ბრძანება № 30345
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 30345
05 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის პირველი ნოემბრის №84586/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №081-192 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა შეძენილი სულ 558 055 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, აქედან 22 000 ლარის ღირებულების იმპორტირებული საზამთრო. პროდუქციის დიდი ნაწილი იყო მალფუჭებადი, მას არ ჰქონდა მოწყობილი სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობა. ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, მისი შემოსავალი იყო ბევრად ნაკლები შემოწმებით განსაზღვრულზე. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი (60 000 ლარი) არ შეესაბამე რეალობას. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №081-192 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10078 და 15 სექტემბრის №22692 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2023 წლის 23 მაისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 სექტემბრის №23230 ბრძანება და ამავე თარიღის №081-192 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 218 597 ლარი, მათ შორის, გადასახადი 134 278 ლარი, ჯარიმა
71 986 ლარი და საურავი 12 333 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობის სახეა ვაჭრობა, ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით, ასევე უფიქსირდება უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების და რძის პროდუქტების შეძენა და რეალიზაცია. საწარმოს 2021 წლის იანვარში განხორციელებული აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია. შემოწმების პროცესში საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (საწარმოს მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის), შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგდასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 მიხედვით განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე გაანგარიშებული იქნა კონკრეტული დასახელების საქონლის ფასნამატები, ხოლო საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა გავრცელებული იქნა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი. ხოლო, დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის შესაბამისად, გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 240 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმებით, საქართველოს საგდასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების მიხედვით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგდასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგდასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმებისთვის არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეა ვაჭრობა. საწარმოს 2021 წლის იანვარში განხორციელებული აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8 (22);73(5,9);101(1);154(1)