გადაწყვეტილება №20359/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20359/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 13.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20359/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის სხვაობის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №024-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 262 432 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 148 411
ჯარიმა - 74 204
საურავი - 39 817
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრულ პროგრამის (ორისი) მონაცემების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი ნულოვანი მაჩვენებლით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. ყოველივე აღნიშნულის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ მოწოდებული განმარტება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.04.2023 წლის №8833 ბრძანება და №024-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101- ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ბუღალტრული პროგრამის ანალიზის საფუძველზე ფიქსირდება სალაროში ფულის უძრავი ნაშთი, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარს, ამ პერიოდისთვის განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შემდგომ დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ჰქონდა. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის წერილობითი ახსნა-განმარტებით სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. აღნიშნულის გათვალიწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობის ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებამ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დააკვალიფიცირა, დაიბეგროს 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-10 მუხლის მიხედვით, არ არსებული ნაშთის გამოვლენის დღეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრულ პროგრამის (ორისი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გაირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი ნულოვანი მაჩვენებლით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. ყოველივე აღნიშნულის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ მოწოდებული განმარტება) გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9 (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამა წლის ივლისში შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში (მეთოდურ მითითებაში) განხორციელებული ცვლილების გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებებმა შესაძლოა განიცადოს კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის სხვაობის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი ნულოვანი მაჩვენებლით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").
შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანება.