გადაწყვეტილება №21618/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21618/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21618/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 17.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21618/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 234 823.88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 153 299

დღგ - 106 651

საშემოსავლო გადასახადი - 46 648

ჯარიმა - 75 626

საურავი - 5 898.88

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ქ. ბ--------. №1-ში.

აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20769 და 25.09.2023 წლის №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც ფაქტობრივად დადგენილი ნაშთი შეადგენს 0-ს.

საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 16 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგენილია დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2023 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია ფასნამატი. ამასთან, ფასნამატის დათვლაში მონაწილეობა არ მიუღია უარყოფით და 50%-ზე მეტ ფასნამატებს. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2022 წელს 7%, 2023 წელს 9%) გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24743 ბრძანება და ამავე თარიღის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ხელახლა გადაანგარიშებას, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული 20% არ შესაბამება აღნიშნულ პროდუქციის ფასნამატს. შეიძლება ზედნადებით რეალიზებულ პროდუქციაში იყოს გამონაკლისი ცოტათი ძვირად გაყიდული ვინაიდან, კომპანია მუშაობდა კონსიგნაციით და ზოგჯერ ცოტათი მეტ ფასში ახდენდა გაყიდვას და რამდენიმე თვე უწევდა ლოდინი ამ თანხის მიღებაზე. არ ეთანხმება აღნიშნული ფასნამატის გავრცელებას სრულ რეალიზაციაზე, რადგან საბითუმო რეალიზაციისას აღნიშნულ პროდუქციაზე ფასნამატი მაქსიმუმ 5% უნდა ყოფილიყო. ანალოგიური პროდუქცია -----ის ბაზრობაზე 2%-დან 3%-მდე ფასნამატით იყიდება. მომჩივანი აღწერს ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის და აღნიშნულის გამო მძიმე ფინანსურ მდგომარეობას. არ ჰქონდა მოწყობილი სასაწყობე და სამაცივრე ადგილი, რის გამოც ხშირად უფუჭდებოდა საქონელი. პროდუქციას ყიდის ქუჩებში, რადგან არ აქვს საშუალება გადაიხადოს იჯარის თანხა, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საბითუმო რეალიზაციისას პროდუქციაზე ფასნამატი მაქსიმუმ 5% უნდა ყოფილიყო. ანალოგიური პროდუქცია---ის ბაზრობაზე 2%-დან 3%-მდე ფასნამატით იყიდება. არ ჰქონდა მოწყობილი სასაწყობე და სამაცივრე ადგილი, რის გამოც ხშირად უფუჭდებოდა საქონელი. პროდუქციას ყიდის ქუჩებში, რადგან არ აქვს საშუალება გადაიხადოს იჯარის თანხა, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია.

საჩივართან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 8.02.2024 წლის №10989-21-14 წერილი, რომლის მიხედვით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების 16 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგენილია დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე (2021-2023 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. ამასთან, ფასნამატის დათვლაში მონაწილეობა არ მიუღია უარყოფით და 50%-ზე მეტ ფასნამატებს. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2022- 7%, 2023-9%,) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებული იქნა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტება წარდგენილი არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნულ წერილს ასევე ახლავს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი 8.09.2023 წლით დათარიღებული კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში, სადაც ახორციელებდა მხოლოდ ადგილიდან ვაჭრობას, დისტრიბუცია არ ჰქონია, სალარო აპარატი რეგისტრირებული აქვს საქმიანობის მისამართზე, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს დებიტორ-კრედიტორები არ გააჩნია. აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც გაწია საქმიანობის პერიოდში, თუმცა დოკუმენტურად ვერ ადასტურებს და არც ხარჯების რაოდენობა ახსოვს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნია, ვინაიდან 2023 წლის აგვისტომდე შეწყვიტა საქმიანობა. საშუალო ფასნამატი მერყეობდა 10-15%-ის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №20769 და №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც ფაქტობრივად დადგენილი ნაშთი შეადგენს 0-ს.

საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 16 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგენილია დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2023 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი). გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2022 წელს 7%, 2023 წელს 9%) გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24743 ბრძანება და №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5 ,9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ „ბ“); 160(1); 163(1); 164(1);