, ვინაიდან შპს ----------წარმოეშვა ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. ყადაღის მოხსნის თაობაზე მიმართა სასამართლოს და 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით ავტომობილი გათავისუფლდა ყადაღისაგან და მესაკუთრედ იქნა ცნობილი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილზე შპს ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ---------- (ს/ნ ----------) 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს ---------- (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე 2014 წლის 10 დეკემბრის №007-31556 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2016 წლის 29 ივნისის №011-1097 ბრძანება შპს ---------- (ს/ნ ----------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს შპს ---------- (ს/ნ ----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ----------, (საიდენტიფიკაციო ნომერი: ----------) შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი, რომელიც შესანახად ჩაბარდა ---------- (ს/ნ ----------). 2022 წლის 13 დეკემბერს ფ/პ ----------(პ/ნ ----------) №226341/21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შპს ----------(ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (----------, საიდენტიფიკაციო ნომერი: ----------) გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება. გადამხდელის განცხადება არ დაკმაყოფილდა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №21-17/117111 წერილით ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის
ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/25088-2019), სადაც აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. კერძოდ, 2009 წელს შპს „----------“ შპს „----------“ შეიძინა ავტომანქანა --------------------, სახელმწიფო ნომრით ----------. 2012 წელს შპს „----------“ ---------- შეიძინა აღნიშნული ავტომანქანა. ავტომანქანა დაყადაღებულია რამდენიმე კომპანიის მიერ. ---------- გარდაიცვალა, მისი პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს ----------ე. 2014 წლის 11 ივლისიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა საპატრულო პოლიციას ავტომობილის დაკავების შესახებ. ასევე დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნულ ავტომანქანაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს შპს „----------“ ვალდებულებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ---------- ცნობილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების (----------) მესაკუთრედ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებასა (საქმე №2/25088-2019) და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ---------- საიდენტიფიკაციო ნომერი: ----------) შპს---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----------(პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ----------4, საიდენტიფიკაციო ნომერი: ----------) შპს ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები;
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.