გადაწყვეტილება №25966/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 25966/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25966/2/2025

15 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------------“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 5.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №--------/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის №043-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20183 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 377 842.65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 236 763.88

დღგ - 100 415.48

საშემოსავლო გადასახადი - 136 348.40

ჯარიმა - 118 381.80

საურავი - 22 696.97

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა ------- ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელს საქონელი იმპორტირებული აქვს -------დან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9022 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შესაბამისად, ვერ ხორციელდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია/შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით დადგინდა რპთ და გავრცელდა ------ ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, ხოლო დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ვინაიდან შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით, რომლის მიხედვით დათვლილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს და მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის არ არის წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკური ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები ან ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციით. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შემოსავალი დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის №15730 ბრძანება და №043-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 377 842.65 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 სექტემბრის №20183 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების შესაბამისად და არა საბაჟოზე საქონლის აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს 1%-ს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული საწარმოს საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მომჩივნის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20183 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის №----21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობაა ქ. თბილისში, ---- ბაზრობის ტერიტორიაზე იმპორტირებული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. საქონლის იმპორტირებას ახდენს ------დან. ბოლო საბაჟო ოპერაცია უფიქსირდება 2024 წლის აგვისტოს თვეში. ანგარიშს ფლობს სს „----“-ში. უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი. საზოგადოებას არ გააჩნია ქონება. პორტალზე არ აქვს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება. ფულის მოძრაობა გაკეთებულია არაპირდაპირი მეთოდით. დებიტორ-კრედიტორებზე ინფორმაცია არ აქვთ. საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციები დაფუძნებიდან დღემდე წარდგენილი აქვს ნულოვანი სახით. სმფ-ების და ფულის ნაშთი არ გააჩნია. საგადასახადო ადმინისტრირების ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულება. 2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართ №2-ში სმფ-ების ნაშთი 2024 წლის ბოლოსთვის წარდგენილია 0 ლარი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან, ბოლო ჩეკი უფიქსირდება 2025 წლის 12 აგვისტოს და დღგის ბრუნვა ბოლოს წარდგენილია 2024 წლის სექტემბრის თვეში, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შეძენილი საქონელი მთლიანად რეალიზებულია. გადასახადის გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან. შესაბამისად, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10116 ბრძანების შესაბამისად, 2025 წლის 20 მაისს მოხდა საწარმოს მინდობილი პირის მოძიება, რომელიც გაეცნო ბრძანებას. შედეგად, სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივნისის №11965 ბრძანების შესაბამისად, 2025 წლის 11 ივნისს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, თუმცა ობიექტი ვერ მოიძებნა. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა ---- ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. შედეგად, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1611 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. ხარჯების ნაწილში კი, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები და სხვა ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. აღსანიშნავია, რომ შემოწმების დანიშვნისთანავე მოხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიწოდებაზე, მაგრამ მითითებულ ვადაში არ იქნა სრულყოფილად მიწოდებული. ამის შემდეგ, კიდევ მოხდა რამდენჯერმე მომჩივანთან დაკავშირება და შეხსენება დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რაც ისევ არ იქნა შესრულებული. ასევე, არ განუცხადებია რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ, რომლის გამოც ვერ შეასრულებდა მითითებულ მოთხოვნას. საწარმო ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმებულია და გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ ფასნამატი გავრცელდა აფასებულ ღირებულებებზე. აღნიშნული პოზიცია არასწორია, ვინაიდან ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით. ასევე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გაუგებარია რატომ არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია არსებითი დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება აუდირებულ ფასნამატს, აღებულია მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე მყოფ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. წარმოდგენილი საჩივარი შაბლონური ტიპისაა და მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას. ამასთან, შპს „------“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ----დან და ---დან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „-----“ და შპს „-----“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „-----“ ვაჭრობს აქსესუარებით, ბავშვის, ქალის და მამაკაცის ტანსაცმლით, ჩანთებით და ფეხსაცმლით, ხოლო შპს „------“ - ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა, შპს „------“-ის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „-----“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან, ორივე საწარმოზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9022 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც დგინდება რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შესაბამისად, ვერ ხორციელდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია/შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით დადგინდა რპთ და გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, ხოლო დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ვინაიდან, შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციითა და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით, რომლის მიხედვით დათვლილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს და გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,შემოწმების მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შემოსავალი დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15730 ბრძანება და №043-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 377 842.65 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20183 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);