გადაწყვეტილება №17812/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17812/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 22.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17812/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და გაანგარიშებული ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №002-436 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22964 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 952 508 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 506 243
დღგ - 102 063
საშემოსავლო გადასახადი - 409 207
ქონების გადასახადი - (-5 027)
ჯარიმა - 251 952
საურავი - 194 313
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა რესტორნის ფუნქციონირება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო: საწარმოს უფიქსირდება რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი ქ. ----------, ---------ში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა სარესტორნო საქმიანობის აღრიცხვის პროგრამის ამონაწერი და წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ხოლო ვერ წარადინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი. სარესტორნე აღრიცხვის პროგრამის ამონაწერებით დადგინდა რეალიზებული კერძების რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი, ხოლო პროგრამის ამონაწერი არ მოიცავს წარმოებული კერძის თვითღირებულებას, მასზე გახარჯულ მასალებს. გადამხდელს არ აქვს წარმოების პროცესის აღრიცხვა, არ არის დაფიქსირებული მიღებული ნედლეული სახეობების მიხედვით, არ არის განხორციელებული ნედლეულის ჩამოწერა კალკულაციების მიხედვით, არ არის დაფიქსირებული წარმოებული კერძების რაოდენობები სახეობების მიხედვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. წარმოებული პროდუქციის ფასნამატის ანალიზისთვის შემოწმებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის წარდგენილი კალკულაციები. კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშდა ყველაზე ხშირად გაყიდვადი კერძების და სასმელის ფასნამატები სახეობების მიხედვით (17 დასახელების კერძი და 7 დასახელების სასმელი). აღნიშნული მეთოდით, შემოწმებისას გაანგარიშდა საშუალო შეწონილი ფასნამატი. საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თითოეული სახეობის გაყიდვების ხვედრითი წილი საერთო გაყიდვებში. ამგვარად გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი კერძებისთვის შეადგენს 256%-ს, ხოლო სასმელისთვის 277%-ს. გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილ საქონელზე გავრცელდა კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი (კერძის ინგრედიენტებზე - 256%, ხოლო სასმელზე - 277%). გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მიწოდებული შიდა აღწერით დადგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი 34 371 ლარის ოდენობით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, რის შედეგადაც გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული ფული, რომელიც შემცირდა დოკუმენტითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებით, გაცემული ხელფასებით, საიჯარო გადასახდელებით, ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადებით და საბანკო ხარჯებით. ამგვარად, გაანგარიშდა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 291-ე და 275-ე მუხლების მიხედვით, დაეკისრა ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2021 წლის №40943 ბრძანება და №002-436 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 ნაწილებით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით და 161-ე მუხლით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ იყენებს სარესტორნე პროგრამა „სუფრას“, რომელშიც ხორციელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, კალკულაციებისა და რეალიზებული კერძების/სასმელების რაოდენობრივი/თანხობრივი აღრიცხვა.
შემოწმებისას გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ 17 დასახელების კერძი და 7 დასახელების სასმელი (რეალიზაციის სრული მოცულობის 37%), მაშინ როცა ზემოაღნიშნული პროგრამის გამოყენებით შესაძლებელი იყო თითოეული კერძის ფასნამატის გაანგარიშება ინდივიდუალურად. ასევე, აღნიშნავს, რომ გარკვეული დასახელების საქონელი, მაგალითად, რძე, ღვინო და ა.შ. შემოწმებისას რეალიზაციაში ჩართულია, როგორც სასმელი, თუმცა აღნიშნული გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენება კერძების წარმოებაში. ასევე, რიგ შემთხვევებში კერძის/სასმლის კატეგორია მინიჭებული აქვს ძირითად საშუალებებს და ისეთ საქონელს, რომლებიც სამეურნეო დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი. მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მათ მიერ ჩატარებული გაანგარიშების შედეგები მკვეთრად განსხვავდება შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან, კერძოდ, კალკულაციებზე დაყრდნობით გაიანგარიშა 40 დასახელების კერძი და 17 დასახელების სასმელი (რეალიზაციის სრული მოცულობის 50%), რაზეც მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი კერძების შემთხვევაში 170%-ია, ხოლო სასმელის შემთხვევაში 252% (მათ შორის დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მიღება-ჩაბარების აქტებით).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. წარმოებული პროდუქციის ფასნამატის ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის წარდგენილი კალკულაციები. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მიწოდებული შიდა აღწერით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო გაანგარიშებული ფულის ნაშთი, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, წარმოების პროცესის აღრიცხვა არ ხდებოდა, მიღებული ნედლეული სახეობების მიხედვით არ ფიქსირდებოდა, ნედლეულის ჩამოწერა არ ხორცილდებოდა კალკულაციების მიხედვით, წარმოებული კერძების რაოდენობების აღრიცხვა არ იყო სახეობების მიხედვით. ასევე, შემოწმებისას გათვალიწინებული იქნა რძე და ღვინო იმ ოდენობით, რასაც გადასახადის გადამხდელი შესაბამისად, ყავის ან/და კერძების დასამზადებლად იყენებდა.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ფასნამატის შესახებ მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გაზიარების, შემოწმებისას განსაზღვრული და გავრცელებული ფასნამატის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.