ბრძანება N 1717
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1717
01 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 12 იანვრის №86706/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №001-344 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და გამოვლენილ დანაკლისს. განმარტავს, რომ ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას, რადგან პროგრამიდან აღებულ ინფორმაციას გააჩნია მცირედი უზუსტობები. კერძოდ, არის პროდუქცია, რომელსაც შესაძენის ფასი 0 უწერია და შემდგომში მისი რეალზაციიდან 100% მოგება ფიქსირდება. აღნიშნავს, რომ სავაჭრო ობიქტს 14%-ზე მეტი ფასნამატი არ გააჩნია. მაგალითად, მხოლოდ თამბაქოს რეალიზაცია შედგენს 993 906 ლარს, სადაც ფასნამატი 5-6%-ს არ აღემატება. აცხადებს, რომ არსებულ პერიოდზე გადამხდელის გაანგარიშებით დანაკლისი შეადგენს 38 950 ლარს (თვითღირებულებით). მიუთითებს, რომ გააჩნია 54 000 ლარზე დაზარალებულის ცნობები. გადამხდელი ითხოვს 2020 წლის 7 ივლისის №18363 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ გათვალისწინებას და 1%-ის დანაკლისის ჩამოწერას. აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანების გათვალისწინებით 28 500 ლარის ჩამოწერაა შესაძლებელი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6708 და 13 სექტემბრის №22350 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33575 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-344 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 41 663 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 10 558 ლარი, ჯარიმა 29 104 ლარი და საურავი 2 001 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში იყენებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისსა“ და „1C“, რომელიც დაზიანდა - რამდენიმე თანამშრომლის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებებით და შემოწმებისათვის ვერ იქნა სრულად მოწოდებული საქონლის ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13984 ბრძანებით განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შესაბამისადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 281 744 ლარის ოდენობით 2023 წლის 20 ივნისის თარიღისათვის. ზემოაღნიშნულ თარიღში ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, 2023 წლის 20 ივნისს შპს „-------“ ბუღალტრული ნაშთის განსაზღვისათვის შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები, ასევე პროგრამაა „ორისში“ ასახული 2020-2022 წლების ჩამოწერილი საქონლის თანხობრივი თვითღირებულებების ოდენობა, რაც ნაწილობრივ შესაბამისობაში იყო ფინანსური ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ მონაცემებთან. ამდენად, გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი მარჟის (16,8%) გათვალისწინებით გამოვლენილ იქნა დანაკლისი თვითღირებულებით 164 415 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ღირებულებით განსაზღვრულ იქნა 226 604 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით თანხა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმა 10%- იანი განაკვეთით და მიეცა რეკომენდაცია - გამოვლენილი დანაკლისის 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დადეკლარირების შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13984 ბრძანებით განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 2023 წლის 20 ივნისის თარიღისათვის. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა სრულად მიწოდებული საქონლის ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ზემოაღნიშნულ თარიღში ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილი მარჟის (16,8%) გათვალისწინებით 2023 წლის 20 ივნისთვის თარიღისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვობის დანაკლისად განხილვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილ ცნობას, როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, ------- ფილიალში გამოვლენილ სალაროს დანაკლისზე გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს დადგენილება - დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისად სალაროს ნაშთზე დამატებით თანხების დარიცხვა არ მომხდარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და გამოვლენილ დანაკლისს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით განხორციელდა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა სრულად მიწოდებული საქონლის ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით.
გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი მარჟის გათვალისწინებით, გამოვლენილ იქნა დანაკლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმა 10%-იანი განაკვეთით და მიეცა რეკომენდაცია - გამოვლენილი დანაკლისის 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დადეკლარირების შესახებ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 286(9);