გადაწყვეტილება №21421/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21421/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21421/2/2023

28 თებერვალი 2024

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ს 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21421/2/2023).

დავის საგანი:

1. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის განსაზღვრა და მიწოდებულად განხილვა;

2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობის კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27456 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 209 300,38 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 116 172

დღგ - 55 355

საშემოსავლო გადასახადი - 60 684

ქონების გადასახადი - 133

ჯარიმა - 58 086

საურავი - 35 042,38

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა მეორადი შავი მეტალის შესყიდვა, გადამუშავება სასაქონლო სახის მიცემა და რეალიზაცია (და არა მეორადი ლითონის შესყიდვა და რეალიზაცია).

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 7.03.2023 წლის პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27456 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის განსაზღვრა და მიწოდებულად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნებოდა აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული სმფ-ების შეძენის, დამუშავების, წარმოების და რეალიზაციის სამეურნეო ოპერაციები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობის და ღირებულების დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი იყო 290 ტონა ფოლადის ფურცლოვანა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებული იყო 170 ტონა დამუშავებული ფოლადის ფურცლოვანა, 1.01.2020 წლისთვის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით გადამხდელს გააჩნდა 29 ტონა ლითონის ფურცლოვანას ნაშთი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 1.02.2023 წელს გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით მას გააჩნდა 25 ტონა ლითონის ფურცლოვანა. გადამხდელის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ფოლადის ფურცლოვანას) რაოდენობა და ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასით იქნა რეალიზებული. შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების მიხედვით დაბეგრილი იქნა დღგ-ით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ლითონის ნაკეთობა რამდენიმე ზედნადებში დაფიქსირებული იყო მოცულობით ერთეულში, რაც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და ჩართულობით გადაყვანილ იქნა კილოგრამებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „------ -ის “ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მილის ტიპის ლითონის ნაკეთობას აქვს 20-30% ლითონური ნარჩენები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორადი ლითონის ფურცლოვანასგან მზადდება დამკვეთის მიერ შეკვეთა, ამ შემთხვევაში წარმოიშობა ნარჩენები 12-15%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების 90%- ს შეადგენდა ფოლადის ფურცლოვანა და შემოწმების მიერ რეალიზებული საქონლის დამზადებაში მონაწილეობდა მხოლოდ ფოლადის ფურცლოვანა და სხვა დანარჩენი საქონელი მიჩნეულ იქნა დამხმარე სასაქონლო-მატერიალურ მარაგებად. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელი გამოკითხულ იქნა საწარმო პროცესში დანაკარგების შესახებ, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გონივრული დანაკარგების ნორმას საკმაოდ აღემატებოდა და შემოწმების მიერ მისი გათვალისწინება არ მომხდარა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების ანალიზი, დოკუმენტები შედგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაუცველად, არ ხდებოდა მყიდველი პირის იდენტიფიცირება, არ იყო მითითებული მყიდველი იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირი „--------“. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს N1-ის გადამოწმების შედეგად „--------“ არ წარმოადგენდა შპს N1-ის დაქირავებულ პირს. ასევე, ორ შესყიდვის აქტში არსად არ ფიქსირდებოდა მომჩივანის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრასთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში განკარგვადი თანხა 242 992 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისი, რომელიც გამოაკლდა განკარგვად თანხას, ხოლო დანარჩენი თანხა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების და შემოწმებით დადგენილი მოგება/ზარალის გათვალისწინებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით) მეთოდური მითითების დანართი №9-ის თანახმად, დაიბეგრა საანგარიშო პერიოდების ბოლოს, კერძოდ: 2020 წელს, 2021 წელს და 2022 წელს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეორადი შავი მეტალის შესყიდვა, გადამუშავება სასაქონლო სახის მიცემა და რეალიზაცია.

შემმოწმებლის მიერ რეალიზაციის გაანგარიშებისას ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომებია დაშვებული. კერძოდ, გაანგარიშებისას საქონლის ზომის ერთეულში არასწორადაა საქონლის ზომა - ცალი გადაყვანილი - კილოგრამებში.

სასაქონლო ზედნადებში საქონლის რეალიზაცია ზოგჯერ ასახულია როგორც ცალი და ზოგიერთ შემთხვევაში როგორც კგ. შემოწმებისას ცალის გადაყვანა კილოგრამებში შემმოწმებლის მიერ დაშვებულია მნიშნელოვანი შეცდომები (არ არის გათვალისწინებული ლითონის სისქე, რაც ცვლის მის ღირებულებას) წლის ყველა თვეში, რამაც გამოიწვია როგორც შესყიდული საქონლის შემცირება, ასევე რეალიზაციის ცვლილებები, შესაბამისად მის მიერ გამოყვანილი საშუალო თვის ბოლოს საქონლის საშუალო ფასის კოეფიციენტის ცვლილება, რომელიც მოქმედებს ფასებზე.

შემმოწმებლის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში „ფინანსური ანგარიშგება“ პირველ, 2020 წელს მიღებულია ზარალი (დანართი №1 „ფინანსური ანგარიშგება), მიუხედავად ამისა საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია პირველი ზარალიანი წელი, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მოხდენილია შემდეგნაირად: მთლიანი შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლიდან (3 წლის ჯამი) არის შემცირებული პირველი წლის ზარალი (61 933 ლარი) და შემდგომი 2 წლის შემოსავლები განაწილებულია შესამოწმებელ მთელ პერიოდზე 3 წელზე (მათ შორის პირველ შესამოწმებელ წელზეც, რაც არასწორია, რატომ უნდა გავრცელდეს მომავალი წლების შემოსავლები და ზედმეტად დაერიცხოს საურავები).

ასევე არასწორად არის გაანგარიშებული შემმოწმებლის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში „შემოსავლების გაანგარიშება“, კერძოდ „რეალიზებულ პროდუქციაში“ არ არის ჩართული ისეთი ფოლადის ფურცლოვანისაგან დამზადებული მზა პროდუქტები როგორიცაა ხიმინჯები, ფოლადის წნული რგოლები ხიმინჯებისათვის, ანკერების ნაკრები და ზოგიერთ შემთხვევებში თვითონ „ფურცლოვანა“, დანართის სახით წარმოდგენილია გაანგარიშება წლებისა და თვეების მიხედვით, სადაც დასტურდება, რომ ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია რეალიზებული საქონელი (დანართი №2 შემმოწმებლის მიერ შედგენილი ცხრილი და კომპანიის ცხრილები. დანართი №3-4-5 შედარება წარმოდგენილსა და ფაქტიურ რეალიზაციას შორის).

მოწვეულ იქნა შპს "------"-ის , რომელმაც შეისწავლა მეორადი ლითონის ნაკეთობებიდან სასაქონლო ხარისხის ფურცლოვანი ლითონის მიღებისას ტექნოლოგიური ნარჩენების მოცულობა და შესაბამისი დასკვნა თანდართული სურათებით წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურში (დანართი, დასკვნა და მზა ნაწარმის სურათები).

პასუხად შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ბრძანებაში აღნიშნულია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს "-----"-ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მილის ტიპის ლითონის ნაკეთობას აქვს 20-30% ლითონური ნარჩენები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორადი ლითონის ფურცლოვანასგან მზადდება დამკვეთის მიერ შეკვეთა, ამ შემთხვევაში წარმოიშობა ნარჩენები 12-15%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების 90%-ს შეადგენდა ფოლადის ფურცლოვანა და შემოწმების მიერ რეალიზებული საქონლის დამზადებაში მონაწილეობდა მხოლოდ ფოლადის ფურცლოვანა და სხვა დანარჩენი საქონელი მიჩნეულ იქნა დამხმარე სასაქონლო-მატერიალურ მარაგებად. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელი გამოკითხულ იქნა საწარმოო პროცესში დანაკარგების შესახებ, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გონივრული დანაკარგების ნორმას საკმაოდ აღემატებოდა და შემოწმების მიერ მისი გათვალისწინება არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემებში და ასევე შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილებშიც შესყიდული მეორადი მილების ოდენობა შეადგენს შესამოწმებელი პერიოდის 13%-ზე მეტს და ეს თანხობრივად არის დაახლოებით 50 000 ლარი და რეალიზებული საქონლის დამზადებაში ჩვეულებრივ მონაწილეობას ღებულობდა როგორც ფოლადის ფურცლოვანა (მაშინ რატომ არის შეძენილი).

როდესაც შემმოწმებელმა ობიექტზე "-------"-ში ბაზრის ტერიტორიაზე დიდი (20-30 ტონა) საქონლის ნაშთის ნარჩენების შესახებ გამოთქვა ეჭვი, რომ საწარმოო პროცესის შედეგად ვერ დარჩებოდა ის პროცენტული რაოდენობა, რაც უტილიზაციას დაექვემდებარებოდა და თქვა, რომ არ არის კომპეტენტური ამ საკითხში და წარმოადგინეთ ექპერტიზის დასკვნა, შეთავაზებული იქნა, რომ გამოეგზავნა წარმომადგენელი და ადგილზე გაცნობოდა საწარმოო პროცესს, მიღებული იქნა უარი და ამის შემდეგ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა. შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორადაა განმარტებული საექსპერტო დასკვნის ტექსტი, დასკვნაში წერია, რომ ნაკეთობიდან მეორადი ლითონის ფურცლოვანი სასაქონლო ნამზადის მიღებისას წარმოიშვება 20-30% ლითონური ნარჩენები, ხოლო მეორადი ფურცლოვანი ლითონისგან, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ნახაზით ნაწილების დამზადებისას წარმოიშვება ნარჩენი 12-15%-ის ოდენობით. ჯამურად ნარჩენი შეადგენს 30-40%.

ნარჩენების ჩაბარების აქტზე არ არის მითითებული შპს-ების დასახელება, არასწორია (მათ მიერ ჯართის ჩაბარებაზე მაგ. დოკუმენტებით გადახდილია 13 541 ლარი, რომელიც ჩართულია შემოსავალში) წარდგენილი შესყიდვის აქტებში მითითებულია შპს-ის წარმომადგენლის სახელი და გვარი (შპს N1-ის წარმომადგენელი "-------"), არსებობს ჟურნალი, სადაც აღრიცხულია შესყიდვის აქტები, რომლებსაც დამატებით წარმოგიდგენთ დანართის სახით.

საჯარო რეესტრის საიტზე 2023 წლის ოქტომბრის თვეში "-------"-ის მიერ მოხდა ი/მ "-------"-ის გაუქმება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. როგორ უნდა წარდგენილიყო რაიმე არგუმენტები, როდესაც მიუხედავად დიდი მცდელობისა დავაზე მომჩივანი არ დაასწრეს.

 

2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობის კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. ამასთან, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე "------"-ზე (პ/ნ "-------") გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4232 ბრძანების საფუძველზე 7.03.2023 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში (მდებარე "------"-ში) გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 225 ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა ოქმი. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა სალაროს ანგარიშებიდან ამონაწერები, რომელთა მიხედვით სალაროს ანგარიშზე 7.03.2023 წლის მდგომარეობით ფიქსირდებოდა 20 561 ლარი, ხოლო სალაროს ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით 225 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით (შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით) დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დანართი №9-ის თანახმად, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე "---------"-ზე (პ/ნ "-------") ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორია „სალაროში ნაღდი ფულის“ ნაშთის დაბეგვრა, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებით სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით კომპანიას შესყიდული აქვს საქონელი: - 2020 წელს 253 825 ლარის, თვეში 21 000 ლარი; - 2021 წელს 193 434 ლარის, თვეში 16 000 ლარი; - 2022 წელს 90 555 ლარის, თვეში 8 000 ლარი.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების ანალიზი, დოკუმენტები შედგენილი იყო საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაუცველად, არ ხდებოდა მყიდველი პირის იდენტიფიცირება, არ იყო მითითებული მყიდველი იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირი "------" შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს N1-ის გადამოწმების შედეგად "-------" არ წარმოადგენდა შპს N1-ის დაქირავებულ პირს. ასევე, ორ შესყიდვის აქტში არსად არ ფიქსირდებოდა მომჩივანის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

კომპანია შესყიდვის აქტებით ყოველთვიურად ყიდულობდა გარკვეული რაოდენობის საქონელს ნაღდი ფულის საშუალებით (თითოეული შესყიდვის აქტით შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენს 1 000 ლარიდან 18 000 ლარამდე).

5.03.2023 წელს ორმა საგადასახადოს თანამშრომელმა, რომლებიც იმყოფებოდა ობიექტზე "------"-ში, ბაზრის ტერიტორიაზე, „სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის“ დადგენის მიზნით იკითხეს თუ რამდენი ფული იყო ადგილზე. განუმარტა, რომ სახლში ჰქონდა 17 000 ლარი, რადგან აქ არ არის ფულის შენახვის პირობები, არის ბაზარი. საქონლის შესყიდვის დროს დღის ნებისმიერ პერიოდში ფული 10 წუთში შეუძლია მოიტანოს და ფაქტიურად ასე ხდება ხოლმე, მათ უთხრეს იმ მომენტში ჯიბეში რამდენი ჰქონდა და ჰქონდა 225 ლარი. ამ საუბარს ესწრებოდა 4-ზე მეტი ადამიანი.

არ არის გათვალისწინებული ცვლილებები მეთოდურ მითითებებში „ნაღდი ფულის შესახებ“. ასევე, შემმოწმებლის მიერ კომპანიის დირექტორისთვის არასწორად იყო მიწოდებული „სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის“ განმარტება, რამაც გამოიწვია აქტით 225 ლარის დაფიქსირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული სმფ-ების შეძენის, დამუშავების, წარმოების და რეალიზაციის სამეურნეო ოპერაციები. დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ფოლადის ფურცლოვანას) რაოდენობა და ღირებულება. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა. ასევე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგენილ ნაშთსა და სალაროს ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული სხვაობები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27456 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება პირველ სადავი საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.მომჩივანი აღნიშნავს,რომ არასწორია „სალაროში ნაღდი ფულის“ ნაშთის დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობა და ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასით იქნა რეალიზებული. შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლები დაბეგრილი იქნა დღგ-ით.

2.შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. ამასთან, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.ასევე, გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი ,აღნიშნული დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,159,161.