გადაწყვეტილება №26309/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.01.2026
№ დოკუმენტი 26309/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26309/2/2025

05 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26309/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.10.2025 წლის №21335 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 154 489,5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 88 808,26

დღგ - 41 256,96

მოგების გადასახადი - 3 689,40

საშემოსავლო გადასახადი - 43 230,60

ქონების გადასახადი - 631,30

ჯარიმა - 44 148,40

საურავი - 21 532,84

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მზა კვების პროდუქტების (------- კვების მზა ლანჩ-ბოქსები) რეალიზაცია ------- მდებარე კაფის მეშვეობით. ობიექტზე ასევე ფუნქციონირებდა ათამდე მაგიდა. კვების მზა პროდუქტების რეალიზაცია ასევე ხორციელდება საქართველოში მოქმედი გლოვოს და ვოლტის ონლაინ პლატფორმების მეშვეობითაც.

აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.10.2025 წლის №21335 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარმოუდგენია საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ბუღალტრული პროგრამა, წარმოებული კერძების კალკულაციები, ხელშეკრულებები, შესყიდვის აქტები და სხვა). წარმოადგინა ინფორმაცია მხოლოდ კომერციული ბანკებიდან. ინფორმაციის არასრულად წარმოდგენის გამო მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1000 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების და აუდირებული კომპანიის საშუალო ფასნამატის მაჩვენებლებით. შეძენები დაიყო კატეგორიებად (ნედლეული, სახარჯი მასალები, სამეურნეო მასალები, ინვენტარი და სხვა). ნედლეულზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. მიღებული შემოსავლები, შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა. გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის გამო, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო დეკლარაციებში თანხის შემცირების გამო მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესაბამისად, შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების და აუდირებული კომპანიის საშუალო ფასნამატის მაჩვენებლებით. შეძენები გადამხდელის მიერ დაიყო კატეგორიებად (ნედლეული, სახარჯი მასალები, სამეურნეო მასალები, ინვენტარი და სხვა). შემოწმებამ ნედლეულზე გაავრცელა შესაბამისი ფასნამატი. მიღებული შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა და გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნაგანმარტების წარუდგენლობის გამო, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდისა და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით მართლზომიერად განისაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული აქტები:

1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13235 ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; 4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 1 ოქტომბრის №21335 გადაწყვეტილება. (ერთობლივად, გასაჩივრებული აქტები).

საჩივრის მოთხოვნა:

მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას. ხოლო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სანქციებისგან გათავისუფლებას.

დარიცხული გადასახადი, ისევე როგორც ჯარიმა და საურავი ნაწილობრივ უკანონოა და უნდა შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. დასაბეგრი ბრუნვა და ხარჯები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - მსგავსი საქმიანობის საშუალო ფასნამატზე დაყრდნობით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო აუდიტის ფარგლებში შემოწმებულია სამი კალენდარული წელი-2022, 2023 და 2024. შემოსავლების სამსახურმა არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა მხოლოდ 2023 და 2024 წლებზე, ხოლო 2022 წელს იგი დაეყრდნო კომპანიის მონაცემებს იმ მოტივით, რომ კომპანიის მონაცემებით შემოსავალი აჭარბებდა არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ ფასნამატს. 2023 და 2024 წლებში კი, ვინაიდან კომპანიის მონაცემებით არსებული შემოსავალი ნაკლები იყო გამოანგარიშებული ფასნამატით დათვლილ შემოსავალზე, შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. იმ პირობებში, როცა კომპანიას როგორც 2022, ისე 2023 და 2024 წლებში აქვს ზუსტად ერთი და იგივე - იდენტური სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გაუგებარია რატომ იყენებს შემოსავლების სამსახური 2022 წელს კომპანიის ხელთ არსებულ მონაცემებს, ხოლო 2023 და 2024 წელს - არაპირდაპირ მეთოდს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ ითვალისწინებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას ისე, როგოც საგადასახადო ორგანოს აწყობს.

თუ კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს დაბეგვრის ობიექტი, მაშინ შემოსავლების სამსახური უნდა დაეყრდნოს დოკუმენტურ ბრუნვას; ხოლო თუ სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახური იყენებს არაპირდაპირ მეთოდს. კანონით არ არის დაშვებული, რომ ერთსა და იმავე პირობებში ერთ წელს აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენოს პირდაპირი მეთოდი, რადგან ასე უფრო მეტი გადასახადი გამოდის; ხოლო მეორე წელს გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი - რადგან ამ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდით უფრო მეტი გადასახადი გამოდის. ერთსა და იმავე პირობებში, აუდიტის დეპარტამენტი უნდ ამოქმედებდეს ერთგვაროვნად.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა სამივე წლის - როგორც 2022, ისე 2023 და 2024 წლებისათვის უნდა გამოიყენოს ან პირდაპირი, ან არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ორგანოს მიდგომა უნდა იყოს თანმიმდევრული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ ნაწილში დარიცხულია დღგ და საშემოსავლო გადასახადი, რომელთა საანგარიშო პერიოდი არის კალენდარული თვე. შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდების კალენდარულ წლებად დაყოფა სრულიად გაუგებარია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მეთოდის უსწორობას.

რაც შეეხება თავად ფასნამატს, შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტი უთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოიყენა სხვა მსგავსი საქმიანობის ობიექტების საშუალო ფასნამატი, თუმცა, შემოწმების აქტში არ უთითებს რომელი კომპანიების ფასნამატი იქნა გამოყენებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს აქვს არაერთი პრეტენზია, კერძოდ, შემოწმების დოკუმენტებიდან არ ირკვევა:

1.1. ეწევა თუ არა შესადარისი კომპანიები იდენტურ ბიზნეს საქმიანობას?

1.2. იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანიები ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის გადასახადის გადამხდელი?

1.3. რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიების ფასნამატი?

1.4. შესადარისი კომპანიის ფასნამატი დეკლარირებული მონაცემია, თუ, აუდიტის

პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი ფასნამატი

1.1. ეწევა თუ არა შესადარისი კომპანიები იდენტურ ბიზნეს საქმიანობას

ბიზნეს საქმიანობის იდენტურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასნამატის მაჩვენებელზე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ახასიათებს სხვადასხვა ტიპის ფასნამატი. მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში მოქმედი კომპანიის ფასნამატი არის არსებითად განსხვავებული კაფე-ბარების ფასნამატისაგან. კაფეების ფასნამატი ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ბარების ფასნამატისგან. კაფე-ბარების ფასნამატი კი განსხვავდება ღამის კლუბების ფასნამატისგან.

ფასნამატებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს განსხვავებული მომხმარებლების მხრიდან შედარებით მაღალი ან დაბალი მოთხოვნით და სხვა მრავალი ისეთი ფაქტორით, რომელიც ყველა ბიზნესის ტიპს აქვს ინდივიდუალური. ამდენად, შესადარისი კომპანიის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, რომ აირჩეს ისეთი კომპანია, რომელიც ახორციელებს იდენტური (ან უმეტესწილად მსგავსი) ტიპის ბიზნეს საქმიანობას, რომელსაც აქვს იგივე (ან მეტწილად იდენტური) ტიპის ბიზნეს რისკები და დანახარჯები. აღნიშნული ზრდის იმის ალბათობას, რომ შესადარისი კომპანიის ფასნამატი იყოს გადასახადის გადამხდელის ფასნამატის მსგავსი.

შედეგად, თავშივე არასწორია არაიდენტური ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ფასნამატის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ. რადგან, მაღალია ალბათობა, რომ ასეთი კომპანიის ფასნამატი არ იქნება შესადარისი გადასახადის გადამხდელის ფასნამატთან.

ამდენად, ამ ეტაპზე გაურკვეველია კონკრეტულად რომელი კომპანიები გამოიყენა შემოწმებამ შესადარისად და რა სახის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კომპანიები, აქვთ თუ არა იმდენად იდენტური ბიზნეს საქმიანობა, რომ ჩაითვალოს სანდო შესადარის ბიზნესად. იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანიები ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის გადასახადის გადამხდელი.

ბიზნესის განვითარების სტადია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის ფასნამატზე. ამდენად, შესადარისი კომპანიების ფასნამატის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა გადასახადის გადამხდელი და რა სტადიაზეა შესადარისი კომპანია. ბიზნეს გარემოში კარგად ადაპტირებული კომპანია, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს მუდმივი კლიენტების ბაზა, გაცილებით მაღალ ფასნამატზე მუშაობს, ვიდრე კომპანია, რომელიც ახალია ბაზარზე და კლიენტების მოსაზიდად პროდუქციას ყიდის გაცილებით დაბალ ფასებში.

კომპანიის დანახარჯები ცხადჰყოფს, რომ კომპანია იმყოფებოდა ბიზნესის ე.წ. start-up ფაზაში. ამდენად, ნათელია, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობდა საქართველოში ისეთ ბაზარზე შესვლას, რომელიც საკმაოდ ათვისებული და კარგად გაჯერებულია ბიზნესის მიერ. ამდენად, თუკი შესადარისი კომპანიები, ბიზნესის განვითარების მსგავს სტადიაში არ იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ფასნამატის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არის სწორი და ვერ მოგვცემს სათანადო შედეგს.

გაუგებარია რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის ფასნამატი. პერიოდის იდენტურობა მნიშვნელოვანია, რათა გამოყენებული ფასნამატი იძლეოდეს რეალურ შედეგს. დროის სხვადასხვა პერიოდში კომპანიები საქმიანობენ განსხვავებული ფასნამატით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა გარე თუ შიდა სახელმწიფოებრივი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.

განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ძირითადად ოპერირებდა 2022 წლის განმავლობაში, ხოლო 2023 და 2024 წლებში კომპანიის მდგომარეობა აშკარად გაუარესდა და ფაქტობრივად საქმიანობა დეგრადაციისკენ წავიდა. შემმოწმებელს გაანგარიშების ფაილში გამოყენებული აქვს ფასნამატის ერთი მონაცემი 193% სრული 2022-2024 პერიოდისათვის. საერთოდ გაურკვეველია რომელი პერიოდის მონაცემი აქვს აღებული აუდიტორს, ემთხვევა თუ არა ის გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდს და რატომაა გამოყენებული შესადარისი კომპანიების მხოლოდ ერთი კონკრეტული ფასნამატი კომპანიის მიერ რეალიზებულ ყველა საქონელზე.

გასარკვევია შესადარისი კომპანიების ფასნამატი დეკლარირებული მონაცემია, თუ აუდიტის პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი ფასნამატი. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც აუდიტის დეპარტამენტი შესადარის მონაცემად იყენებს აუდირებული კომპანიის არა დეკლარირებულ, არამედ თავად აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. სათანადო შესწავლის გარეშე დაუშვებელია ასეთი ფასნამატის პირდაპირ გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ.

განსახილველ საქმეში მომჩივნისთვის უცნობია, თუ რა მონაცემს დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი შესადარისი კომპანიების ფასნამატის დასადგენად. იყო ეს კომპანიის მიერ დეკლარირებული, თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული ფასნამატი. იყო ეს ფასნამატი განსაზღვრული პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდით. ამდენად, ამ მონაცემების/დოკუმენტების გაცნობამდე გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებს ამ ნაწილში უფრო სიღრმისეულ შედავებას.

შეჯამება:

შემოსავლებს სამსახურს 2022 წელს გამოყენებული აქვს პირდაპირი, ხოლო 2023 და 2024 წლებში არაპირდაპირი მეთოდი, რაც არათანმიმდევრულია; გაუგებარია კანონის მიხედვით რა განსხვავებაა ამ წლებს შორის; ასევე გაუგებარია რა დატვირთვის მატარებელია კალენდარულ წლებად დაყოფა იმ გადასახადების გამოსაანგარიშებლად, რომელთა საანგარიშო პერიოდი კალენდარული თვეა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ორი მეთოდის გამოყენება უკანონოა და მას უნდა გამოეყენებინა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე ერთი მეთოდი - პირდაპირი ან არაპირდაპირი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის აუდიტორს გამოყენებული აქვს სხვა კომპანიების საშუალო ფასნამატი. გადასახადის გადამხდელისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი კომპანიების ფასნამატი გამოიყენა აუდიტორმა, რა მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშა აუდიტორმა შესადარისი კომპანიების ფასნამატი, იყო ეს მონაცემები დეკლარირებული თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული მონაცემები, რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის ფასნამატი, ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა აღნიშნული კომპანია და საერთოდ, რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევა შესადარისი ობიექტი. ასევე გაუგებარია, რატომ აქვს გამოყენებული აუდიტორს მხოლოდ ერთი ფასნამატი მთელი 3 წლიანი პერიოდისათვის, ნებისმიერ სეზონზე.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ გაეცნოს ადმინისტრაციული აქტის შინაარსს. შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა კი თავის მხრივ გულისხმობს გადასახადის გადამხდელისთვის გამოყენებული მეთოდების და გამოყენებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდებას. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითებული რელევანტური ინფორმაცია შესადარის კომპანიებთან დაკავშირებით. ამდენად, გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ პრაქტიკულად ვერ ვახერხებთ სათანადო შედავებას და დავის წარმოება გვიწევს მხოლოდ თეორიული დაშვებების დონეზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების და აუდირებული კომპანიის საშუალო ფასნამატის მაჩვენებლებით. შეძენები გადამხდელის მიერ დაიყო კატეგორიებად (ნედლეული, სახარჯი მასალები, სამეურნეო მასალები, ინვენტარი და სხვა). შემოწმებით ნედლეულზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. მიღებული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. დასარიცხი თანხა განაწილდა შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს, ხარჯის ნაწილში გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა. გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის გამო, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,-------"-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის თანხა.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 20.06.2025 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 154 489,5 ლარი, მათ შორის, გადასახადი 88 808,26 ლარი, ჯარიმა 44 148,40 ლარი და საურავი 21 532,84 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ მათ მიერ საჩივარში ზემოთ მითითებული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მომჩივანი ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას. ხოლო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესაბამისად, შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა და გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნაგანმარტების წარუდგენლობის გამო, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 269(9)