ბრძანება N 17230
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17230
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------.“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 21 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის და 11 ივლისის სხდომებზე (ოქმები №72 და №75) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 21 ივნისის №90317/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №006- 242 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების აქტში საერთოდ არაა დასაბუთებული, თუ რა მსგავსი ტიპის საწარმოს აუდირებული ფასნამატი აქვთ გამოყენებული, არაა ნახსენები თუ რომელი წლის აუდირებული შემოწმების ფასნამატია გამოყენებული, რა ტიპის საქონლით ვაჭრობდა და რა პერიოდში. ასევე, დაუშვებელია ერთი პერიოდის აუდირებული ფასნამატი გავრცელებულ იქნას 5 წლიან პერიოდზე. კომპანია ეწევა საბითუმო ვაჭრობას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე იაფიან ბაზრობაზე და 60% ფასნამატი არარეალურია, რომელიც შეუძლებელია ლილოს ბაზრობაზე იყოს დაფიქსირებული წინდების ვაჭრობაში. ასევე, არაა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ორი წელი ემთხვევა პანდემიას, როდესაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული ლილოს ბაზრობის დატვირთვა და ბაზრობა დაკეტილი იყო 2020-2021 წლებში 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად შეუძლებელია ფაქტურად პანდემიის პერიოდზე იმავე ფასნამატის გავრცელება რაც 2023/2024 წელსაა აუდირებული. ამასთან, კომპანიის მიერ 2022 წელს დეკლარირებულია 37% ფასნამატი, რაც სავსებით გონივრულია ასეთი ტიპის საწარმოსთვის, რომელიც მხოლოდ წინდებით ვაჭრობს ლილოს ბაზრობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3757 და 12 მარტის №5400 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 30 მაისის №12763 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 204 368 ლარი, მათ შორის, გადასახადი 112 778 ლარი, ჯარიმა 59 074 ლარი, საურავი 32 516 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების იმპორტი (თურქეთი), შეძენა და რეალიზაცია. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებულ იქნა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა (ორისი) და ა.შ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმებისთვის მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ „ორისში“ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინა, რომ საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაციები, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4176 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, რადგან საწარმო საქმიანობას ეწევა მხოლოდ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანების ფარგლებში საწარმოში ასევე ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2024 წლის 27 თებერვლის მდგომარებით განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახროციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი
შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 514 072 ლარით, ხოლო საწარმოს საწესდებო კაპიტალსა (516 000 ლარი) და არაპირდაპირი მეთოდით გაზარდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 2 095 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილ იქნა სალაროში ფულის მოძრაობა რის შედეგადაც 22 თებერვლის მდგომარეობით ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 6 972 ლარი. შედეგად სხვაობა ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის იმპორტები თურქეთიდან. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს თანხა არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ პირებზე ურთიერთშედარების აქტები, თუმცა გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მიხედვით, იმ არარეზიდენტ მომწოდებლებზე, რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები, გადასახდელი თანხის 75% ჩაითვლა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% კი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ „ორისში“ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინა, რომ საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაციები, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4176 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო საკონტროლო შესყისდვა/შეთავაზების პროცედურა, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, რადგან საწარმო საქმიანობას ეწევა მხოლოდ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანების ფარგლებში საწარმოში ასევე ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2024 წლის 27 თებერვლის მდგომარებით განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახროციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზარდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გარდა, ამისა, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის იმპორტები თურქეთიდან. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს თანხა არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ პირებზე ურთიერთშედარების აქტები, თუმცა გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მიხედვით, იმ არარეზიდენტ მომწოდებლებზე, რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები, გადასახდელი თანხის 75% ჩაითვლა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% კი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ „ორისში“ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საწარმოში ასევე ჩატარდა სმფ-ის და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახროციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზარდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გარდა, ამისა, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის იმპორტები თურქეთიდან. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს თანხა არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით, რაზეც გადამხდელის მიერ დოკუმენტაცია სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, იმ არარეზიდენტ მომწოდებლებზე, რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები, გადასახდელი თანხის 75% ჩაითვლა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% კი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161