ბრძანება N 3470
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3470
17 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №100042/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №007-377 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ კომპანიის მთლიანი გაყიდვების მოგებად შეფასება არასწორი და ფაქტობრივად დაუსაბუთებელია. განმარტავს, რომ კომპანიას აქვს საბაჟო დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ საქონლის იმპორტს და მის თვითღირებულებას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოგების ფორმირებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ხარჯები არ იყო გათვალისწინებული შემოწმების მიერ მოხდა ვალდებულებების დარიცხვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2 თვიან ვადას, რათა წარმოადგინოს უცხოელი მომწოდებლებისგან შედარების აქტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №27909 ბრძანებით დაკისრებული ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13180 და 10 დეკემბრის №27228 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 30 მაისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 7 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 19 დეკემბრის №27909 ბრძანება და ამავე თარიღის №007-377 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 538 233 ლარი, მათ შორის გადასახადი 330 872 ლარი, ჯარიმა 165 311 ლარი და საურავი 42 050 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 30 მაისს, იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, ასევე, გაწეული აქვს მცირე ოდენობით ადგილობრივი გადაზიდვები. გარდა ამისა, ახორციელებს იოდიზირებული მარილის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე მის რეალიზაცის. კომპანია არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. გადამხდელი 2025 წლის 17 სექტემბერს დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. 2025 წლის 20 ოქტომბრის №22457 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვერ მოხდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) დირექტორთან დაკავშირება. შემოწმების პროცესში ვერ დადასტურდა ნაშთის ოდენობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და საბაჟო დეპარტამენტისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგინდა ფასნამატი, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა სსიპ „-------“-დან ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიმართ გაცემული ნებართვების შესახებ. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებისგან გაწეული მომსახურების შესახებ. კერძოდ, კომპანიების მიერ მოწოდებული იქნა ინვოისები. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 29 შემთხვევაში გადაზიდვა შესრულებული იყო გადამხდელის საკუთრებაში არსებული მანქანებით, სსიპ „-------“-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადამხდელზე გაცემული ნებართვის ოდენობა საკუთრებაში არსებულ მანქანებზე იყო 232. აღნიშნულ მანქანებზე ფიქსირდება საზღვრის კვეთაც. შემოწმების მიერ მესამე პირებისგან მოსული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა საერთაშორისო გადაზიდვებების რეისების ოდენობა და შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა ხარჯი და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დირექტორის მიერ სარგებლად განხილული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების პროცესში ვერ დადასტურდა სმფ-ების ნაშთის ოდენობა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებითა და საბაჟო დეპარტამენტისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგინდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოწმების ფარგლებში სსიპ „-------“-დან გადამხდელის მიმართ გაცემული ნებართვების, ასევე მესამე პირებისგან გაწეული მომსახურების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ 29 შემთხვევაში გადაზიდვა შესრულებული იყო გადამხდელის საკუთრებაში არსებული მანქანით. სსიპ „-------“-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადამხდელზე გაცემული ნებართვის ოდენობა საკუთრებაში არსებულ მანქანებზე იყო 232. აღნიშნულ მანქანებზე ფიქსირდება საზღვრის კვეთაც. შემოწმების მიერ მესამე პირებისგან მოსული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა საერთაშორისო გადაზიდვებების რეისების ოდენობა და შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ყველა ხარჯი, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებითა და საბაჟო დეპარტამენტისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, გაენგარიშებინა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დაედგინდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ მიაწოდა მას დაბეგვრის ობიექტის განსასაზღვრად სრული ინფორმაცია, შემოწმებას ჰქონდა უფლებამოსილება სსიპ „-------“-სა და მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაენგარიშებინა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 30 მაისს, იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, ასევე, გაწეული აქვს მცირე ოდენობით ადგილობრივი გადაზიდვები. ასევე,ახორციელებს იოდიზირებული მარილის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე მის რეალიზაცის. კომპანია არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. გადამხდელი 2025 წლის 17 სექტემბერს დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის.შემოწმების პროცესში ვერ დადასტურდა ნაშთის ოდენობა.
სსკ-ის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 29 შემთხვევაში გადაზიდვა შესრულებული იყო გადამხდელის საკუთრებაში არსებული მანქანებით, გადამხდელზე გაცემული ნებართვის ოდენობა საკუთრებაში არსებულ მანქანებზე იყო 232. შემოწმების მიერ მესამე პირებისგან მოსული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა საერთაშორისო გადაზიდვებების რეისების ოდენობა და შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით,სსკ-ის 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით,გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა ხარჯი და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დირექტორის მიერ სარგებლად განხილული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.