გადაწყვეტილება №19530/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19530/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19530/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19530/2/2023).

 

დავის საგანი:

1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი;

2.სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7044 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 220 044.11 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 131 076

ჯარიმა - 65 538

საურავი - 23 430.11

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივნისის №16344 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 22 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების საფუძველზე (მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №--- საქმეზე, შპს „---“-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე). შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26285 ბრძანება და ამავე თარიღის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7044 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლის იმპორტი-რეალიზაცია და საქმიანობას ახორციელებს ე.წ. „---ის“ ტერიტორიაზე. 2021 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 22 ივნისამდე იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებამ შეადგინა 1 303 086 ლარი (416 117.42 აშშ დოლარი). კომპანიას ეკონომიკური აქტივობა უფიქსირდება 2021 წლის ივნისიდან - 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. იმპორტირებული საქონელი აფასებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და ინფორმაცია ცხრილის სახით, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებს ჯამურად სალარო აპარატში დაფიქსირებული დღიური მონაცემის მიხედვით, არ აწარმოებს ინდივიდუალურ აღრიცხვას, საიდანაც ნათელი გახდებოდა მის მიერ თითოეული ამორტყმული ჩეკის შესაბამისად ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა და ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ამორტყმული ჩეკების შედეგად მიღებული შემოსავალი გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალზე ნაკლებია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №17963 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად, გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ნაშთი არ უფიქსირდება.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი და თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, განისაზღვრა საბაჟოზე შემოტანილი საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული 50%-იანი ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის ნაწილში დამატებით დასარიცხი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლენილა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და 50%-იანი ფასნამატის გავრცელებას მის მიერ იმპორტირებულ სმფ-ებზე. ვინაიდან მის მიერ რეალიზებული სმფ-ების ფასნამატი გაცილებით ნაკლებია. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით დადგინდეს და განსაზღვროს (სახეობების მიხედვით) მის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯგუფური ფასნამატი და გავრცელდეს შესაბამისად საცალო რეალიზაციაზე. მართებულად და სამართლიანად მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები იქნეს გათვალისწინებული და მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია მოიცავს პირველადი დოკუმენტებს (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების და სხვა დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შემოსავლის აღრიცხვას აწარმოებს ჯამურად სალარო აპარატში დაფიქსირებული დღიური მონაცემის მიხედვით, არ აწარმოებს ინდივიდუალურ აღრიცხვას, საიდანაც ნათელი გახდებოდა სალარო აპარატის თითოეული ჩეკის შესაბამისად ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა და ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ჩეკებით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალზე ნაკლებია. ხოლო ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ნაშთი არ უფიქსირდება.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი და ვერ ხერხდება თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული ფასნამატით მართლზომიერია, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №056-45 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 65 538 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 23 430,11 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსის გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით (არცოდნით). აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს ჯარიმისაგან (65 538 ლარი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი;

2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26285 ბრძანება და ამავე თარიღის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7044 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული ფასნამატით მართლზომიერია, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 8 (22); 49 (1,ე); 73 (5); 269(7).