გადაწყვეტილება №25736/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25736/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25736/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25736/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2025 წლის №17176 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 168 984.33 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 105 939,34

ჯარიმა - 52 970

საურავი - 10 074,99

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. კომპანია მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ქალაქ -------.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 31 მარტის №6047 ბრძანება და ამავე თარიღის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და ახსნა/განმარტებები.

2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული). კომპანიის საბანკო ამონაწერების მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებით.

საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 31 მარტის №6047 ბრძანება და ამავე თარიღის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11171 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2025 წლის 20 ივნისის №96127/1/2025 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11171 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში (შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2025 წლის №17176 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 10 ივლისს 14:20 სთ-ზე, 17 ივლისს 11:00 სთ-ზე და 24 ივლისს 11:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა 10 და 17 ივლისს ჩანიშნულ სხდომებთან დაკავშირებით წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, ხოლო 24 ივლისის სხდომაზე ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება არ წარმოუდგენია. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გადამხდელის თხოვნა, ხარჯში გათვალისწინებულიყო 90 000 ლარი, რომელიც გადამხდელმა გადასცა ფიზიკურ პურს კომპანიისათვის მძიმე ტექნიკის შესაძენად.

გადამხდელმა მძიმე ტექნიკის შესაძენად 90 000 ლარი გადასცა ფიზიკურ პირს ტექნიკის შესაძენად, რომელიც დღემდე არ არის შეძენილი, აღნიშნული ფიზიკური პირის განცხადებით 90 000 ლარი სრულად დაუბრუნდება კომპანიას უახლოეს პერიოდში, რომელიც აისახება კომპანიის ანგარიშებზე.

ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და 90 000 ლარი, რომელიც გადამხდელმა გადასცა ფიზიკურ პირს ტექნიკის შესაძენად, არ ჩაეთვალოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი 9.06.2025 წელს წარმოდგენილ საჩივარში განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის (სამშენებლო ტექნიკის შესაძენად გადახდილი თანხის (90 000 ლარის) უკან დაბრუნების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება) შესწავლა არ მომხდარა, შესაბამისად, არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 2025 წლის 20 ივნისის №96127/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახური სადავო 31.07.2025 წლის №17176 ბრძანებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და ახსნა/განმარტებები.

განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული). კომპანიის საბანკო ამონაწერების მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებით.

საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;