ბრძანება N 1955
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1955
02 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------)
2026 წლის 5 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) №99767/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 დეკემბრის №056-82 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასანამატს და განმარტავს, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საბითუმო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასებიც. შესაბამისად, 2024 და 2025 წელს დაფიქსირებული საცალო გასაყიდი ფასის საფუძველზე დაფიქსირებული ფასნამატის მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გავრცელება არასწორია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22851 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 8 დეკემბრის №26956 ბრძანება და ამავე თარიღის №056-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 741 691 ლარი, მათ შორის გადასახადი 460 254 ლარი, ჯარიმა 185 238 ლარი და საურავი 96 199 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2003 წლის 16 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 30 მარტიდან. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სპორტული შარვლების, ზედებისა და ორეულების, ასევე, ბრიჯებისა და ელასტიკების იმპორტი ----- და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად რეალიზაციის 95% ხორციელდება პირველადი დოკუმენტის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები) გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილია ----- ბაზრობა, გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია ერთი სალარო აპარატი. პირს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ბანკის ცნობები და ამონაწერები, ასევე, ექსელის ცხრილები სადაც თვის ჭრილში აღრიცხულია თანხობრივად საქონლის შეძენა, ასევე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და სალარო აპარატზე აღრიცხული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელმა, წარადგინა საქონლის თანხობრივი ნაშთები პერიოდების მიხედვით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 2 385 381 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 732 387 ლარს, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალია 70 925 ლარი (დოკუმენტური რეალიზაციის სიმცირის გამო გადასახადის გადამხდელის ფასნამატის დადგენა ვერ ხერხდება). პირის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 11%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №6949 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც შეძენილ იქნა და ფასების ფიქსაცია განხორციელდა სპორტულ შარვლებზე, აღნიშნული მიმდინარე კონტროლის მასალებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით სპორტულ შარვლებზე დადგენილმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 56%. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №24071 ბრძანების საფუძველზე პირთან კვლავ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც შეძენილ იქნა და ფასების ფიქსაცია განხორციელდა სპორტულ შარვალზე, სპორტულ ზედასა და სპორტულ ორეულზე. მიმდინარე კონტროლის მასალებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით სპორტულ შარვლებზე დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 55%, სპორტულ ზედაზე 96%, ხოლო სპორტულ ორეულზე 98% (თითოეული საქონლის კატეგორიაზე ერთეულის თვითღირებულებად გამოყენებულ იქნა იმპორტირებული საქონლის ერთეულის ყველაზე მაღალი ფასი). აღსანიშნავია რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონლის 80%-ს შეადგენს სპორტული შარვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 80-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით გაანგარიშებული ფასნამატები (სპორტულ შარვლებზე 55%, სპორტულ ზედაზე 96% სპორტულ ორეულზე 98%, სხვა საქონელზე საშუალო ფასნამატი 59%), შედეგად შემოწმებით დამატებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 081 202 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი გაიზარდა ჯამში 883 611 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის
გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის სწორად დადგენის შესაძლებლობას, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც დადგენილ იქნა, როგორც საშუალო, ასევე, საქონლის კონკრეტულ კატეგორიებზე დადგენილი შესაბამისი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომლებზეც გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით გაანგარიშებული ფასნამატი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დოკუმენტური რეალიზაციის სიმცრის გამო ვერ იქნა დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებულ საქონელზე გაევრცელებინა მიმდინარე კონტროლის პროცედურით დადგენილი ფასნამატი, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასანამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სპორტული ტანსაცმლის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად რეალიზაციის 95% ხორციელდება პირველადი დოკუმენტის გარეშე.
შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 2 385 381 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 732 387 ლარს, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალია 70 925 ლარი (დოკუმენტური რეალიზაციის სიმცირის გამო გადასახადის გადამხდელის ფასნამატის დადგენა ვერ ხერხდება). პირის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 11%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა. პირს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით გაანგარიშებული ფასნამატები (სპორტულ შარვლებზე 55%, სპორტულ ზედაზე 96% სპორტულ ორეულზე 98%, სხვა საქონელზე საშუალო ფასნამატი 59%), შედეგად შემოწმებით დამატებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 081 202 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი გაიზარდა ჯამში 883 611 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);159(1):163(1,2);164(1):100(1);105(1);