ბრძანება N 1913

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 1913
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1913

05 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 25 იანვრის №87124/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №040-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი უნდა ჩათვლილიყო უსასყიდლო მიწოდებად მისი გამოვლენის მომენტში. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა სმფების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი გადაანაწილა მთელი სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მძვინვარებდა პანდემია და ხშირად ხდებოდა სმფ-ების განულება. აცხადებს, რომ დირექტორს (-------) ხშირად უხდებოდა ფულადი სახსრების გამოყენება სმფის შესავსებად და გატანილი თანხა ხელფასი ვერ იქნებოდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით, ითხოვს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის უსასყიდლოდ მიწოდებად ჩათვლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას და უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების დამფუძნებლის მიერ გატანილ თანხად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22995 და 11 დეკემბრის №30951 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №33039 ბრძანება და ამავე თარიღის №040-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 78 773 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 847 ლარი, ჯარიმა 23 293 ლარი, საურავი 8 633 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ (ს/ნ -------) ეკონომიკური საქმიანობის სახეა მატრასების და სხვადასხვა ავეჯის ადგილობრივი შეძენა/რეალიზაცია, შემდეგ მისამართზე: -------, ------- (-------), იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24904 ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფატობრივი ნაშთი შეადგენს საბაზრო ღირებულებით 12 555 ლარს და 2023 წლის 13 სექტემბრის №22490 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად). რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა, რიგ შემთხვევბში დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი (საშუალოდ 32%), ხოლო რიგ შემთხვევაში სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი სახეობების მიხედვით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 2023 წლის 13 სექტემბრის №22490 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. შემოწმებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექორი ------- (პ/ნ -------) სახელფასო განაცემად და საქართველოს საგადასახადო მუხლის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №24904 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერილური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დადგენილი რიგ შემთხვევბში დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი (საშუალოდ 32%), ხოლო რიგ შემთხვევაში სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, სახეობების მიხედვით, გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად, შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, კერძოდ, შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევბში დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის (საშუალოდ 32%), ხოლო რიგ შემთხვევაში სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გადამხდელის პოზიციასთან, საქონლის ღირებულების დამფუძნებლის მიერ გატანილ თანხად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები, აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხერხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა, რიგ შემთხვევბში დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი (საშუალოდ 32%), ხოლო რიგ შემთხვევაში სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი სახეობების მიხედვით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. შემოწმებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექორზე) სახელფასო განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 101, 154;