ბრძანება N 651
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 651
22 იანვარი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 23 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 23 დეკემბრის №99533/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის №125-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. მიუთითებს, რომ 2024 წლის პირველ ნოემბერს ღამით ქალაქ „--------“-ში მდებარე გადამხდელის სავაჭრო ობიექტში, გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა ხანძარი და დაიწვა როგორც სავაჭრო ფართი, ასევე განადგურდა აღნიშნულ სავაჭრო ფართში მდებარე საქონელი (წარმოდგენილია ფოტოები). აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე, მათი ინფორმაციით დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, რაზედაც დამატებით ინფორმაციას წარმოადგენენ მიღებისთანავე. საგულისხმოა, რომ შემოწმების პერიოდში ხანძრის შედეგად დამწვარი და განადგურებული საქონელი სათანადო წესით ჩამოწერილი არ ყოფილა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელს მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია, შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული. მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემოწმებისას და გადასახადის დარიცხვისას. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის დარიცხული გაუქმებას დარიცხული გადასახადისა და სანქციის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8687 და 7 ნოემბრის №24650 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნით 2025 წლის 5 მაისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ნოემბრის №25977 ბრძანება და ამავე თარიღის №125-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 418 622 ლარი, მათ შორის გადასახადი 259 848 ლარი, ჯარიმა 129 335 ლარი და საურავი 29 439 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 1%-ს. რეალიზაციას ახორციელებს იჯარით აღებულ 3 კომერციულ ფართში, ქალაქ „--------“-ში და სოფელ „--------“-ში. საქონლის შეძენას ახდენს მხოლოდ ადგილობრივად, სადისტრიბუციო კომპანიების მეშვეობით. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში. საქონლის ჩამოწერას ახდენს თვის ბოლოს, თანხობრივად. ბუღალტრული ფასნამატი შეადგენს 15%-ს. 05.05.2025 წელს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №8619 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დადგენილი იქნა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა, რომლის თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა ბუღალტრული პროგრამის ფასნამატის და პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 73-ე მუხლებით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები დაკავშირებული იქნა რეალიზაციის დოკუმენტებთან და ინვენტარიზაციის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრულ თვითღირებულებასთან. ამასთან, თითოეული დასახელების პროდუქციას მიენიჭა კონკრეტული კატეგორია, კატეგორიების მიხედვით მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო 16%) გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე შესაბამისი კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით), რის შედეგადაც გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
● შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ცნობა და ბუღალტრული პროგრამა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7817 და ამავე წლის №8619 ბრძანებების საფუძველზე, 2025 წლის 5 მაისს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნით. დადგენილი იქნა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა, რომლის თვითღირებულება განსაზღვრული იქნა შემოწმების მიერ. ასევე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49- ე, 73-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ იქნა მიღებული შემოსავალი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების, საბანკო ამონაწერების, დოკუმენტურად დადასტურებული და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა სალაროში ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ინვენტარიზაციის შედეგის მიხედვით ვერ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 16 იანვარს 13:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ხოლო, მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლომატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილის ძალაში შესვლამდე განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია:
ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი.
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძლეველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:
ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას;
გ) „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას“ (დანართი №244)
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, თითოეული დასახელების პროდუქციას მიენიჭა კონკრეტული კატეგორია, კატეგორიების მიხედვით მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო 16%) გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე შესაბამისი კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით), რის შედეგადაც გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების, საბანკო ამონაწერების, დოკუმენტურად დადასტურებული და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა სალაროში ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ინვენტარიზაციის შედეგის მიხედვით ვერ დასტურდება. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, თუმცა საჩივარში აღნიშნული არგუმენტის- ხანძრის შესახებ, შემოწმებისთვის ცნობილი გახდა გადამხდელთან შემოწმების შედეგების გაცნობის მომენტში. ამასთან, როგორც გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, განადგურებული სმფ-ების შესაბამის პერიოდში აღრიცხვა და ჩამოწერა არ მომხდარა, რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითაც.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის დარიცხული გაუქმებას დარიცხული გადასახადისა და სანქციის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
● გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა.დადგენილი იქნა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა, რომლის თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა ბუღალტრული პროგრამის ფასნამატის და პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით.სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით,გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
●ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნით. დადგენილი იქნა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა. ასევე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა.ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა სალაროში ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ინვენტარიზაციის შედეგის მიხედვით ვერ დასტურდება.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.