ბრძანება N 25480

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25480
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25480

20 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №94) განიხილა შპს ,,------" (ს/ნ -------) 2025 წლის 31 ოქტომბრის №98610/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ოქტომბრის №086-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ ვერ მოხდა არსებული დოკუმენტების მიწოდება იმის გამო, რომ ოფისი სადაც ინახებოდა დოკუმენტები გაიჩხრიკა და ამოღებულ იქნა გენერალური პროკურატურის მიერ, რაზეც არსებობს შესაბამისი ჩხრეკის ოქმი. ითხოვს დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაეკისროს გადასახადი. ასევე, აცხადებს, რომ გადასახადი დაარიცხეს არაპირდაპირი მეთოდით, რაც არარეალურია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №17790 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 ოქტომბრის №21714 ბრძანება და ამავე თარიღის №086-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 237 308 ლარი, მათ შორის გადასახადი 145 899 ლარი, ჯარიმა 72 949 ლარი და საურავი 18 460 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა. საწარმოს წარმომადგენლებმა შემოწმების პროცესში, ბუღალტრული აღრიცხვა და ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართი) ღირებულება ჯამში შეადგენს სულ 2 189 490 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა ფიქსირდება მხოლოდ 49 030 ლარის ღირებულების. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესაძენად გადახდილი თანხების სრული მოცულობა. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადეკლარირებს 3%-ით დასაბეგრ ბაზას, ხოლო დანარჩენ პერიოდზე დეკლარაციების გრაფაში, 3%-ით დასაბეგრი ბაზა არ უფიქსირდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და აღნიშნულის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი და ფერადი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი პირველი ნაწილის შესაბამისად დეკლარირებულიც არ არის, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად.

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა ფულადი საშუალებების ნაშთი (423 851 ლარი), რომელიც, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ------ ხელზე გაცემულ ხელფასის სახით განაცემად და ამა კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის გათვალისწინებით, ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელი აგრეთვე დაჯარიმდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართი) ღირებულება ჯამში შეადგენს სულ 2 189 490 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა კი შეადგენს 49 030 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებულ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, რომელიც ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე, გაანგარიშდა ფულადი საშუალებების ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია წარმოედგინა გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი განცხადება/ინფორმაცია შპს ,,-----“ სააღრიცხვო დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე, 2025 წლის 6 ნოემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე დავალების შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ამოღებულია გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მ.შ. შესაბამისი ორგანოსგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მ.შ. შესაბამისი ორგანოსგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაეკისროს გადასახადი. ასევე, აცხადებს, რომ გადასახადი დაარიცხეს არაპირდაპირი მეთოდით, რაც არარეალურია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა.

დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართი) ღირებულება ჯამში შეადგენს სულ 2 189 490 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა ფიქსირდება მხოლოდ 49 030 ლარის ღირებულების.

შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესაძენად გადახდილი თანხების სრული მოცულობა. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადეკლარირებს 3%-ით დასაბეგრ ბაზას, ხოლო დანარჩენ პერიოდზე დეკლარაციების გრაფაში, 3%-ით დასაბეგრი ბაზა არ უფიქსირდება. აღნიშნულის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი და ფერადი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად.

შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა ფულადი საშუალებების ნაშთი რომელიც, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელზე გაცემულ ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელი აგრეთვე დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მ.შ. შესაბამისი ორგანოსგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);1333;154(1);